ვერტიკალი (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ვერტიკალი“

ფილმის პოსტერი
დამდგმელი რეჟისორი სტანისლავ გოვორუხინი,
ბორის დუროვი
სცენარის ავტორი სერგეი ტარასოვი,
მიკოლა რაშეევი
როლებში ვლადიმერ ვისოცკი
ლარისა ლუჟინა
გენადი ვოროპაევი
კომპოზიტორი სოფია გუბაიდულინა
ვლადიმერ ვისოცკი
ოპერატორი ალბერტ ოსიპოვი
მხატვარი მიხეილ ზაიაცი
გამოსვლის თარიღი 1967
ხანგრძლივობა 73 წთ
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ენა რუსული

„ვერტიკალი“ (რუს. Вертикаль) — საბჭოთა მხატვრული ფილმი ალპინიზმის თემაზე, რომელიც რეჟისორების სტანისლავ გოვორუხინისა და ბორის დუროვის სადიპლომო ნამუშევარია. ფილმის პრემიერა შედგა 1967 წლის ივლისში.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთამსვლელთა ჯგუფი, ყოფილი ფრონტელი ჯარისკაცის, გამოცდილი ვიტალი ლომოვის ხელმძღვანელობით, სვანეთში მიემგზავრება ორ-ტაუს მწვერვალის დასალაშქრად.[1] გზად გაივლიან სოფელში, სადაც მოხუცი ბესარიონი — ლომოვის მეგობარი, მთაში დაღუპული მთამსვლელის - ილიკოს მამა ცხოვრობს.

ქვემო მთაზე ჩასვლისთანავე იქმნება საბაზო ბანაკი, სადაც რჩებიან რადისტი ვოლოდია და ექიმი ლარისა, ხოლო ოთხი მთამსვლელი მწვერვალზე მიდის. მეორე დღეს ვოლოდია იღებს შეტყობინებას ციკლონის მოახლოების შესახებ და ჯგუფს სიგნალს გადასცემს, გადაუხვიონ დაგეგმილი მარშრუტიდან. მთამსვლელი გენადი, რომელმაც მიიღო რადიოგრამა, არჩევანის წინაშე დგას — შეასრულოს ბრძანება და ჩავიდეს მთიდან, დატოვოს მწვერვალი დაუპყრობელი, ან გარისკოს და აიღოს მწვერვალი (ამით გენადი დაიმსახურებს ლარისას პატივისცემას, რომელიც აშკარად მოსწონს). ის გადაწყვეტს თანამგზავრებს მიღებული ინფორმაცია დაუმალოს. მთამსვლელები იპყრობენ მწვერვალს, მაგრამ ჩამოსვლისას მათ თოვლი და ჭექა-ქუხილი მოუსწრებს. ერთ-ერთი ალპინისტი დაშავდა ელვისგან, გენადის კი ხელები აქვს მოყინული.

რთული მოგზაურობა ელით მთამსვლელებს საბაზო ბანაკში დაბრუნებისას. ჯგუფი ორ წყვილად იყოფა — გენადი და ლომოვი ჩადიან დაბლა, რიტას და დაჭრილ ალექსანდრეს ტოვებენ თოვლის გამოქვაბულში, საკვების მცირე მარაგით. ბანაკისკენ მიმავალ გზაზე გენადის თოვლის სიბრმავე დაემართება. ის და ლომოვი შემთხვევით წააწყდებიან თოვლით დაფარულ კარავს. კარავში ახერხებენ ნავთქურის ანთებას და ცოტა გათბობას. ლომოვი აღმოაჩენს ჩანაწერს, საიდანაც ირკვევა, რომ მისი ავტორი ილიკოა, რომელმაც ასვლისას ფეხი მოიტეხა და სიცივისგან გარდაიცვალა. როდესაც ნავთქურა ჩაქრა, გენადიმ აღიარა თანამგზავრთან, რომ მან იცოდა ციკლონის მოახლოების შესახებ, მაგრამ დაუმალა ინფორმაცია ამხანაგებს. ლომოვი ამას უემოციოდ იღებს და მარტო ჩადის ქვემოთ. ის ახერხებს საბაზო ბანაკში მისვლას და დახმარების თხოვნას.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თითქმის ყველა მთავარი გმირის — მთამსვლელის სახელები (ვიტალი ლომოვის გარდა) შეესაბამება მათი როლების შემსრულებელ მსახიობთა სახელებს.

