თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაცია
EFTA logo.svg

EFTA AELE countries.svg

დაარსების თარიღი

1960

ტიპი

სამთავრობათაშორისო

შტაბ-ბინა

ჟენევა, შვეიცარია

წევრები

ისლანდიის დროშა ისლანდია
ლიხტენშტაინის დროშა ლიხტენშტაინი
ნორვეგიის დროშა ნორვეგია
შვეიცარიის დროშა შვეიცარია

ოფიციალური ენები

ინგლისური

გენერალური მდივანი

კრისტინ არნასონი

საიტი

http://www.efta.int

თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაცია (ფრანგ. Association européenne de libre-échange; გერმ. Europäische Freihandelsassoziation; ისლ. Fríverslunarsamtök Evrópu; იტალ. Associazione europea di libero scambio; რეტორმ. Associaziun europeica da commerzi liber; ნორვ. Det europeiske frihandelsforbund) — საერთაშორისო სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია, რომლის ძირითადი მიზანია წევრ ქვეყანათა შორის სავაჭრო ურთიერთობებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა.

ასოციაციის წევრ ქვეყნებს შორის საბაჟო გადასახადები გაუქმებულია, მაგრამ საგარეო სავაჭრო ტარიფები მესამე ქვეყნებთან შენარჩუნებულია. თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაცია დაფუძნდა 1960 წელს შვიდი ქვეყნის მიერ. ეს ქვეყნებია: ავსტრია, დანია, ნორვეგია, პორტუგალია, შვედეთი, შვეიცარია და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო. 1961 წელს თავისუფალი ვაჭრობის ევროპულ ასოციაციას პირველი შეუერთდა ფინეთი, მომდევნო წლებში კი – ისლანდია (1970 წ.) და ლიხტენშტაინი (1991 წ.). ასოციაცია სხვადასხვა დროს დატოვეს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომ, დანიამ (1972 წ.), პორტუგალიამ (1985 წ.), ავსტრიამ, ფინეთმა, შვედეთმა (1995 წ.) და ევროკავშირში გაწევრიანდნენ. ამჟამად თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის წევრები არიან მაღალგანვითარებული ქვეყნები: ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია და შვეიცარია.

სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის ძირითადი მმართველობითი ორგანოებია: ასოციაციის საბჭო, სამდივნო და მუდმივი კომიტეტები. მთავარი სამდივნო მდებარეობს ქ. ჟენევაში (შვეიცარია), ბიურო – ბრიუსელში, ხოლო სტატისტიკური ოფისი – ლუქსემბურგში. მისი უმაღლესი ორგანოა საბჭო, რომელიც ხელმძღვანელობს წევრი ქვეყნების ურთიერთობებსა და ქვეყანათა კანონმდებლობის შესაბამისობას ასოციაციის მიერ მიღებულ შეთანხმებებთან. საბჭო არის ასევე პასუხისმგებელი ასოციაციის ადმინისტრაციულ და საბიუჯეტო საკითხებზე, ხელს უწყობს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას მესამე სახელმწიფოებთან, ასევე განსაზღვრავს ურთიერთობებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან. საბჭო ჩვეულებრივ იკრიბება წელიწადში ორჯერ ძირითადად საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. მის სტრუქტურაში შედის: საპარლამენტო, საკონსულტაციო, ეკონომიკური, მესამე ქვეყნებთან ურთიერთობის, აუდიტორთა, საბიუჯეტო და სხვა კომიტეტები. თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის ყოველდღიურ საქმიანობას ახორციელებს სამდივნო, რომელსაც ხელმძღვანელობს გენერალური მდივანი (ჰყავს ორი მოადგილე და ერთი თანაშემწე). აქვს საკუთარი ბიუჯეტი, რომელსაც იხდიან წევრი ქვეყნები მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის პროპორციულად.

თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო თანამეგობრობის წევრ ქვეყნებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ცდილობს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების უფრო მეტად გაღრმავებასა და გამარტივებას. მას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებები გაფორმებული აქვს მსოფლიოს 24 ქვეყანასთან (2013 წ.). ამ საკითხის თაობაზე მოლაპარაკებები სხვა ქვეყნებთანაც მიმდინარეობს.

საქართველო და ასოციაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოსა და თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციას შორის დეკლარაციას თანამშრომლობის შესახებ ხელი მოეწერა 2012 წ. 28 ივნისს შვეიცარიის ქ. გშტაადში. დეკლარაცია ითვალისწინებს თანამშრომლობის გაღრმავებას მხარეებს შორის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების განვითარების მიმართულებით, მ. შ. საქართველოსა და თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმების კუთხით. დეკლარაცია ასევე გულისხმობს ერთობლივი კომიტეტის ჩამოყალიბებას, რიც იმუშავებს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ განვითარებასა და დეკლარაციის მიზნების მიღწევაზე. საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციასთან თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას ხელს უწყობს დიპლომატიური ურთიერთობები, რომლებიც დამყარებული აქვს ჩვენს ქვეყანას ამ ასოციაციის წევრ ქვეყნებთან (შვეიცარიასთან დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992 წ. 10 ივნისს, ისლანდიასთან1992 წ. 21 სექტემბერს, ნორვეგიის სამეფოსთან1992 წ. 5 ივნისს, ხოლო ლიხტენშტაინთან1992 წ. 10 ივნისს). თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის წევრი ქვეყნები აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას. შესაბამისად, მხარეებს შორის ურთიერთობები ინტენსიურად ვითარდება სხვადასხვა მიმართულებით. მიმდინარეობს თანამშრომლობის გაღრმავება სავაჭრო-ეკონომიკურ, ტექნიკურ, ფინანსურ და სხვა სფეროებში. საქართველოში ნორვეგიის კანონის უზენაესობის მისიის (NORLAG) მეშვეობით ნორვეგიის მთავრობა შესაბამის ქართულ უწყებებთან თანამშრომლობით მონაწილეობს სამართლისა და სასჯელაღსრულების სფეროს რეფორმის შემდგომ სრულყოფაში. ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო (NRC) საქართველოში აქტიურად მუშაობს დროებით ადგილნაცვალ პირთა დასახმარებლად. მხარეები ასევე აქტიურად თანამშრომლობენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ფუტკარაძე რ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, გვ. 436, თბ., 2014 წელი.
  • ფუტკარაძე რ., საქართველო-ევროკავშირის სავაჭროეკონომიკური ურთიერთობები: პრობლემები და პერსპექტივები, თბ., 2010
  • ქარუმიძე ვ., საერთაშორისო ორგანიზაციები, თბ., 2003

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]