თარგი:ახალი რჩეული 2

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კონცეპტუალური დიზაინი I მოქმედებისთვის. შექმნილია ნ. რერიხის მიერ ს. დიაგილევის 1913 წლის დადგმისთვის.
კონცეპტუალური დიზაინი I მოქმედებისთვის. შექმნილია ნ. რერიხის მიერ ს. დიაგილევის 1913 წლის დადგმისთვის.

კურთხეული გაზაფხული (რუს. Весна священная; ფრანგ. Le Sacre du printemps; ინგლ. The Rite of Spring „გაზაფხულის რიტუალი“) — იგორ სტრავინსკის ბალეტი და საორკესტრო საკონცერტო ნაწარმოები. დაიწერა სერგეი დიაგილევის საბალეტო კომპანიის „რუსული ბალეტის“ (ფრანგ. Ballets Russes) 1913 წლის პარიზული სეზონისთვის. თავდაპირველი ქორეოგრაფიის ავტორი იყო ვასლავ ნიჟინსკი, ხოლო სცენის დიზაინი და კოსტიუმები ნიკოლაი რერიხს ეკუთვნოდა. მისი პრემიერა 1913 წლის 29 მაისს, ელისეს მინდვრების თეატრში (Théâtre des Champs-Élysées) შედგა. მუსიკისა და ქორეოგრაფიის ავანგარდულმა ხასიათმა სენსაცია გამოიწვია. ბევრმა პირველი საღამოს რეაქციას „ამბოხი“ ან „თითქმის ამბოხი“ უწოდა, თუმცა, მხოლოდ 1924 წლის დადგმის განხილვებში, პრემიერიდან ათზე მეტი წლის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ჩაფიქრებული იყო სასცენო ნაწარმოებად, რომელშიც კონკრეტული პასაჟები პერსონაჟების და სიუჟეტის თანხლებას წარმოადგენს, მუსიკამ არანაკლები, თუ უფრო მეტი არა, აღიარება მოიპოვა, როგორც საკონცერტო პიესამ და ფართოდ განიხილება, როგორც XX საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მუსიკალური ნაწარმოები. როცა დიაგილევმა „რუსული ბალეტისთვის“ ნაწარმოებები შეუკვეთა, სტრავინსკი ახალგაზრდა, თითქმის უცნობი კომპოზიტორი იყო. „კურთხეული გაზაფხული“ მათი ერთობლივი პროექტებიდან მესამე იყო, წარმატებული „ფასკუნჯის“ (1910) და „პეტრუშკას“ (1911) შემდეგ. კონცეფცია, რომელიც „კურთხეულ გაზაფხულს“ უდევს საფუძვლად, სტრავინსკის იდეის მიხედვით რერიხმა განავითარა და იგი ასახულია ქვესათაურში „სურათები წარმართული რუსეთიდან ორ ნაწილად“. სცენარი აღწერს სხვადასხვა წარმართულ რიტუალს, რომელიც გაზაფხულის დადგომის აღნიშვნას უკავშირდება, რის შემდეგაც ახალგაზრდა გოგონას მსხვერპლად შესაწირად ირჩევენ და იგი ცეკვით იკლავს თავს. არაერთგვაროვანი კრიტიკული გამოხმაურების შემდეგ, რომელიც მის თავდაპირველ შესრულებას და მოკლე ლონდონურ ტურნეს მოჰყვა, ბალეტი 1920 წლამდე აღარ შესრულებულა. ამ წელს ნიჟინსკის ქორეოგრაფია ლეონიდ მასინის ვერსიამ ჩაანაცვლა, რომელიც მხოლოდ რვაჯერ დაიდგა.