შინაარსზე გადასვლა

თენგიზ ნოზაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თენგიზ ანდრიას ძე ნოზაძე (დ. 14 ივლისი, 1927, თბილისი) — ქართველი რეჟისორი-კინოდოკუმენტალისტი, ქართული პროფესიული ჯაზის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1945), საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1985).

თ. ნოზაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1953). ერთხანს იქვე მუშაობდა. 1958 წლიდან მოღვაწეობდა საქართველოს ტელესტუდიაში. პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღო 1959 წელს. 1960-იანი წლების დამდეგიდან მოღვაწეობს საქართველოს სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდიაში "მემატიანე" (იყო ერთ-ერთი შემოქმედებითი გაერთიანების სამხატვრო ხელმძღვანელი). გადაღებული აქვს არა ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტური ფილმი (მათ შორის "გულშემატკივრები", "მიხეილ ხერგიანი", "ქართული ტიხრული მინანქარი", "რუსთაველი და მისი ეპოქა", "რუსთაველი 800", "გზა ოლიმპოსაკენ", "თასი - 76" და სხვ.).

1945 წელს თსუ-ში ჩამოყალიბდა საქართველოში პირველი ჯაზორკესტრი, რომლის ორგანიზატორები იყვნენ ორკესტრის პირველი ხელმძღვანელი იოსებ ტუღუში და იმხანად იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი თ. ნოზაძე (იგი ორკესტრში I ალტ-საქსოფონზე უკრავდა). რამდენიმე წლის შემდეგ ნოზაძე თავის ჯაზორკესტრში (პოლიტექნიკური ინსტიტუტის ცნობილი ორკესტრი) მიიწვია ჯანო ბაგრატიონმა. აქ იგი უკრავდა 1956 წლამდე.

თ. ნოზაძემ აღზარდა არა ერთი ქართველი კინოდოკუმენტალისტი. დაჯილდოებულია საქართველოს "ღირსების ორდენით" (1997). მისი მეუღლე — ლატავრა ღვალაძე არის მეცნიერი-აღმოსავლეთმცოდნე, ხოლო ქალიშვილი მანანა ნოზაძე, რომელიც გარდაიცვალა 1997 წელს, იყო პირველი ქართველი ეგვიპტოლოგი.

  • თ. გომართელი. ბილიკები ხელოვნების მწვერვალებისკენ, თბილისი, 1981, გვ. 288-290.