ზაინაბ ბინთ ალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზაინაბ ბინთ ალი
დაბადების თარიღი 626
მედინა
გარდაცვალების თარიღი 682 ან 684
დამასკო, ომაიანთა სახალიფო
რელიგია ისლამი
მეუღლე(ები) აბდულა იბნ ჯაფარი
შვილ(ებ)ი აუნ იბნ აბდულა, მუჰამედ იბნ აბდულა, ალი იბნ აბდულა და აბას იბნ აბდულა
მშობლები მამა: ალი იბნ აბუ ტალიბი
დედა: ფატიმა ზაჰრა

ზაინაბ ბინთ ალი ( არაბ. زَيْنَب بِنْت عَلِ დ. 626, მედინა — გ. 682 ან 684, დამასკო) — წინასწარმეტყველ მუჰამედის შვილიშვილი მისი ქალიშვილის ფატიმა ალ-ზაჰრას და მისი სიძის ალი იბნ აბუ ტალიბის ხაზით. მას განსაკუთრებულ პატივს სცემენ შიიტი მუსლიმები, ვინაიდან მუჰამედის ოჯახის წარმომადგენელია. ზაინაბმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მუსლიმთა საზოგადოების ინფორმირებაში ქარბალაში მომხდარი მოვლენებისა და წინასწარმეტყველ ჰუსეინ იბნ ალის შვილიშვილის წამების გარემოებების შესახებ.[1][2]

დაბადების გარემოებები და ოჯახური ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზაინაბ ბინთ ალი დაიბადა მედინაში ჰიჯრის კალენდრის მიხედვით, მე-6 წელს, მე-5 თვის 5 რიცხვში. ოჯახში მესამე შვილი იყო. ლეგენდის თანახმად, სახელი, რომელიც არაბულად ნიშნავს „მამის მშვენება, “ თავად წინასწარმეტყველმა მუჰამედმა დაარქვა. წინასწარმეტყველისა და ფატიმას გარდაცვალების შემდეგ, ალ-ზაჰრა ცხოვრობდა მამის —ალი იბნ აბუ ტალიბის სახლში. იგი აღიზარდა ძმებთან ჰასანთან და ჰუსეინთან ერთად.

ზაინაბი დაქორწინდა აბდულა იბნ ჯაფარზე ჰიჯრის 18 წელს. წყვილს შეეძინა ხუთი შვილი: ვაჟები მუჰამედი, ჯაფარი, აუნი და ალი და ქალიშვილი უმ კულთუმი. შემდგომში მისი ორი ვაჟი — მუჰამედი და აუნი გახდნენ იმამ ჰუსეინ იბნ ალის თანამოაზრეები. ისინი მოკლეს ქარბალის ბრძოლაში.

მიუხედავად იმისა, რომ აბდულა იბნ ჯაფარს ჰქონდა გარკვეული სიმდიდრე, წყვილი მოკრძალებულ ცხოვრებას ეწეოდა და დიდ თანხას ხარჯავდა ქველმოქმედებაში.[3]

ზაინაბი და აშურას მოვლენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც ცნობილია ისტორიული წყაროებიდან, ზაინაბი ძალიან იყო მიჯაჭვული საკუთარ ძმაზე — იმამ ჰუსეინზე. როდესაც ომაიანთა სახალიფოში იაზიდ იბნ მუავია მოვიდა ხელისუფლებაში, ჰუსეინმა უარი განაცხადა მისთვის ერთგულების ფიცის მიცემაზე დაადანაშაულა რა ისლამის პრინციპებიდან გადახვევაში. იგი გამოეხმაურა იეზიდის მმართველობით უკმაყოფილო ქალაქ ქუფას მცხოვრებთა მოწვევას და მედინა დატოვა. ამ ვითარებაში ზაინაბმა დაარწმუნა ქმარი, რომ ნებართა მიეცა ძმასთან ერთად გამგზავრებულიყო.

