შინაარსზე გადასვლა

დაისი (ოპერა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დაისიზაქარია ფალიაშვილის ოპერა სამ მოქმედებად. ლიბრეტოს ავტორი - ვალერიან გუნია. პრემიერა გაიმართა თბილისში, 1923 წლის 23 დეკემბერს. განაახლეს ზურაბ და ჯემალ ანჯაფარიძეებმა, 1977 წელს.

„დაისის“ შექმნის იდეა ზაქარია ფალიაშვილის ცნობილმა ქართველმა დრამატურგმა და მსახიობმა ვალერიან გუნიამ მიაწოდა, რომელმაც შემდეგ ოპერის სიუჟეტი და ლიბრეტოც შექმნა. გუნიამ გამოიყენა შოთა რუსთაველის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას და ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები. ოპერაზე მუშაობა კომპოზიტორმა 1921 წელს დაიწყო. „დაისის“ მთავარ გმირს სახელი მოწყალების დის, ბოლშევიკიური რუსეთის მიერ 1921 წლის თებერვალში საქართველოს ანექსიის დროს წარმოებულ თავდაცვით ბრძოლაში გმირულად დაღუპული მარო მაყაშვილის პატივსაცემად ჰქვია[1]. ოპერის პრემიერა გაიმართა 1923 წლის 19 დეკემბერს თბილისში. „დაისის“ წარმატებულ პრემიერას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ლეგენდარულმა მომღერალმა ვანო სარაჯიშვილმა, რომელიც მალხაზის როლს ასრულებდა. საზოგადოების აღტაცების მიუხედავად კომპოზიტორმა ცვლილებები შეიტანა ოპერაში - დაამატა მალხაზის არია პირველ მოქმედებაში და ცალკეული ნომრები მეორე მოქმედებაში. ზაქარია ფალიაშვილის უკვდავმა ოპერამ „დაისმა“ პირველივე წარმოდგენიდან დაიმკვიდრა მუდმივი ადგილი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის რეპერტუარში.

  • მარო
  • ნანო
  • მალხაზი
  • კიაზო
  • ცანგალა
  • ტიტო

სოფელი საეკლესიო დღესასწაულის - ხატობისთვის ემზადება, საღამო ხანია. ნანო მოუთმენლად ელის დღესასწაულის დაწყებას. მისი მეგობარი მარო კი მოწყენილია, რადგან დიდი ხანია არაფერი ისმის სატრფოსგან - მალხაზისგან, რომელიც შორეულ მხარეს გაემგზავრა. მაროს სულიერ განცდებს ისიც ამძიმებს, რომ იგი საკუთარი ნების წინააღმდეგ არის დანიშნული ასისთავ კიაზოზე. ნანო მაროს მალხაზის ჩამოსვლას ამცნობს, რომელიც შორიდან მოიმღერის. ამ შეხვედრის დროს მალხაზი მაროს დანიშვნის თავზარდამცემ ამბავს იგებს. ხატობის დღესასწაულზე ხალხი მხიარულობს. გლეხის ბიჭი ტიტო და მესტვირე ცანგალა ერთმანეთს შაირობაში ეჯიბრებიან, რომელშიც ტიტო იმარჯვებს. გაბრაზებული ცანგალა ჩხუბს წამოიწყებს. თანასოფლელები მათ აშველებენ. ნანოს წრეში მარო და მალხაზი შეჰყავს. ცანგალა ემუქრება ნანოს, რომ ამ ამბავს კიაზოს აცნობებს. ნანო თავიდან იცილებს აბეზარ მესტვირეს. ისმის ზარების რეკვა. ხალხი ეკლესიისაკენ მიემართება. მალხაზი მაროსთან განმარტოებას ლამობს, მაგრამ მარო ხელიდან უსხლტდება. მალხაზი დარდს მიეცემა.

დღესასწაული ეკლესიის ეზოში გრძელდება. ცანგალამ კიაზოს მაროსა და მალხაზის შეხვედრის ამბავი შეატყობინა. კიაზო შურისძიების გრძნობით ანთებული ღვინოს ეძალება. მარო აღელვებულია, რადგან მეტოქეების შეხვედრას ელის. ნანო შეყვარებულებს კიაზოს მოახლოებას ატყობინებს. მაროს და ნანოს თხოვნით მალხაზი მათ გაეცლება. მოულოდნელად განგაში იწყება. სამშობლოს მტერი შემოესია და კიაზო ხალხს ბრძოლისაკენ მოუწოდებს.

ცანგალასგან მაროსა და მალხაზის შეხვედრის ამბის გაგების შემდეგ, კიაზო მაროს პასუხს თხოვს. მარო აღარ მალავს თავის გრძნობებს მალხაზისადმი. მალხაზის გამოჩენა ვითარებას ამწვავებს. კიაზო შეყვარებულთა სასწრაფოდ განშორებას ითხოვს. იმართება ორთაბრძოლა. მოლაშქრეთა სიმღერის გაგონებაზე წუთიერად გონს მოეგებიან მეტოქეები... კიაზო მახვილით განგმირავს მალხაზს. მარო დასტირის სატრფოს. ხალხი კიაზოს კიცხავს და სამშობლოს დასაცავად მიემართება.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]