იბერები (ესპანეთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იბერები.
დამა დე ელჩე, იბერთა ქალღმერთი ელხი

იბერები (ბერძნ. Ibēres, ლათ. Hiberi, Hiberes) — ესპანეთის უძველესი მოსახლეობა. თავდაპირველად ცხოვრობდნენ სამხრეთ და აღმოსავლეთ ესპანეთის ტერიტორიაზე. შემდეგ - (ძვ. წ. VII-III სს.) მთელ პირენეს ნახევარკუნძულზე. წარმოშობით ჩრდილოეთ აფრიკულ ტომებად მიიჩნევიან, ძველთაგანვე არსებობდა აზრი კავკასიის იბერებთა მათი ნათესაობის შესახებ (აპიანე ალექსანდრიელი, სტრაბონი), რაც ცნობილი იყო ქართველი მოღვაწეებისთვის ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში (გიორგი მთაწმიდელი).

ჰიპოთეზა იბერებისა და ქართველ ტომთა ნათესაობის შესახებ დღესაც გადაუჭრელია. იბერულ ტომთაგან დაწინაურებულნი იყვნენ: ტურდეტანები, ტურდულები, ბასტეტანები, კარპეტანები, ინდიგეტები, ედეტანები და სხვა. ტომები ერთიანდებოდნენ ქალაქური ტიპის გამაგრებულ სამოსახლოთა გარშემო (ნუმანცია, სეგოვია, ტარაგონია და სხვა. იბერიის კულტურის მნიშვნელოვან ცენტრს ტურდეტანების მხარე (ახლანდელი ანდალუსია და მურსია) წარმოადგენდა, სადაც ანტიკურ ავტორთა მიხედვით, ტარტესის სახელმწიფო არსებობდა (დაარსდა ძვ. წ. 1100 წელს). იბერების კულტებთან შერწყმის შედეგად ძვ. წ. VI-III საუკუნეებში ჩამოყალუბდა კელტიბერთა ტომი. იბერებმა განიცადეს ფინიკიელებისა და ბერძნების გავლენა. ჰქონდათ საკუთარი დამწერლობა. ძვ. წ. V-III საუკუნეებში იბერია კართაგენელებმა დაიპყრეს, ძვ. წ. III-II საუკუნეებში - რომაელებმა (ძვ. წ. XIX-XVIII მთელი ესპანეთი დაიპყრეს), ძვ. წ. II ს. - ახ. წ. I საუკუნეში მოხდა იბერების რომანიზაცია.

იბერების ხელოვნებამ ჩამოყალიბებული სახე მიიღო ძვ. წ. VIII საუკუნიდან; განსაკუთრებით განვითარდა იგი ძვ. წ. V-IV საუკუნეებში. ხუროთმოძღვრული ძეგლებიდან შემორჩენილია გორაკებზე აგებული ძველი ქალაქების კედლების, კოშკების, სამლოცველოებისა და სამაროვნების ნანგრევები. ძვ. წ. IV-III საუკუნეებში იყენებდნენ რეგულარულ წყობას. ქმნიდნენ ადამიანთა და ზოომორფულ ფიგურებს (ძირითადად ძვ. წ. V-IV სს. უმთავრესად კირქვა), მცირე ზომის ბრინჯაოს გოტიკურ ფიგურებს, განვითარებული იყო ლითონის მხატვრული დამუშავება, მოხატული კერამიკის დამზადება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]