თეოდორე აჭარელი
თეოდორე აჭარელი | |
---|---|
მღვდელმოწამე თეოდორე აჭარელი (XVIII-XIX) — საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე ახალი სტილით 1 მარტი (17 თებერვალი).
წმინდა თეოდორე აჭარელი ეკუთვნის საქართველოს უძველესი კუთხის აჭარის მკვიდრთა იმ მრავალათასიან წმინდა მოწამეთა დასს, რომელნიც ქრისტიანობისთვის ეწამნენ ოსმალთაგან.
წმინდა თეოდორე დაიბადა XVIII სს 70-80-იან წლებში. ეს ის პერიოდია, როდესაც ოსმალებმა უკვე თითქმის დაასრულეს საქართველოს ამ კუთხის ძალად გამუსულმანების პროცესი, თითქმის მთლიანად ამოხოცეს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელთაც უარი თქვეს მაჰმადიანობის მიღებაზე და დაიწყეს იმ ოჯახების გადასახლება, რომლებიც მიუხედავად მუსლიმური სარწმუნოების გარეგნული აღიარებისა, მაინც საეჭვოდ ითვლებოდნენ დამპყრობლების თვალში. ზოგმა თვითონ დატოვა მშობლიური კუთხე და სულის გადარჩენის მიზნით უცხოობაში არჩია ცხოვრება. ერთ-ერთ ასეთ ოჯახში დაიბადა წმინდა თეოდორეც, ის თვალნათლივ ხედავდა ძალად გამუსლიმებული ქართველი მოსახლეობის ისლამის ტრადიციების იძულებით მორჩილებასა და მათ ფარულ ქრისტიანულ ცხოვრებას.
წმინდანის ცხოვრებიდან არ ჩანს, თუ რა მიზეზით აღმოჩნდა მათი ოჯახი ტრაპეზენტში, ან მათმა რამდენმა თაობამ იცხოვრა სამშობლოს გარეთ, ცნობილია, რომ წმინდა თეოდორემ უარი თქვა მუსულმანობაზე. მან მიიღო ქრისტიანული სარწმუნოება და რადგანაც ეს ძალიან საშიში იყო, წმინდა თეოდორემ თავი შეაფარა ქალაქ სმირნაში (იზმირი) არსებულ ერთ-ერთ მონასტერს, იქვე აღიკვეცა მონაზვნად და მისი ძმის შვილიც მოაქცია ქრისტიანობაზე. მალე წმინდა თეოდორე ამ მონასტრის პროიღუმენიც გამხდარა.
1822 წელს წმინდა თეოდორემ ათონზე ქართველთა მონასტერში წასვლა გადაწყვიტა. როგორც ცნობილია ამ დროისათვის ოსმალეთი ცდილობდა სისხლში ჩაეხშო ბერძენთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი გამოსვლები. ოსმალთა ჯარებით იყო გარშემორტყმული ათონის წმინდა მთაც. სწორედ მათ შეუპყრიათ ათონს მიმავალი ბერი და მრავალფერი ტანჯვისა და წამების შემდეგ მოუკლავთ, მოწამის გვამი უსჯულოებს ზღვაში გადაუგდიათ.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დეკანოზი ზაქარია (მაჩიტაძე), მანანა ბუკია, მაკა ბულია. „ქართველ წმიდანთა ცხოვრება“, თბილისი, 2004 წ.