შინაარსზე გადასვლა

ესაუბრე ბრძოლებზე, მეფეებსა და სპილოებზე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ესაუბრე ბრძოლებზე, მეფეებსა და სპილოებზე“

ავტორი მატიას ენარი
ენა ფრანგული ენა
გამომცემელი Actes Sud
გამოცემის თარიღი 15 აგვისტო, 2010

ესაუბრე ბრძოლებზე, მეფეებსა და სპილოებზე (ფრანგ. Parle-leur de batailles, de rois et d'éléphants) — ფრანგი მწერლის, მატიას ენარის, 2010 წლის რომანი, ლიცეუმის გონკურის პრემიის ლაურეატი.

რომანი მოგვითხრობს 1506 წელს მიქელანჯელოს ფიქციურ მოგზაურობაზე კონსტანტინოპოლში სულთან ბაიაზიდ II-ის მიწვევით. მისი მოთხოვნით, მიქელანჯელომ შეწყვიტა პაპ იულიუს II-ის საფლავზე მუშაობა და ოქროს რქაზე ხიდის დასაპროექტებლად გაემართა.[1] რეალურად, მიქელანჯელომ სულთნის მიწვევა მასსა და პაპ იულიუსს შორის დაძაბულობის პერიოდში მიიღო,[2] რაზეც მან უარი განაცხადა.[1] ხიდის დიზაინი კი ლეონარდო და ვინჩიმ შექმნა, თუმცა იგი ვერ აშენდა ეპოქის საინჟინრო შეზღუდვებიდან გამომდინარე.[1]

მიქელანჯელო ბაიაზიდ II-ისგან იღებს მოწვევას კონსტანტინოპოლში ხიდის ასაშენებლად. პაპ იულიუს II-სთან დაძაბული ურთიერთობით თავმობეზრებული და ლეონარდო და ვინჩისთან მეტოქეობის გრძნობით მოტივირებული მიქელანჯელო შემოთავაზებას თანხმდება. თავდაპირველად იგი საქმეშია ჩაფლული და ყურადღებას არ აქცევს ალი-ფაშასა და სულთნის მიერ მოყვანილ ინჟინრებსა და არქიტექტორებს. იგი დროს ქალაქში სეირნობაში ატარებს, მას თან ახლავს პრიშტინელი პოეტი მესიჰი, რომელსაც ალი-ფაშა მფარველობს.

თანდათან, მიქელანჯელოსა და პოეტს შორის ძლიერი მეგობრობა ყალიბდება. მესიჰის მხატვრის მიმართ რომანტიკული გრძნობები აქვს, რომლებიც უპასუხოდ რჩება. თავად მიქელანჯელოს კი ანდალუსიელი მოცეკვავე უყვარდება, რომელთანაც ორი ღამე გაატარა. სულთნის ზეწოლით, ფინანსული პრობლემებითა და იტალიაში დაბრუნების სურვილით იძულებული მხატვარი ხიდის ესკიზს ამზადებს, რომელსაც სულთანი დასთანხმდება. თუმცა, მხატვარი იგებს, რომ იგი ანაზღაურებას ხიდის მნიშვნელოვანი ნაწილის აშენებამდე ვერ მიიღებს. დაპირებული ხელფასის მიღებამდე სულთანი მას სხვა სახის შემოსავლით უზრუნველყოფს, რომელსაც იგი მესიჰას გადასცემს.

წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულის შემდეგ, მიქელანჯელო თავის საცხოვრებელში ანდალუსიელ მოცეკვავესთან ერთად გაემართება. ამ დროს კი მის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდება, ოსმალეთის სასამართლოს წევრებმა მისი მოკვლა გადაწყვიტეს, რათა თავიდან აერიდებინად ურწმუნოს მიერ დაპროექტებული ხიდის აგება. შეთქმულებმა ანდალუსიელი ქალი აიძულეს, მხატვარი ძილის დროს მოეკლა. სანამ ქალი ამას გააკეთებდა, მას მესიჰი მოკლავს. მიქელანჯელო ივარაუდებს, რომ პოეტი ეჭვიანობის ნიადაგზე მოქმედებდა. ისინი ჩხუბის დროს ერთმანეთს ჭრიან, რის შემდეგაც მიქელანჯელო საბოლოოდ დატოვებს კონსტანტინოპოლს.

დაუსრულებელ ხიდს 1509 წელს მომხდარი მიწისძვრა დაანგრევს. მესიჰი თავს იკლავს. მიქელანჯელო კი იტალიაში მთელ რიგ ნამუშევრებს ასრულებს, მათ შორის სიქსტეს კაპელას ჭერისა და წმინდა პეტრეს ტაძრის მოხატვას. იგი რომში, კონსტანტინოპოლის დატოვებიდან დაახლოებით სამოცი წლის შემდეგ გარდაიცვლება.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 Lucas, Julian (19 November 2018). „When Michelangelo Went to Constantinople“. The New Yorker. ციტირების თარიღი: 15 August 2019.
  2. Lyle McClure, Richard (24 January 2019). „Lost in an Infinite Twilight: Mathias Énard’s ‘Tell Them of Battles, Kings, and Elephants’“. The Millions. ციტირების თარიღი: 6 April 2022.