ვასილ კარგარეთელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვასილ კარგარეთელი
ეროვნება ქართველი
დაბადების თარიღი 29 ივლისი, 1880
გარდაცვალების თარიღი 1946 (65 წლის)
ბრძოლები/ომები პირველი მსოფლიო ომი

ვასილ დიმიტრის ძე კარგარეთელი (დ. 29 ივლისი, 1880 — გ. 1946) — ქართველი სამხედრო პირი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვასილ კარგარეთელი დაიბადა 1880 წლის 29 ივლისს. განათლება მიიღო ტფილისის (ახლანდელი თბილისი) პირველ კლასიკურ გიმნაზიასა და მოსკოვის სამხედრო სასწავლებელში (1901). სამხედრო სამსახური დაიწყო იუნკერად 1899 წლის 2 სექტემბრიდან. 1901 წლის 13 აგვისტოდან მსახურობდა ლეიბ–გვარდიაში სანქტ-პეტერბურგის პოლკში, შემდეგ გვარდიული ქვეითების რეზერვში (11 ივლისი, 190217 აპრილი, 1903), გორის 259-ე ქვეით პოლკში, 1903 წლის 17 აპრილიდან – არმიის პოდპორუჩიკი; 1905. 15.05–დან – პორუჩიკი; 1908. 09.08–დან შტაბს–კაპიტანი. 1913 წელს ვასილ კარგარეთელმა დაამთავრა ნიკოლოზის გენერალური შტაბის სამხედრო აკადემია პირველი თანრიგით, რის შემდეგაც გენშტაბის ბრძანებით მიავლინეს კავკასიის ქვეითთა პოლკის როტის მეთაურად. მონაწილეობდა (1914–1918) წლების პირველ მსოფლიო ომში. 1914 წლის 24 დეკემბრიდან იყო კაპიტანი; 1915–1916 წლებში მსახურობდა კავკასიის კაზაკთა პირველი დივიზიის შტაბის უფროს ადიუტანტად, შემდეგ ჩრდილოეთის ფრონტის არმიების მთავარსარდლის შტაბის გენერალ-კვარტირმაისტერის სამმართველოში; 1916 წლის 27 აგვისტოდან დააწინაურეს პოდპოლკოვნიკად; 1917 წლის 18 ივნისიდან დანიშნეს კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის უფროს ადიუტანტად. 1918 წლამდე იმყოფებოდა სპარსეთში რუსული ჯარების შემადგენლობაში. 1918 წლიდან ვასილ კარგარეთელი მსახურობდა ქართულ ჯარში, ქართული კორპუსის მე-2 დივიზიის მეთაურად. 1919 წლის 17 თებერვალს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება და დაინიშნა საქართველოს დიპლომატიური მისიის სამხედრო ატაშედ აზერბაიჯანში. 1919 წლის 15 ივლისიდან მსახურობდა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარში გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს გენერალ-კვარტირმაისტერად. 1920 წლის 24 მარტს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობის №6 ბრძანებულებით — „განსაკუთრებული დამსახურებისათვის აზერბაიჯანის რესპუბლიკის წინაშე“ მიენიჭა „გენერალ-მაიორის“ სამხედრო წოდება. 1920 წლის 28 აპრილს საბჭოთა ჯარების მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიის დაკავების შემდეგ ვასილ კარგარეთელი დაინიშნა სპარსეთის საბჭოთა რესპუბლიკის არმიის მთავარსარდლად. 1920 წლის ნოემბერში განთავისუფლებულ იქნა თანამდებობიდან სერგო ორჯონიკიძის პირადი განკარგულებით. 1920 წლის ბოლოდან ვასილ კარგარეთელი ცხოვრობდა სპარსეთში. იგი დასახლდა თეირანში და ყოველდღე გადიოდა ბაზარში, სადაც მისივე სიტყვებით, შველოდა სახედრებისა და აქლემების ქარავნებს საპალნის ჩამოხსნა-აკიდებაში. ამით შოულობდა დღეში რამდენიმე ყრანს (ყრანი — 30 კაპიკი) თავისი ოჯახის გამოსაკვებად. მიუხედავად ამისა უცხოეთშიც აქტიურად ებრძოდა საბჭოთა ხელისუფლებას. იყო ორგანიზაცია „თეთრი გიორგის“ დამაარსებელი. ამასობაში ირანში მდგომარეობა შეიცვალა, 1925 წელს რეზა-ხან ფეხლევიმ ხელში ჩაიგდო სახელმწიფო ძალაუფლება და შეუდგა ჯარის ახლებურად ორგანიზაციას. ამ მიზნით იგი დაუახლოვდა ქართველ გენერალს და შეადგენინა სამხედრო სახელმძღვანელოები. ვასილ კარგარეთელმა რეზა-ხანსა და მის თანამშრომლებს პირადად შეასწავლა სხვადასხვა სამხედრო წესები. „გურჯი ხანი“ – კარგარეთელის მიერ სპარსულ ენაზე გამოიცა მთელი რიგი სამხედრო სახელმძღვანელოები. გენერალი კარგარეთელი თეირანის საპატიო მოქალაქე გახდა. საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის ვასილ კარგარეთელს მიღებული ჰქონდა ჯილდოები, მათ შორის: წმინდა ანას ორდენის მე-III (1913) ხარისხი, წმ.სტანისლავის ორდენის მე-III (1907) ხარისხი, „თამარ მეფის ორდენის მე-III ხარისხის (1925) და სხვ. ვასილ კარგარეთელი გარდაიცვალა 1946 წელს. დაკრძალულია რუსულ სასაფლაოზე ქალაქ თეირანში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გოგიტიძე მ., სამხედრო ფიცის ერთგულნი, თბ., 2015, გვ. 146-147.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]