10 მუჰარამის წინა დღეს ჰიჯრის 61 წელს (680 წლის 10 ოქტომბერი), იმამ ჰუსეინი, სამოცდათცამეტ მომხრესთან ერთად მოექცა იაზიდის სამოცდაათასიანი არმიის ალყაში ქალაქ ქარბალასთან, რომელიც მდებარეობს თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე.

ჰადისების მიხედვით, ბრძოლის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, იმამ ჰუსეინმა ნება დართო ყველას, ვინც მზად არ იყო სიკვდილთან შესახვედრად, ღამე დაეტოვებინა ბანაკი. ასევე ცნობილია, რომ ალყაში მოქცეული იმამ ჰუსეინის თანამგზავრები მუჰარამის მე-9 და მე-10 დღეს ძლიერი წყურვილით იტანჯებოდნენ. ბრძოლის დღეს იმამ ჰუსეინის ძმამ, აბულ ფადლ აბასმა სცადა თანამებრძოლებისთვის წყლის მიტანა, მაგრამ მტრებმა მას ხელები მოკვეთეს. საბოლოოდ, ყველა თანამოაზრე და თავად იმამ ჰუსეინი ბრძოლაში დახოცეს. მათ თავები მოკვეთეს, ხოლო ცოლები და ოჯახის წევრები ტყვედ წაიყვანეს ჯერ ქუფაში, შემდეგ — დამასკოში.

ზაინაბი შეესწრო ქარბალის ბრძოლას. აჯანყების დამარცხების შემდეგ ის ასევე ტყვედ გადაიყვანეს თავის ძმისშვილთან, იმამ ჰუსეინის ვაჟთან, იმამ ალი ზეინ ალ-აბიდინთან ერთად, რომელიც ასევე ცნობილია როგორც იმამ ალ-საჯადი. ტყვეებს შორის იყვნენ ასევე ზაინაბის და უმ კულსუმი, ბანუ ჰაშიმის ტომის ქალები, იმამ ჰუსეინის სამი უმცროსი ვაჟი, მისი ქალიშვილები — საკინა (ფატიმა ალ-ქუბრა) და სუკაინა. ტყვეები უუნაგირო აქლემებზე მონებივით შემოსხეს; ქალებს ჰიჯაბები მოხადეს, რაც ისლამური ეთიკის თვალსაზრისით მუსლიმი ქალის მიმართ უდიდეს უპატივცემულობას ნიშნავს. ასევე, გადმოცემის მიხედვით, მცველებს ქარბალაში დაღუპული ჯარისკაცების მოკვეთილი თავები მიჰქონდათ.

თავდაპირველად პატიმრები ქუფაში გადაიყვანეს. უბრალო მოსახლეობას არ ჰქონდა ინფორმაცია წინასწარმეტყველ მუჰამედის შვილიშვილის მკვლელობის შესახებ, რადგან გავრცელებული ცრუ ვერსიის თანახმად, ხალხმა იცოდა, რომ ზოგიერთი აგრესიული ტომი მუსლიმებს ემუქრებოდა, მაგრამ ისინი დაამარცხეს. ამიტომ ტყვეებს მუსიკით და ზეიმით შეხვდნენ. თუმცა, მოგვიანებით, როდესაც ტყვეები ქუჩებში გაიყვანეს, ბევრმა ადამიანმა იცნო ზაინაბი და ერთ-ერთმა ქალმა მას და მის თანმხლებ პირებს თავსაბურავებიც კი მოუტანა. გააცნობიერა, რომ სიმართლე გამჟღავნდა, ზაინაბი საჯაროდ გამოვიდა და ქუფელები იმამ ჰუსეინის ღალატში დაადანაშაულა.

