ეპისტოლე წმ. მოციქულისა პეტრესი (მეორე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეპისტოლე წმ. მოციქულისა პეტრესი (მეორე) — – წმინდა პეტრეს მეორე ეპისტოლე, რომლითაც მან მიმართა თავის თანამემამულეებს, ქრისტეს მცნებათა ამღიარებელ ყველა მორწმუნეს ქრისტოლოგიის სხვადასხვა საკითხებზე.

ეპისტოლე შესულია ახალი აღთქმის წიგნებში და წარმოადგენს კათოლიკე ეპისტოლეთა ერთ–ერთ წერილს (ეპისტოლეს). პეტრე მოციქულის მეორე ეპისტოლე უნდა დაწერილიყო მისი სიცოცხლის ბოლოს, როგორც ეს ეპისტოლიდან ჩანს (1,14).

ეპისტოლე შედგება სამი თავისაგან. იგი პეტრეს ანდერძის შინაარსისაა. ეპისტოლე მორწმუნეებს აფრთხილებს, არ ენდონ ცრუმოძღვართ, რომლებიც ახალმოქცეულებს ხორციელ ვნებებში ჩაითრევენ თავისუფლებისა და დაუსჯელობის სატყუარებით და რომლებიც თავისი უტიფრობით უარყოფენ კაცობრიობის მხსნელს მაცხოვარს და მის მეორედ მოსვლას. ქრისტიანებმა თავიანთი უმწიკვლო ცხოვრებით უნდა გააბათილონ ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდება (3,18) და ქრისტეს მეორედ მოსვლას უნდა შეხვდნენ ამქვეყნიურობისაგან შეუბილწველნი და თავისი მაღალი მოწოდების ღირსნი. ეპისტოლე განმსჭვალულია მაცხოვრის მოახლოებული დიდებით მოსვლის იმედით და მისი მოძღვრებით ახალი სამყაროს შექმნის მოლოდინით.

== ეპისტოლეს შინაარსი ––

  • თავი პირველი

1. სიმონ-პეტრე, იესო ქრისტეს მონა და მოციქული, - მათ, ვინც ჩვენსავით მიიღო იგივე ძვირფასი რწმენა, ჩვენი ღვთისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს სიმართლით,

2. მადლი და მშვიდობა გიმრავლოთ ღვთისა და ჩვენი უფლის იესოს შემეცნების წყალობით.

3. რაკიღა მისმა საღვთო ძალამ მოგვანიჭა ყველაფერი, რაც ცხოვრებისა და ღვთისმოსაობისთვის გვჭირდება, მისი შემეცნების მეოხებით, ვინც თავისი დიდებისა და სათნოებისაკენ გვიხმო,

4. რომელთაგანაც გვებოძა დიადი და ფასდაუდებელი აღთქმანი, რათა ამქვეყნად გულისთქმის ხრწნილებისაგან განრიდებულნი საღმრთო ბუნების თანაზიარნი გახდეთ.

5. ამიტომ თქვენც გულმოდგინედ ეცადეთ, რომ თქვენს რწმენას სათნოებაც ზედ მიუსართოთ, სათნოებას კი - შემეცნება,

6. შემეცნებას - თავშეკავება, თავშეკავებას - მოთმინება, ხოლო მოთმინებას - ღვთისმოსაობა,

7. ღვთისმოსაობას - ძმათმოყვარეობა, ძმათმოყვარეობას კი - სიყვარული.

8. თუ ყოველივე ეს თქვენშია და მრავლდება, უქმად და უნაყოფოდ არ დარჩებით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს შემეცნებისას.

9. ხოლო ვის სულშიც ეს არ არის, თვალდავსილია ან ბეცი, რადგანაც დაივიწყა, რომ უკვე განწმენდილია თავისი უწინდელი ცოდვებისაგან.

10. ამიტომ, ძმანო, უფრო გულმოდგინედ ეცადეთ განამტკიცოთ თქვენი მოწოდება და რჩეულობა, რადგანაც თუ ასე მოიქცევით, არასოდეს წაიბორძიკებთ.

11. ვინაიდან ასე უფრო ფართოდ გაიღება თქვენს წინაშე ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს საუკუნო სასუფევლის კარი.

12. ამიტომაც გამუდმებით შეგახსენებთ ამას, თუმცაღა იცით და მტკიცედაც ადგახართ აწინდელ ჭეშმარიტებას.

13. მართებულად მიმაჩნია, ვიდრე ამ კარავში ვარ, შეხსენებით გამოგაფხიზლოთ.

14. რადგანაც ვიცი, რომ მალე უნდა დავუტევო ჩემი კარავი, როგორც მაუწყა ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ.

15. ასე რომ, ვეცდები ჩემი წასვლის შემდეგაც ყოველთვის იხსენებდეთ ამას.

16. ვინაიდან თავშესაქცევი იგავებით როდი გაუწყეთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლა და ძალმოსილება, არამედ მისი სიდიადე საკუთარი თვალით ვიხილეთ.