  • ვლადიმერ ვისოცკი — ვალოდია, რადისტი
  • ლარისა ლუჟინა — ლარისა, ექიმი
  • გენადი ვოროპაევი — გენადი, ალპინისტი
  • გიორგი კულბუში — ვიტალი ლომოვი
  • მარგარიტა კოშელევა — რიტა, ალპინისტი
  • ალექსანდრე ფადეევი — ალექსანდრე ნიკიტინი, ალპინისტი
  • ბუხუტი ზაქარიაძე — ბესარიონი, დაღუპული ალპინისტის - ილიკოს მამა
  • ლეონიდ ელისაევი — რადისტი, გერმანელი
  • ფილმის შექმნაში მონაწილეობა მიიღეს მთამსვლელებმა, სსრ კავშირის სპორტის ოსტატებმა: მ. ანუფრიკოვმა, ლ. ელისეევმა, დ. კახიანმა, შ. მარგიანმა, ლ. ნევედომსკაიამ, ე. პერსიანოვმა, გ. პროკოშინმა, ს. იაკიმოვმა, ე. ბაღდასაროვმა, დ. ჩერეშკინმა, მ. შურდუმოვმა და სხვებმა.
  • ლიდია დოდინკინა (ნევედომსკაია) დუბლირებას უწევდა ლარისა ლუჟინას.

სცენარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერგეი ტარასოვის მოგონებების მიხედვით, სცენარი ეფუძნებოდა მისი ძმის ვლადიმერ კოპალინის ისტორიას, რომელიც 1965 წელს ავიდა ლენინის პიკზე: „მე მქონდა ამბავი არა ხალხის მთებზე ცოცვის შესახებ, არამედ უცნობი ჯარისკაცის შესახებ, რომელმაც, ასე ვთქვათ, მთაში ურთულესი საქმე დაასრულა, რათა დაემტკიცებინა, რომ ის არ არის დამნაშავე წინა ასვლის დროს მომხდარ ტრაგედიაში“. გადაღებული მასალა ტარასოვს არ აღაფრთოვანებდა, მაგრამ ვისოცკისთან შეხვედრის შემდეგ სცენარისტმა გადაწყვიტა, რომ მისი ბალადების დამატებით ფილმში „არსიც და სიცხადეც“ გამოჩნდებოდა.

სცენარის სამუშაო სახელწოდება იყო „შეპყრობილნი“. ალექსანდრე კუზნეცოვის მოგონებების მიხედვით, მას ფილმის გადაღების დროს უნდა დაესრულებინა სცენარი.

გადაღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმი გადაღებულია იალბუზის რეგიონში 1966 წლის 21 ივლისიდან 28 დეკემბრამდე შავ-თეთრ ფირზე. იმისთვის, რომ მსახიობებს მთამსვლელების კარგად თამაში შეძლებოდათ, მათ უტარებდნენ სპეციალურ სწავლებას: ისინი ეუფლებოდნენ ყინულის ცულს, ცხოვრობდნენ კარვებში, სწავლობდნენ თოკით გადაბმულ, ჯგუფურ სიარულს, ადიოდნენ 3000 მეტრამდე სიმაღლეზე და ჩააბარეს ალპინისტობის ყველა ნორმატივი. გადაღების დასრულების შემდეგ მსახიობებმა მიიღეს „სსრკ ალპინისტის“ სამკერდე ნიშნები.

რადისტის როლზე ვ. ვისოცკი მიიწვიეს იმის შემდგომ, რაც იური ვიზბორმა უარი თქვა გადაღებაში მონაწილეობაზე. სცენარი ვისოცკის უინტერესო მოეჩვენა, მაგრამ მას მოეწონა იმის შესაძლებლობა, რომ ფილმში სიმღერების ავტორი და შემსრულებელი იქნებოდა. თავის კონცერტებზე და მსმენელებთან შეხვედრებზე ის ფილმის გადაღებებზე საუბრობდა:

ვიკიციტატა
„როცა ალპინისტებს ეკითხები, რატომ იპყრობენ მწვერვალებს, მათ არ შეუძლიათ ამის ახსნა. სპორტის დამსახურებულმა ოსტატმა ალპინიზმში ელისეევმა ჩემს შეკითხვაზე, თუ რატომ აცოცდა ის საერთოდ პირველად მთაზე და რატომ აკეთებს ამას დღემდე, მიპასუხა: „პირველად, იმისთვის, რომ შემემოწმებინა, რა ადამიანი ვარ. ახლა კი უბრალოდ მაინტერესებს, ვინ არიან ჩემს გარშემო“. იცით, მთებში შეუძლებელია სასწრაფო დახმარების ან მილიციის იმედი გქონდეს, იქ მხოლოდ შენს მეგობარს, მის ხელს, შენ თვითონ ან შემთხვევას შეუძლია დაგეხმაროს. როდესაც ფილმს ვიღებდით, ვცდილობდით პასუხი გაგვეცა კითხვაზე: „საერთოდ რისთვის დადის ხალხი მთაში? რა იზიდავს მათ იქ?“ და სანამ ჯგუფი ცდილობდა ამ კითხვებზე პასუხის მოძებნას, მე დავწერე რამდენიმე ალპინისტური სიმღერა ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის. ალპინისტებმა სიმღერები რომ მოისმინეს, გვთხოვეს, ისინი ფილმში ჩაგვესვა. დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად (იგულისხმება კინოსტუდიის მხრიდან), ის ჩასვეს.“

