თამარ კვესიტაძე
თამარ კვესიტაძე | |
---|---|
პირადი ინფორმაცია | |
დაბ. თარიღი | 1968 |
დაბ. ადგილი | თბილისი |
ნამუშევრები და მიღწევები | |
საქმიანობა | მოქანდაკე |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | საქართველო |
მნიშვნელოვანი პროექტები | Statue of Ali and Nino |
თამარ კვესიტაძე (დ. 1968, თბილისი) — ქართველი არქიტექტორი, ხელოვანი.
დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი. თამარმა თოჯინების კეთება დაიწყო. შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდა, სადაც მისი ნამუშევრებით დილერები და გალერეები დაინტერესდნენ. მან ზუსტად დაინახა საკოლექციო, უნიკალური თოჯინების ბიზნესი თავისი იერარქიებით და დახვეწილ დასავლურ ტექნოლოგიებს მაღალმხატვრული ინდივიდუალური შემოქმედებითი ხერხები დაუპირისპირა. ექვსი წლის განმავლობაში ის ქმნიდა, ფენდა და ყიდდა თოჯინებს. შემდეგ გამოეთხოვა ამ სენტიმენტალურ-ფანტასტიკურ ჟანრს და უფრო ღრმა, თანამედროვე სკულპტურულ ფორმებზე და მათ დინამიკაზე, პლასტიკაზე დაიწყო ფიქრი. სწორედ ამ დროს გაიცნო პაატა სანაია, რომელიც მისი თანაავტორი გახდა. 2000 წელს პაატა სანაიასთან ერთად Tamara Studio დააარსა.
თამარ კვესიტაძე სხვადასხვა დროს ცხოვრობდა და მუშაობდა იტალიასა და აშშ-ში. მხატვრის გამოფენები გაიმართა აშშ-სა და ევროპის მრავალ ქვეყანაში. 2007 წელს კი იგი საქართველოს სახელით წარსდგა ვენეციის 52-ე ბიენალეზე, სადაც გამოფინა თავისი დახვეწილი, გამართული მექანიზმებით მოძრავი სკულპტურები. სწორედ ამ დროს დაიწყო თამარ კვესიტაძის სიმბოლურმა „ქალმა და მამაკაცმა“ ცხოვრებისეული ციკლი – მისი მცირე ზომის ვერსია იტალიაში გაიყიდა, ამას მოჰყვა გამოფენა ლონდონში და დღეს უკვე „ალი და ნინოდ“ მონათლული 9-მეტრიანი ქანდაკება ღია ცის ქვეშ, ბათუმის ზღვის სანაპიროზე, ბულვარში დგას.
თამარ კვესიტაძე პირველი თანამედროვე ქართველი მხატვარია, რომლის ნამუშევრები Google-მა თავის პლატფორმაზე ჩატვირთა. Google Arts & Culture — ესაა 70 ქვეყნის 1200 მუზეუმის, გალერეისა და სხვა ორგანიზაციების ექსპონატების ონლაინ-დათვალიერების საშუალება.