17. რადგანაც მამა ღმერთისაგან მიიღო პატივი და დიდება, როდესაც მისწვდა ესოდენ დიდმშვენიერი დიდების ხმა: ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელშიაც კეთილად გამოვჩნდი მე.

18. და ეს ხმა, ზეცით ჩამოსული, ჩვენც ჩაგვესმა, როცა მასთან ერთად ვიყავით წმიდა მთაზე.

19. ეგეც არ იყოს, ხელთა გვაქვს უმტკიცესი წინასწარმეტყველური სიტყვა, და კარგად იქცევით, ისე რომ ესწრაფით მას, როგორც ბნელში მანათობელ ლამპარს, ვიდრე ირიჟრაჟებდეს და თქვენს გულებში ამობრწყინდებოდეს ცისკრის ვარსკვლავი.

20. უწინარეს ყოვლისა, უნდა იცოდეთ, რომ წერილის არცერთი წინასწარმეტყველება თავისით არ განიმარტება.

21. რადგანაც წინასწარმეტყველება არასოდეს კაცის ნებით არ წარმოთქმულა, არამედ სული წმიდის კარნახით წარმოსთქვამდნენ მას ღვთის წმიდა კაცნი.

  • თავი მეორე

1. იყვნენ ცრუ წინასწარმეტყველნიც ხალხში, ისევე, როგორც თქვენში იქნებიან ცრუმოძღვარნი, რომელნიც შემოიღებენ წარმწყმედ მწვალებლობას, უარყოფენ მათ გამომსყიდველ უფალს და მალე თვითონვე წარიწყმედენ თავს.

2. ბევრი გაჰყვება მათ თავაშვებულებას და მათი წყალობით დაიგმობა ჭეშმარიტების გზა.

3. ანგარებით აღძრულნი ცრუ სიტყვებით მოგისყიდიან, მაგრამ არ დაახანებს მათი სასჯელი და არ სძინავს წარწყმედას მათსას.

4. რადგან თუ ღმერთმა არ დაინდო შემცოდე ანგელოზები, არამედ ბნელეთის ბორკილებით შეკრა და ჯოჯოხეთში ჩაყარა ისინი განკითხვის დღემდე დასამარხავად;

5. თუ არც ძველი ქვეყანა დაინდო, არამედ იხსნა მხოლოდ სიმართლის ქადაგი - ნოე, რვა სულთან ერთად, როცა წარღვნა მოუვლინა უღმრთოთა ქვეყანას;

6. თუ გასწირა სოდომისა და გომორის ქალაქები, ფერფლად აქცია და მომავალ უღმერთოთა ნიმუშად დადო ისინი,

7. ხოლო მართალი ლოტი ურჯულოთა უგვანი ქცევით გაწამებული, იხსნა,

8. (ვინაიდან მათ შორის მცხოვრები ეს ალალ-მართალი ყოველდღე იტანჯებოდა თავისი მართალი სულით, როცა ხედავდა და ისმენდა მათ ურჯულოებას), -

9. მაშასადამე, იცის ღმერთმა, როგორ დაიხსნას ღვთისმოსავნი განსაცდლისაგან, უკეთურნი კი განკითხვის დღისათვის შემოინახოს განსასჯელად;

10. უპირატესად კი ბილწ ხორციელ ვნებებს აყოლილნი, უფლებათა შეურაცხმყოფელნი, თავხედნი, კადნიერნი და დიდებათა ურიდად მგმობნი.

11. მაშინ როდესაც თვით ანგელოზნი, მათზე უფრო ძლიერნი და ძალმოსილნი, მკრეხელურად არ განსჯიან მათ უფლის წინაშე.

12. ისინი კი, როგორც უგონო პირუტყვნი, მათივე ბუნებით დასაჭერად და გასაწყვეტად გაჩენილნი, გმობენ იმას, რაც არ ესმით და თავიანთი ხრწნილებით გაიხრწნებიან.

13. ასე მიიღებენ უსამართლობის საზღაურს, ნეტარებად რომ შეურაცხავთ ყოველდღიური განცხრომა; შესვრილნი და შებილწულნი თავიანთი სიცრუით ტკბებიან, როცა ილხენენ თქვენთან ერთად.

14. მათი თვალები სავსეა სიმრუშით და უძღები ცოდვით; გულხარბნი და ანგარების მოყვარენი აცთუნებენ უმტკიცო სულებს; ესენი არიან ძენი წყევლისა.

15. წრფელი გზა რომ დაუტევეს, შეცდნენ და შეუდგნენ ბალაამის, ბოსორის ძის, კვალს, რომელმაც შეიყვარა უსამართლობის საზღაური.

16. მაგრამ თავისი ურჯულოების მამხილებლად ექცა უტყვი სახედარი, რომელიც კაცის ხმით ამეტყველდა და ალაგმა წინასწარმეტყველის სიშლეგე.

17. ესენი არიან უწყლო წყარონი, ქარიშხლით დევნილი ღრუბლები, რომელთათვისაც გამზადებულია მარადიული უკუნი.

18. ვინაიდან თავიანთი მაღალფარდოვანი ფუჭსიტყვაობით ხორციელ გულისთქმათა სიბილწეში იტყუებენ იმათ, რომელნიც ოდნავ ჩამორჩნენ საცთურში დანთქმულთ.