მუსიკა და სიმღერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმში გაჟღერდა ვ. ვისოცკის შემდეგი საავტორი სიმღერები:

  • „სიმღერა მეგობარზე“ („Если друг оказался вдруг…“) - დაიწერა ღამით ფილმის კონსულტანტის ლეონიდ ელისეევის ისტორიის შთაბეჭდილების გავლენით, 1955 წელს მთავარი კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე ასვლის შესახებ. ერთ-ერთი მთამსვლელის მოუხერხებლობის გამო მასთან ერთად დაეცა კიდევ ოთხი, მიიღეს სხვადასხვა სახის დაზიანებები, ერთი კი დაზღვევის გარეშე დარჩა ყინულის ფერდობის შუაგულში; ელისეევი ბოლო ძალით ავიდა 70 მ-ზე და რადიოთი გამოიძახა მაშველები.
  • „Свои обиды каждый человек… “;
  • „საომარი სიმღერა“ („Мерцал закат, как блеск клинка…“). სხვა სახელია „ალპელ მსროლელთა ბალადა“;
  • „მწვერვალი“ („Здесь вам не равнина…“) - გადამღები ჯგუფი წავიდა მთამსვლელების გადასარჩენად, რომლებიც ავიდნენ თავისუფალი ესპანეთის მწვერვალზე და ამხანაგთან ერთად სამი დღე იდგნენ 30 სანტიმეტრიან კარნიზზე. რომელიც დაიღუპა ლოდის ჩამოვარდნის შედეგად[2] ;
  • „დამშვიდობება მთებთან“ („В суету городов и в потоки машин…“) - გამოჩნდა, როდესაც ფილმის დამუშავებული ვერსიის ნახვის შემდეგ გადამღები ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ ფილმის დასასრულს აკლდა სისრულე, გარკვეული ემოციური კომპონენტი[2]

სიმღერა „მთამსვლელი“ („Я спросил тебя: „Зачем идёте в гору вы?““) არ იყო ფილმში შესული და არც ის სცენა, რომელშიც ის უნდა გამოეყენებინათ. ითვლება, რომ სიმღერა ეძღვნება რიტა კოშელევას.

ოთხი სიმღერა ფილმიდან („დამშვიდობება მთებთან“, „მეგობრის სიმღერა“, „მწვერვალი“ და „საომარი სიმღერა“) გამოვიდა 1967 წლის ოქტომბერში. გრამფირფიტაზე „სიმღერები ფილმიდან „ვერტიკალი“" (კომპანია „მელოდია“). სიმღერების ტექსტები იბეჭდებოდა გრამფირფიტის ყდაზე.[2]

დამატებითი ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნაწყვეტი ფილმიდან „სიმღერები მეგობარზე“ საუნდტრეკიდან („მხატვრული სტვენა“) გამოყენებული იყო ანიმაციური სერიალის „აბა, დამაცადეს“ 1 და 10 ნომერში.
  • ვლადიმერ ვისოცკიმ მის პარტნიორს ფილმში — ლარისა ლუჟინას მიუძღვნა სიმღერა „ის იყო პარიზში“, რომელიც 1966 წლის აგვისტოში, გადაღებების პერიოდში დაწერა.
  • გამოსვლიდან პირველ 12 თვეში ფილმი „ვერტიკალი“ 13 მილიონმა მაყურებელმა ნახა. (წყარო: „ინფორმაცია მაყურებელთა რაოდენობის შესახებ, ვინც უყურა ფილმებს 12 თვის განმავლობაში 1968 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით (ფილმები გამოსულია 1967 წლის მე-3 კვარტალში).“ მ.: გამომცემლობა „კინემატოგრაფიისა და კინოდისტრიბუციის სამმართველო“, 1969 წ.).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Кавуненко В., Грешнев М., Мысловский Э., Кропф Ф., Поляков А. Сто один ужас // Искусство кино. — 1968. — № 3. — С. 53.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ორ-ტაუ — გამოგონილი მწვერვალია. გენადისა და ექიმ ლარისას საუბრიდან ირკვევა, რომ ლომოვის ჯგუფი ისტორიაში პირველები იპყრობენ მას („მაგრამ ჯერ იქ არავინ ასულა“ — ამბობს ლარისა. — „ამჯერად მას მოუწევს დაგვმორჩილდეს“,— პასუხობს გენადი), რაც ცოტა დაუჯერებელია, რადგან კავკასიის ყველა მნიშვნელოვანი მწვერვალი ჯერ კიდევ XIX საუკუნეში დაიპყრეს (მაგალითად, იალბუზი — 1874 წელს, დიხთაუ — 1888, ყოშთანთაუ — 1889, მყინვარწვერი — 1868, შხარა — 1888. და ა. შ.)
  2. 2.0 2.1 2.2 На «Вертикаль» ходили с блокнотами, чтобы записать песни Владимира Высоцкого. ციტირების თარიღი: 2020-02-10