თელავის საცხოვრებელი სახლი (ერეკლე II-ის მოედანი 1)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თელავის საცხოვრებელი სახლიარქიტექტურული ძეგლი თელავში. დგას ერეკლე II-ის მოედანზე (№ 1). აგებულია XIX საუკუნის დასაწყისში.

სახლი ორსართულიანია. ნაგებია აგურით. შელესილია თეთრად. შენობის გეგმას ქმნის თანაბარი ზომის ორი ნაწილი, რომლებიც ერთმანეთს სწორი კუთხით ერთვის. გარედან კუთხე ჩამოჭრილია და მოწყობილია მცირე შვერილი, რომელიც შემაღლებული, თუნუქით შემოსილი, ოთხკალთა სახურავითაა გადახურული. ამავე კუთხეშია განთავსებული სადარბაზოს თაღოვანი, ხის კარი. იგი თაღოვანი თავსართითაა აქცენტირებული. შენობა გარეთკენ ორი ფასადით გამოდის. ორივეს ფასადი სწორკუთხა კარ-სარკმლებითაა დანაწევრებული. მათი თავსართები ოდნავ მორკალულია. ორივე ფასადზე თითო შეკიდული, ლითონის, ჭედურმოაჯირიანი აივანია. სახლის უკანა, ეზოსპირა კედელი რიყის ქვისა და აგურის შერეული წყობით არის ნაშენი. ნაგებობას მაღალი, აგურის სარდაფი აქვს. სახურავი თუნუქით არის დახურული. შენობა არქიტექტურით კლასიცისტურია. კუთხის ნაწილში რომანტიზმის ელემენტებით. ამ შენობაში მრავალი წელი ფუნქციონირებს ქალაქის ცენტრალური აფთიაქი. 2011-2012 წლებში შენობას ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]