შინაარსზე გადასვლა

თევდორე კველთელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თევდორე.

თევდორე კველთელი, წმიდა მოწამე თევდორე მღვდელი (გ. 1609) — სოფელ კველთის მღვდელი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი.

1609 წელს ქართლში ლაშქრობის დროს ოსმალთა და ყირიმელ თათართა ჯარმა გადაწვა მანგლისი და კველთა. კველთელი მღვდელი თევდორე მტრის ჯარისკაცებმა შეიპყრეს და მეფის ბანაკისკენ მეგზურობა უბრძანეს. თევდორემ ოსმალები სხვა, ქვენადრისის მიმართულებით გაიტყუა და დააშორა ცხირეთის ციხეს, სადაც ქართლის მეფე ლუარსაბ II იმყოფებოდა. როდესაც ოსმალები მღვდლის საქციელს მიხვდნენ, თავი მოჰკვეთეს.

თევდორეს გმირობა გადმოცემულია იოსებ თბილელის პოემა „დიდმოურავიანში“, ბერი ეგნატაშვილის რედაქტორობით შედგენილ „ახალ ქართლის ცხოვრებასა“ და ვახუშტი ბატონიშვილის თხზულებაში (ვახუშტი კველთელ მღვდელს სახელის გარეშე იხსენიებს). პლატონ იოსელიანის ცნობით, თევდორე დაკრძალული ყოფილა ერთაწმინდის ტაძარში.[1] თევდორე მღვდელი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდანად. მისი ხსენების დღეა 8 (21) ივნისი.

  • ზალდასტანიშვილი მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014.  გვ. 643.
  • ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება, წგ.: ქართლის ცხოვრება, ტ. 2, თბ., 1959. — გვ. 386.