იაკობ პეტერსი
იაკობ პეტერსი (ლატვ. Jēkabs Peterss, დ. 1886 — გ. 3 მარტი, 1938) — ლატვიელი რევოლუციონერი, ჩეკა-ს მაღალჩინოსანი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1904 წლიდან ლატვიის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. 1905–1907 წლების რევოლუციის აქტიური მონაწილე. 1909 წლიდან მიდის ემიგრაციაში ჯერ ჰამბურგში, შემდეგ ლონდონში. 1910 წელს პოლიციელის მკვლელობის ბრალდებით დააპატიმრა ლონდონის პოლიციამ, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს. 1911 წელს მონაწილეობდა ლატვიელ ანარქისტ-ტერორისტთა და პოლიციელთა შორის მომხდარ სროლებში, რომლის ჩაქრობაც მხოლოდ დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, უინსტონ ჩერჩილის, უშუალო ჩართულობით მოხერხდა. ტერორისტთა ჯგუფი განადგურდა, პეტერსი გაასამართლეს, თუმცა კვლავ მალევე გაათავისუფლეს. პირველი მსოფლიო ომის დროს იყო საზღვარგარეთული სოციალისტური ჯგუფების კომიტეტის წევრი, რომელსაც გიორგი ჩიჩერინი ხელმძღვანელობდა. თებერვლის რევოლუციის შემდეგ ჩამოდის რუსეთში და ეწევა აგიტაციას ჯარის ნაწილებში. იყო მე-12 წითელი არმიის სამხედრო რევოლუციური საბჭოს წევრი. 1917 წლის ოქტომბერში პეტროგრადის სამხედრო რევოლუციური საბჭოს წევრი და პარტიის ცაკ-ის წევრია. ამზადებდა სამხედრო ნაწილებს ოქტომბრის რევოლუციის ორგანიზებისთვის. ჩეკა-ს შექმნის შემდეგ იყო მისი თავმჯდომარის, ფელიქს ძერჟინსკის მოადგილე და ამ ორგანოს პარტორგანიზაციის პირველი მდივანი. 1920–1922 წლებში რკპ(ბ) თურქესტანის ბიუროს ცენტრალური კომიტეტის, წევრი, ჩეკა-ს სრულუფლებიანი წარმომადგენელი თურქესტანში და ტაშკენტის ჩეკა-ს უფროსი. თურქესტანში ხელმძღვანელობდა ოპერაციებს ენვერ-ფაშასა და ბასმაჩური მოძრაობის წინააღმდეგ. 1922 წლის თებერვლიდან ისევ მოსკოვშია, სადაც ჩეკა-ს აღმოსავლეთის განყოფილების უფროსად ინიშნება. 1929 წელს ათავისუფლებენ ჩეკა-ს კოლეგიის წევრობიდან. 1930–1934 წლებში მოსკოვის სახელმწიფო კონტროლის კომისიის თავმჯდომარეა. 1937 წლის 27 ნოემბერს აპატიმრებენ. დახვრიტეს 1938 წლის 3 მარტს.