თელავის ჭიშკარი (გ. ცაბაძის ქუჩა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თელავის ჭიშკარი — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს თელავის ცენტრალურ ნაწილში, გიორგი ცაბაძის ქუჩაზე (№ 19). სავარაუდოდ თარიღდება XVII საუკუნით.

ჭიშკარი აგურის ნაგებობაა, ფართო, ნახევარწრიულთაღოვანი გასასვლელით შუაში. დეკორატიულად მხოლოდ ქუჩისკენ მიმართული მხარე აქვს დამუშავებული. დამუშავების ძირითადი ელემენტებია შეღრმავებული სიბრტყეები. ცენტრში ფართო, საფეხურით შეღრმავებული, სწორკუთხა არეა, რომელშიც გასასვლელია ჩასმული. არე ზემოდან დასრულებულია წყობიდან შვერილი აგურებით გამოყვანილი, ვიწრო ფრიზით, გვერდებზე კი, თაღის წვეროზე ოდნავ დაბლა, მარტივი პროფილის იმპოსტები აქვს მოწყობილი. თითო, ანალოგიური პროფილის იმპოსტი იგივე დონეზე, ჭიშკრის კიდეებშიცაა. გასასვლელში ჩასმულია ხის ორფრთიანი ახალი კარი. თაღის ორივე მხარეს, კედლის სიბრტყეში, ორი საფეხურით შეღრმავებული, ნალისებრთაღოვანი, თითო ბრტყელი ნიშაა, რომელთა ქვედა ნაწილში, ვიწრო, ჰორიზონტალური ზოლით, დაბალი, სწორკუთხა არეა გამოყოფილი. ნიშნების ზემოთ, კედლის სიბრტყიდან შვერილი, ოთხ-ოთხი რომბია.

ჭიშკარი დაგვირგვინებულია მაღალი ფრიზით, რომელიც შედგება ერთმანეთისგან თანაბარი მანძილებით დაშორებული, ოთხკუთხა ელემენტების ერთიანი მწკრივისგან. მათ ზემოთ კი დაბალი, ლავგარდის ვიწრო ზოლია. ნაგებობა გადახურულია ღარისებრი კრამიტის ცალფერდა სახურავით, რომელიც ეზოს მხარესაა დახრილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 13