ქარბალაში დატყვევებულები ქუფას საკათედრო ტაძრის მეჩეთთან მდებარე პატარა სახლში განათავსეს, შემდეგ კი, იაზიდის ბრძანებით, ისინი წამებულთა თავებთან ერთად ქარბალას, ბაალბექის, მოსულის და ჰომსის გავლით გადაიყვანეს დამასკოში.[4]

ზაინაბის გამოსვლა იეზიდის სასახლეში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუსლიმური კალენდრის მე-3 თვის 16 რიცხვში ტყვეები ჩავიდნენ დამასკოში. ამ მოვლენის საპატივსაცემოდ, ხელისუფლებამ კვლავ მოაწყო დღესასწაული ქალაქის ქუჩებში. იმამ ჰუსეინის თავი ოქროს სინზე დადეს იაზიდის სასახლეში. ასეთ ვითარებაში ზაინაბმა წარმოთქვა თავისი ცნობილი სიტყვა, რომლის ტექსტი მოცემულია ისლამისა და მუსლიმური სამყაროს ისტორიის მრავალ ნაშრომში.

ზაინაბის სიტყვებმა იეზიდი ისე გააღიზიანა, რომ უნდოდა ქალის მოკვლის ბრძანება გაეცა, მაგრამ აბდულა იბნ უმარ იბნ ალ-ასმა გადააფიქრებინა და ზაინაბის გამოსვლა მის მწუხარებას და რთული მგზავრობისგან გამოწვეულ დაღლილობას მიაწერა.[5]

სიცოცხლის ბოლო წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამასკოში ზაინაბის სახლში ეწყობოდა იმამ ჰუსეინისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამოები, რამაც სათავე დაუდო შიიტების სამგლოვიარო ტრადიციას მუჰარამის პირველ დეკადაში და აშურას დღეს.

ცოტა ხნის შემდეგ იეზიდმა ზაინაბი გაგზავნა მედინაში. ზოგიერთი ისტორიული წყაროს მიხედვით, იგი შემდგომში დასახლდა კაიროში, რაც აღწერილია წიგნებში „მაშარიქ ალ-ანვარ“ და „ტაბაქათ აშარანი.“

მშობლიურ ქალაქში დაბრუნების შემდეგ ზაინაბმა კიდევ ოთხი წელი იცოცხლა. ჰიჯრის კალენდრის მიხედვით, იგი გარდაიცვალა 62 წლის მე-7 თვის 15 რიცხვში. ისტორიკოსები ვერ შეთანხმდნენ მისი საფლავის ადგილმდებარეობის შესახებ. ზოგი ამტკიცებს, რომ იგი გარდაიცვალა მედინაში, არსებობს ვერსია, რომ ეს მოხდა ეგვიპტეში, მაგრამ, სავარაუდოდ, ზაინაბის დაკრძალვის ადგილია მისი მავზოლეუმი დამასკოში .[6][7]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Szanto, E. (2012). "Sayyida Zaynab in the State of Exception: Shi'i Sainthood as 'Qualified Life' in Contemporary Syria". International Journal of Middle East Studies. 44 (2): 285–299.
  2. Qutbuddin, T. (2019). "Orations of Zaynab and Umm Kulthūm in the Aftermath of Ḥusayn's Martyrdom at Karbala: Speaking Truth to Power". In Korangy, A.; Rouhi, L. (eds.). The 'Other' Martyrs: Women and the Poetics of Sexuality, Sacrifice, and Death in World Literatures. Harrassowitz Verlag. pp. 103–132. ISBN 9783447112147.
  3. Haider, N. (2014). Shi'i Islam: An Introduction. Cambridge University Press. ISBN 9781107031432.
  4. Hawting, G.R. (2000). The First Dynasty of Islam: The Umayyad Caliphate AD 661–750 (Second ed.). Routledge. ISBN 0415240735.
  5. Khetia, V. (2013). Fatima as a Motif of Contention and Suffering in Islamic Sources (Thesis). Concordia University.
  6. Nematollahi Mahani, M.A. (2013). The Holy Drama: Persian Passion Play in Modern Iran. Leiden University Press. ISBN 9789400600348.
  7. Osman, R. (2015). Female Personalities in the Qur'an and Sunna: Examining the Major Sources of Imami Shi'i Islam. Routledge. ISBN 9781315770147.