შინაარსზე გადასვლა

ვაჩნაძიანის პირველი კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვაჩნაძიანის პირველი კოშკი — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანის დასავლეთით, გუჯიაურებად წოდებულ ტერიტორიაზე, ხეხილის ბაღებში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

კოშკი ცილინდრულია. ნაგებია საშუალო ზომის რიყის ქვის სწორხაზოვანი რიგებით. შიგნით შელესილია, გარედან შებათქაშებული. შემორჩენილია I სართულზე და II სართულის კედლის სამხრეთიდ და ჩრდილოეთი ნაწილები, ჩამონგრეულია I სართულის კამაროვანი გადახურვის უმეტესი ნაწილი, რომელიც კოშკის შიგნით გროვადაა დაყრილი. იქვე ხეებია ამოსული. გარედან საპირე წყობის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამოშლილია. I სართულის შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარის გადახურვა ჩამონგრეულია, რის გამოც მისი ფორმა ვერ დგინდება. აღმოსავლეთით სწორკუთხა სარკმელია, რომლის ქვემოთ, ერთ დონეზე განლაგებულია გეგმით ნახევარწრიული სამი მაღალი და ფართო ნიშა. მათგან ერთი ყრუა, დანარჩენ ორში ცალმაგი და შეწყვილებული სათოფურებია მოწყობილი. ნიშები გადახურულია კვადრატული აგურით ნაწყობი შეისრული თაღებით. ერთი, გეგმით ნახევარწრიული და ბრტყლად გადახურული ნიშაა ერთი სათოფურით კედლის დასავლეთ ნაწილში.