დიდაქე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დიდაქე ან „დიდაქე მოციქულთა“ (ძვ. ქართულით „სწავლაჲ მოციქულთაჲ“) — ადრექრისტიანული პერიოდის ძეგლი, უფლის მოწამეთა ავტორობით პატივდებული შრომა „მოძღვრება თორმეტი მოციქულისა“.

„დიდაქე“ ხელახლა აღმოაჩინა ბერძენმა მიტროპოლიტმა ფილოთეოს ბრიენ ნიოსმა 1883წ. მანამდე მის შესახებ ინფორმაცია იყო, მაგრამ ტექსტი არ მოიპოვებოდა.

„დიდაქე“ იყო დიდად ცნობილი თხზულება ძველბერძნულ მართლმადიდებლობაში I-XI საუკუნეებში, რომლითაც სარგებლობდა მრავალი წმინდა მამა. იგი შეწყნარებულ ძეგლად აღიარა წმ. ათანასე ალექსანდრიელმა და მამათა მიერ დაწერილ მართებულ კატეხიზმოდ შერაცხა „დიდმა სჯულის კანონმა“, რასაც ადასტურებს არსენ იყალთოელის თარგმანი. სიტყვა „დიდაქე“ ძველქართულად ითარგმნებოდა როგორც „სწავლაჲ“. დღეისათვის დადგენილად ითვლება, რომ ეს ძეგლი მოციქულთა ეპოქას ეკუთვნის და წარმოადგენს გარდამავალ საფეხურს „ახალი აღთქმიდან“ აპოსტოლურ მამებამდე. იგი არის ადრექრისტიანულ ეპოქაში შედგენილი პირველი კატეხიზმური შრომა, პირველი კატეხიზმო ეკლესიური მოძღვრებისა. „კატეხიზმო“ კი არის პირველდაწყებითი სწავლების შემცველი ძეგლი, რასაც ახალმოქცეული მორწმუნე (ნეოფიტი) ითვისებს, რათა წარემატოს მოძღვრებაში.

საეკლესიო მამათაგან „დიდაქეს“ ერთ-ერთი უადრესი გამოყენება გვაქვს წმ. იუსტინე მარტვილელთან (II საუკუნის შუა წლები) მის „პირველ აპოლოგიაში“, შემდეგ წმ. თეოფილე ანტიოქიელთან (II საუკუნის II ნახევარი) მის შრომაში „ავტოლიკესადმი“. განსაკუთრებით, საინტერესოა ცნობილი ღვთისმეტყველის კლიმენტი ალექსანდრიელის (II –III საუკუნეები) დამოწმება, რადგან ეს უკანასკნელი „დიდაქეს“ ასახელებს „წერილად“, ანუ ბიბლიად. ეს დამოწმება მნიშვნელოვანია ორი მხრივ:

  • „დიდაქე“ წოდებულია „წერილად“ (ბერძნ. „გრაფე“), რაც ამ ძეგლის მართებულობას ასაბუთებს.
  • „დიდაქე“ მოხსენიებულია ზოგადად „წერილად“, კონკრეტულად სახელდების გარეშე, რაც ცხადყოფს, რომ ის იგი დიდად ცნობილი იყო ადრექრისტიანულ ეპოქაში.

„დიდაქე“ დაწერილია არა უშუალოდ მოციქულთა, არამედ წმინდა მამათა ხელით, მაგრამ მას მოციქულთა მოძღვრება ეწოდება. იგი წარმოადგენს მოციქულთა სხვადასხვა შეგონებებისა და სწავლებების კრებულს. ეკლესიის მამებმა ერთ კრებულად შეადგინეს პირველდაწყებით სახელმძღვანელოდ ანუ კატეხიზმოდ ის, რაც ახალმოქცეულს ესაჭიროებოდა. ამას, სხვათა შორის, რუის-ურბნისის ძეგლისწერაც გვაუწყებს: [მოციქულებმა] დიდისა კლიმენტოისა მიერ დახსნეს კანონნი საეკლესიონი, რიცხჳთ ოთხმეოცდახუთნი“ (დიდი სჯულისკანონი გვ. 545).

„დიდაქე“ შემოგვინახულია ხელნაწერის სახით, რომელიც დაწერილია 1056 წლის ივნისში. იგი გადაწერილია ვინმე ლეონ ნოტარიუსის მიერ. შეიცავს ისეთ უმნიშვნელოვანეს ძეგლებს, როგორიცაა, მაგალითად წმ. იოანე ოქროპირის „შეჯამება ძველი და ახალი აღთქმისა“, მოციქულთა მოწაფის წმ. კლიმენტი რომაელის ორი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ, II ს. დამდეგის უდიდესი მღვდელმოწამის ეგნატე ღმერთშემოსილის ეპისტოლეებს და სხვ. ხელნაწერი გადაიწერა იერუსალიმის ბერძნულ საპატრიარქოში და იქვე ინახება დღემდე.

14 საუკუნიდან „დიდაქეზე“ უარყოფითი განწყობა ჩამოყალიბდა. არსებობს მოსაზრება მისი არაჭეშმარიტების შესახებ. ეს აზრი პირველად გამოთქმულია კანონიკურ და აპოკრიფულ წიგნთა სიაში, რომელიც უცნობმა ავტორმა გაავრცელა ათანასე ალექსანდრიელის სახელით. ძველი დროიდანვე ცნობილია, რომ სია არ არის წმ. ათანასეს დაწერილი. იგი უარყო სჯულის კანონმა და ეს აზრი დაასაბუთა მეცნიერულმა კვლევამაც, რის გამოც სიას ყველა იხსენიებდა და იხსენიებს, როგორც „ფსევდოს“ ანუ „ცრუს“. თვით ამ ყალბ სიაშიც კი „დიდაქე“ უარყოფილი არაა. ის, უბრალოდ, მიჩნეულია „საკამათოდ“ თუმცა ფილოთეოს ბრიენ ნიოსმა თავისი კვლევით ეს უარყოფითი განწყობები საბოლოოდ გააბათილა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]