შინაარსზე გადასვლა

ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმი
დაარსდა 1959
დამაარსებლები საქართველოს მინისტრთა საბჭო
მდებარეობა თბილისი, დ. ბაქრაძის 10
სტატუსი ააიპ
ექსპონატი 4368
კლასიფიკაცია მემორიალური

ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმი — თბილისში, დ.ბაქრაძის ქ. №10-ში მდებარე ფალიაშვილების სახლი[1], სადაც 1915-1933 წწ. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ქართველი კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საოპერო ჟანრის ერთ-ერთი ფუძემდებელი ზაქარია ფალიაშვილი.

ფალიაშვილების ოჯახს სახლის მეორე სართულზე დაახლოებით 10 ოთახი ეკუთვნოდა. იქ ზაქარიას ოჯახის გარდა მისი ძმები თავიანთი ოჯახებით და მეუღლის ნათესავებიც ცხოვრობდნენ. ამ სახლსა და იქ ცხოვრების პერიოდს უკავშირდება კომპოზიტორის ინტენსიური შემოქმედებითი ცხოვრება — ქართული კლასიკური მუსიკის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებების (ოპერების „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“ და „ლატავრა“, რომანსების და სხვ.) შექმნა. ასევე ოჯახის უდიდესი ტრაგედია — ვაჟიშვილის დაღუპვა.

მეზუემის ისტორია დაიწყო 1959 წლის 10 ივლისს, როცა საქართველოს მინისტრთა საბჭოს დადგენილების თანახმად, გადაწყდა ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის შექმნა. ეს მაშინდელი კულტურის მინისტრის თანაშემწის, ვაჟა ჩინჩალაძის უშუალო ინიციატივით და ძალისხმევით მოხდა. ნიშანდობლივია, რომ ის მუზეუმის პირველი დირექტორი გახდა. შენობაში კომპოზიტორის ძმიშვილი და სხვა ნათესავები ცხოვრობდნენ, რომლებმაც კეთილი ნების საფუძველზე ბინა მუზეუმს გადასცეს. ოფიციალურად მუზეუმი 1962 წლის 6 ოქტომბერს, (სიმბოლურად, კომპოზიტორის გარდაცვალების დღეს) საზეიმოდ გაიხსნა.

მუზეუმის შენობას აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.[1] მუდმივ ექსპოზიციას უჭირავს 178 მ2 შენობის საერთო 460მ2-იდან.

მუზეუმში ფალიაშვილის პირადი და საოჯახო ნივთების გარდა, ინახება ფოტომასალა, სურათები, კომპოზიტორის მიერ შექმნილი ოპერების პარტიტურების ორიგინალები, პირველი დადგმების აფიშები, ხალხური ინსტრუმენტების უნიკალური კოლექცია. აქვეა ელგუჯა ბერძენიშვილის ფერწერული ტილო „ლეგენდა სიყვარულზე — აბესალომის სიკვდილი“. მუზეუმის უმნიშვნელოვანესი ექსპონატია ფონოგრაფი, რომლითაც კომპოზიტორი საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში ჩადიოდა და იქაური სახალხო მომღერლების შესრულებულ სიმღერებს იწერდა. წლების განმავლობაში 300-მდე ხალხური სიმღერა ჩაწერა, რითაც დიდი წვლილი შეიტანა ქართული ფოლკლორის შეგროვება-შესწავლაში.

მუზეუმის ორი ოთახი მემორიალურია. სამუშაო ოთახი თითქმის ხელუხლებლად არის შენარჩუნებული. იქ დგას სამუშაო მაგიდა, როიალი, თარო, წიგნებისა და ტანსაცმლის კარადა, სადაც ზაქარიას სამოსი, ჩიბუხი და პირადი ნივთებია გამოფენილი. იქვეა დედისეული სარკე, რომელში ჩახედვის დროს, ლეგენდის თანახმად, კომპოზიტორი დედის სახეს ხედავდა.

დღესდღეობით მუზეუმში 4000-ზე მეტი ძირითადი და დამხმარე ექსპონატი ინახება. მათ შორის არის ფალიაშვილების ქუთაისის სახლის მაკეტი, მისი კუთვნილი ფრაკი, რომელიც დირიჟორობის დროს ეცვა. ხშირად იმართება შემოქმედებითი საღამოები, პერიოდული შემეცნებითი გამოფენები, აღინიშნება საიუბილეო თარიღები და იკრიბებიან ფალიაშვილის შემოქმედების თაყვანისმცემლები.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]