ედესის ქართული კოლონია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ედესის ქართული კოლონიაქართული კულტურის ერთ-ერთი უძველესი და მნიშვნელოვანი კერა შუამდინარეთში, ქ. ედესაში (IV–VII სს.).

ქ. ედესა (იგივე ანტიოქია, ურჰა — ახლანდელი შანლიურფა) ჩრდილოეთ შუამდინარეთის მნიშვნელოვან კულტურულ, რელიგიურ (ქალაქსა და მის შემოგარენში 300-მდე ეკლესია-მონასტერი იყო), საგანმანათლებლო და სავაჭრო ცენტრს წარმოადგენდა. საქარავნო გზათა თავშესაყარზე მდებარეობის გამო, იგი შუამდინარეთისა და ახლო აღმოსავლეთის კულტურულ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. ედესის ბაზრობა ვაჭრებს იზიდავდა აზიისა და ევროპის შორეული ქვეყნებიდან, მათ შორის იბერიიდან და ლაზიკიდან. ქ. ედესის მოსახლეობა II საუკუნის შუაწლებში უკვე ძირითადად ქრისტიანული იყო. III საუკუნიდან არამეული ენის ედესის დიალექტზე იქმნებოდა კლასიკური ქრისტიანული ლიტერატურა. ედესაში იყო ეფრემ ასურის მიერ დაარსებული, მთელ ჩრდილოეთ შუამდინარეთში ცნობილი საღვთისმეტყველო სკოლა, სადაც მოსწავლეები ცოდნას ეუფლებოდნენ როგორც სასულიერო, ისე საერო დისციპლინებში. ედესაში სასწავლებლად ჩადიოდნენ მეზობელი ოლქებიდან და ქვეყნებიდან, ალბათ, ქართლიდან და ეგრისიდანაც. ედესაში ქართული კულტურული კერა, სავარაუდოდ, იბერიაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ შეიქმნა. მცხეთასთან ერთად სწორედ ედესა იყო ის ადგილი, სადაც წმინდა წიგნები ქართულად ითარგმნებოდა (ამაზე უნდა მიგვითითებდეს იერემია ურჰაელის — მას IV საუკუნეში მოღვაწე იერემია იბერიელთან აიგივებენ — მიერ „დიდაქეს" ქართულად თარგმნა). ედესაში მძლავრი ქართული კულტურული კერის არსებობით იყო განპირობებული ის, რომ ვახტანგ გორგასლის დედამ – დედოფალმა საგდუხტმა და ვახტანგის დამ – ხვარანძემ ამ ქალაქში 8 წელიწადი (460–468) გაატარეს. ედესის ქართული კოლონიის წარმომადგენლები უნდა ყოფილიყვნენ დაახლოებით 534 წელს ქართლში მოსული ასურელი მამები. ედესის ქართული კოლონიასთან პეტრე იბერის კავშირზე მიუთითებს კოპტურ წყაროებში მისი „ურჰაელად" მოხსენიება. ედესიდან ანტონ მარტყოფელი წამოსვლის შემდეგაც ედესის ქართული კოლონია, რომელშიც, იბერიიდან ჩასულთა გარდა, ჩრდილოეთ შუამდინარეთისა და პონტო-კაპადოკიის ქართველური მოსახლეობის წარმომადგენლებიც ცხოვრობდნენ, არსებობას განაგრძობდა. მაგრამ, როდესაც VII საუკუნეში ჩრდილოეთ შუამდინარეთში არაბები გაბატონდნენ, აღმოსავლეთ-ქრისტიანული კულტურისა და განათლების ცენტრში — ქ. ედესაში ქართული კულტურის კერამ არსებობა შეწყვიტა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გოილაძე ვ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 544-545.
  • გოილაძე ვ., ქართული კოლონია IV–V სს. ქ. ედესაში. მისი მასაზრდოებელი ქართველური სამყარო, «მნათობი», 2000, №5–6;
  • გოილაძე ვ., ადრექრისტიანული ქართული კულტურის ფესვები, კრ: ქრისტიანობა საქართველოში, თბ., 2000;
  • გოილაძე ვ., ასურელ მამათა სამშობლო და საქართველო, თბ., 2002;
  • კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960;
  • Пулевская Н., Культура сирийцев в средние века, 1889.