19. თავისუფლებას აღუთქვამთ მათ, თვითონ მონები ხრწნილებისა. ვინაიდან ვინც რისაგან არის ძლეული, მისივე მონაა.

20. რადგან თუ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს შემეცნების წყალობით ამქვეყნიური ბილწებისგან განრისხებულნი კვლავ იმავე ბილწებით ისვრებიან და დაიძლევიან, მათთვის ეს უკანასკნელი ყოფა უწინდელზეც უარესია.

21. უჯობდათ საერთოდ არ შეეცნოთ გზა სიმართლისა, ვიდრე შეცნობის შემდეგ უკუქცეულიყვნენ მათთვის მიცემული წმიდა მცნებისგან.

22. სწორედ მათზე თქმულა მართალი ანდაზა: ძაღლი მიუბრუნდა თავის ნარწყევს და ნაბანი ღორი კვლავ წუმპეში ჩაგორდა.

  • თავი მესამე

1. ამას უკვე მეორე წერილსა გწერთ, საყვარელნო, და ორივეში შეხსენებით ვაღვიძებ თქვენს წმიდა აზრს,

2. რათა გახსოვდეთ წმიდა წინასწარმეტყველთა მიერ იმთავითვე თქმული სიტყვები და უფლისა და მაცხოვრის მცნებანი გადმოცემულნი თქვენი მოციქულების მიერ.

3. უპირველეს ყოვლისა, იცოდეთ, რომ უკანასკნელ დღეებში მოვლენ მგმობელნი, თავიანთი გულისთქმისამებრ მოარულნი,

4. და იტყვიან: სად არის აღთქმა მისი მოსვლისა? ვინაიდან მას შემდეგ, რაც მამებმა მიიძინეს, ყველაფერი უცვლელად რჩება შექმნის დასაბამიდან.

5. რადგანაც საკუთარი ნებასურვილით ივიწყებენ, რომ ცა და მიწა თავდაპირველად წყლისაგან და წყალთა შუა შეიქმნა ღვთის სიტყვით.

6. ამიტომაც მაშინდელი სამყარო წყლით წაირღვნა და დაიღუპა.

7. ახლანდელ ცასა და მიწას კი ცეცხლისათვის ინახავს იგივე სიტყვა, რათა განკითხვის დღეს მოსრას უღვთონი.

8. ისიც იცოდეთ, საყვარელნო რომ ერთი დღე უფლისათვის როგორც ათასი წელი, და ათასი წელი, როგორც ერთი დღე.

9. არ აყოვნებს უფალი აღთქმის აღსრულებას, როგორც ზოგიერთს ჰგონია, არამედ სულგრძელია თქვენს მიმართ, რადგანაც ვისიმე დაღუპვა კი არა სურს, არამედ ის, რომ ყველა მოიქცეს სინანულად.

10. ხოლო უფლის დღე მოვა როგორც მპარავი, და მაშინ ზათქით გადავლენ ცანი, კავშირნი მხურვალებით დაიშლებიან და ცეცხლს მიეცემა მიწა და ყოველი საქმე მისი.

11. მაგრამ თუ ყოველივე ეს დაიშლება, როგორი უნდა იყოს თქვენი ყოფა წმიდა ქცევითა და ღვთისმოსაობით,

12. რაკიღა ნატრობთ და მოელით, როდის მოვა დღე უფლისა, როცა ცეცხლმოდებული ცანი დაიშლებიან და დადნებიან ალმოდებული სტიქიონები?

13. ხოლო ჩვენ, აღთქმისამებრ, მოველით ახალ ცათა და ახალ მიწას, სადაც დამკვიდრდება სიმართლე.

14. ამიტომ, საყვარელნო, რაკიღა ამას ელით, ეცადეთ მშვიდობით წარსდგეთ მის წინაშე, შეურყვნელნი და შეუბილწველნი.

15. ჩვენი უფლის სულგრძელობა დასახეთ ხსნად, როგორც ჩვენმა საყვარელმა ძმამ - პავლემაც მოგწერათ მისთვის ბოძებული სიბრძნით.

16. ამასვე გწერთ ყველა წერილში, სადაც ზოგი რამ ისე ძნელი გასაგებია, რომ უმეცარნი და უმტკიცონი სხვა წერილების მსგავსად ამახინჯებენ მათ, რათა წარიწყმიდონ თავიანთი თავი.

17. ხოლო თქვენ, საყვარელნო, რაკიღა წინასწარ იცით ეს, ფრთხილად იყავით, რათა არ ჩაგითრიოთ უკეთურთა ცთომილებამ და არ გიღალატოთ თქვენმა სიმტკიცემ.

18. არამედ იზარდეთ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს მადლითა და შემეცნებით. დიდება მას აწ და მარადის. ამინ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქ. ლორთქიფანიძე, კათოლიკე ეპისტოლეთა ქართული ვერსიები X-XIV სს. ხელნაწერების მიხედვით, თბილისი, 1956, გვ. 39-50.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]