შინაარსზე გადასვლა

ვაშინგტონის III კონფერენცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩერჩილი და რუზველტი კონფერენციაზე

ვაშინგტონის მესამე კონფერენციამეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, 1943 წლის 12 მაისს ვაშინგტონში დაიწყო ფრანკლინ რუზველტისა და უინსტონ ჩერჩილის მორიგი შეხვედრა, რომელზეც უნდა განხილულიყო მოკავშირეთა მოქმედების სტრატეგია სიცილიის აღების შემდეგ. ამ კონფერენციისთვის (კოდური სახელწოდება „ტრაიდენტი") ორივე მხარე საგულდაგულოდ მოემზადა. განსხვავებით წინა შეხვედრებისაგან, ამერიკულებს ვაშინგტონში გააჩნდათ მოქმედების კარგად ჩამოყალიბებული გეგმა. ისინი მტკიცედ იყვნენ განწყობილი, რათა გამოეგლიჯათ ინგლისელებისათვის თანხმობა 1944 წლის გაზაფხულზე ლა-მანშის ფორსირების თაობაზე. აღსანიშნავია, რომ რუზველტი პირდაპირ დაჰპირდა თავის სამხედროებს 1944 წლის გაზაფხულზე საფრანგეთში შეჭრის პროექტის მტკიცე დაცვას. თავის მხრივ, არც ინგლისელები აპირებდნენ დათმობაზე წასვლას. მათ სურდათ ხმელთაშუაზღვისპირეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების გაფართოება. კონფერენციის წინ ბრიტანელმა სამხედროებმა ჩამოაყალიბეს ამ რეგიონში მოკავშირეთა შესაძლო ოპერაციების სამი ვარიანტი: 1. იტალიაში შეჭრა; 2. სარდინიისა და კორსიკა დაკავება; 3. ოპერაციების ჩატარება ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე.

საბოლოოდ, რუზველტმა დიდი წინააღმდეგობა გაუწია. ბალკანურ სტრატეგიას, რაც განპირობებული იყო ინგლისისა და აშშ-ს სტრატეგიული ინტერესების შეჯახებით. ამ დროისათვის უკვე ნათელი გახდა. რომ გერმანიის მარცხი გარდაუვალი იყო და მოკავშირეებმა უკვე ომის შემდგოში მსოფლიოს გადანაწილებაზე დაიწყეს ფიქრი. სწორედ ეს ედო საფუძვლად ჩერჩილის ბალკანურ სტრატეგიას. ბალკანეთი საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა დიდი ბრიტანეთის ინტერესების სფეროს და ახლა აშკარა იყო, რომ ჩერჩილის გეგმების განხორციელებას სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაზე ინგლისის გავლენის დამყარება მოჰყვებოდა. ეს კი ნამდვილად ვერ იქნებოდა მოსაწონი თეთრი სახლისათვის. ვინაიდან 1943 წლის მეორე ნახევრისათვის მოკავშირეთა შორის ძალთა თანაფარდობა უკვე შეიცვალა და შეიარაღებულ ძალებში უკვე ამერიკელები სჭარბობდნენ, ბუნებრივია, რუზველტი სულაც არ აპირებდა ინგლისელთა სასარგებლოდ მოქმედებას. მითუმეტეს, რომ აშშ-ს თავისი ინტერესები ჰქონდა სწორედ დასავლეთ ევროპაში და არა ბალკანეთში.

ვაშინგტონის კონფერენციაზე ჩერჩილმა ვერც იმას მიაღწია, რომ დაეთანხმებინა ამერიკელები სამხრეთ იტალიაში ოპერაციის ჩატარებაზე. რუზველტზე არ იქონია გავლენა ბრიტანეთის პრემიერის განცხადებამაც, რომ არ შეიძლებოდა სიცილიის აღების შემდეგ მოკავშირეთა ჯარების 7-8 თვით უმოქმედოდ დატოვება. აშშ-ს პრეზიდენტი კატეგორიულად შეეწინააღმდეგა იტალიაში მოკავშირეთა მნიშვნელოვანი ძალების გაგზავნას და ხაზი გაუსვა, რომ გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლის წარმოების ყველაზე ეფექტური საშუალება იყო ლა-მანშის ფორსირება. მიუხედავად ამისა, ინგლისელებმა მაინც გამოტყუეს ერთი დაპირება ამერიკულებს. გადაწყვიტეს იტალიის ომიდან გამოთიშვა, თუმცა ამისათვის საჭირო ღონისძიებები კონფერენციაზე არ იქნა დაკონკრეტებული. დეტალები უნდა განესაზღვრა ეიზენჰაუერს, რომელსაც მიეცა კიდეც შესაბამისი მითითება. ინგლისელებს იმედი ჰქონდათ, რომ შემდგომში დაიყოლიებდნენ. ამერიკელებს აპენინის ნახევარკუნძულზე ფართომასშტაბიანი სადესანტო ოპერაციის ჩატარებაზე, მით უმეტეს, რომ ამ რეგიონში ბევრად მეტი ბრიტანული ნაწილი იყო განლაგებული. მათი აზრით, ყოველივე ამას მოჰყვებოდა იტალიის კაპიტულაცია და თურქეთის ომში ჩაბმა, რის შემდეგაც ინგლისელებს უკვე არ გაუჭირდებოდათ ბალკანური ვარიანტის გატანა.

  • პაპასქირი თ., ევროპისა და ამერიკის ქვეყნების უახლესი ისტორია 1914-1945, გამომცემლობა „მერიდიანი“, თბ., 2009, გვ. 314-316.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]