ვიქტორ გუჩუა
ვიქტორ გესას ძე გუჩუა (დ. 12 ოქტომბერი, 1914, სოფ. ფახულანი, ახლანდ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, — გ. 31 აგვისტო, 1985, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1983), საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1982).
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი (1940). მონაწილეობდა II მსოფლიო ომში (1941-1945). 1945-1960 წლებში საშუალო სკოლიდ დირექტორად მუშაობდა წალენჯიხის და ზუგდიდის რაიონებში. 1960 წლიდან იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. ამავდროულად, 1969 წლიდან მუშაობდა „ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის“ საქართველოს ისტორიის რედაქციის მეცნიერ-კონსულტანტად, შემდეგ — გამგედ. იკვლევდა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურის ისტორიის, ისტორიოგრაფიისა და ქრონოლოგიის საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო სტატია, მონოგრაფია, სახელმძღვანელო. გუჩუა არის „საქართველოს ისტორიის ნარკვევების“ IV ტომის ერთ-ერთი ძირითადი ავტორი, აგრეთვე III ტომის რედაქტორი ზურაბ ანჩაბაძესთან ერთად (1982 წელს ავტორთა კოლექტივთან ერთად მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია). დაჯილდოებულია მედლით „საბრძოლო მამაცობისათვის“.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ისტორია. მე- 7–10 კლასების სახელმძღვანელო, თბ., 1961–85 (თანაავტ. შ. მესხია);
- გადავხედოთ წარსულს, თბ., 1967;
- საქართველოში სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან, თბ., 1967 (თანაავტ. ი. ანთელავა);
- საქართველოს XVI–XVIII სს. ეკონომიური ისტორიის შესწავლა ქართულ საბჭოურ ისტორიოგრაფიაში, კრ.: ქართული ისტორიოგრაფია, ტ . 1, თბ., 1968.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯამბურია გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.