საგდუხტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საგდუხტი
იბერიის დედოფალი და რეგენტი
მმართ. დასაწყისი: 446[1]
მმართ. დასასრული: 454[1]
წინამორბედი: მარიამი
მემკვიდრე: ბალენდუხტი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობი?
დაბ. ადგილი: რანი
მეუღლე: მითრიდატე VII
შვილები: 1. ხვარანძე
2. მირანდუხტი
3. ვარანგ–ხვასროთანგი
დინასტია: მიჰრანიდთა საგვარეულო
მამა: ბარზაბოდი
რელიგია: ქრისტიანი

საგდუხტი — V ს. ქართლის (იბერიის) დედოფალი, მირდატ მეფის მეუღლე და ვახტანგ გორგასალის დედა.

ისტორიული ცნობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯუანშერის „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისას“ მიხედვით, საგდუხტი რანის ირანელი მმართველის ბარზაბოდის ასული იყო. მშვიდობისა და მეგობრობის ნიშნად იგი ქართლის ტახტის მემკვიდრე მირდატს მიათხოვეს. საგდუხტი ქრისტიანი გახდა და სამეფოში სარწმუნოების განმტკიცებისათვის იბრძოდა; ააშენა სამშვილდის სიონი. მირდატს და საგდუხტს სამი შვილი ჰყავდათ: ორი ასული — ხვარანძე და მირანდუხტი და ვაჟი სახელად ვარანგ–ხვასროთანგ ანუ ვახტანგი. მირდატ მეფის გარდაცვალების შემდეგ, ვახტანგის მცირეწლოვანების ჟამს, სამეფოს საგდუხტი განაგებდა მამამისის ბარზაბოდის მფარველობით. მემატიანის გადმოცემით, საგდუხტი ძლიერ წუხდა ქართველთა შორის მაზდეანობის გავრცელების გამო და ქრისტიანობის დაცვას ბარზაბოდთან შუამავლობით ცდილობდა.[2]

გამოთქმულია ვარაუდი საგდუხტისა და ზნაკვაში აღმოჩენილ ასომთავრულ წარწერაში მოხსენიებულ საჰაკდუხტის იგივეობის შესახებ (ი. ჯავახიშვილი, ს. ჯანაშია, კ. თუმანოვი).[3]

სახელისათვის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საგდუხტი (იგივე საჰადუხტი) შედგენილი ანთროპონიმია, წარმოქმნილი ძველი აღთქმისეული ისააკისა (სპარს. საჰაკი) და ძველ-სპარსული სიტყვისგან „დუხტ“ — „ქალიშვილი“. ქართულ წყაროებში ცნობილია ამ სახელის წმინდანიც.[4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსე გიორგის ძე ჯანაშვილი „საქართველოს ისტორია“. შემუშავებული და შევსებული ავტორისაგან. მეორე გამოცემა ზ. ჭიჭინაძისა. თბილისი, სტამბა მ. შარაძისა და ამხ., ნიკოლ. ქუჩა, № 21. 1895. ვახტანგ გორგასალი, მირდატ მე-V შვილი. გვერდი 36.
  2. ჯუანშერი, „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა“. „ქართლის ცხოვრება“ სიმონ ყაუხჩიშვილის გამოცემა, ტომი 1. თბილისი, 1955. ტექსტი გადმოღებულია ტიტუს პროექტის ელექტრონული გამოცემიდან პორფ. იოსტ გიპპერტთან შეთანხმებით: TITUS Project, მაინის ფრანკფურტის უნივერსიტეტი. ტექსტის აკადემიური ორიგინალის მისამართი: Juanšer - Vita Vachtangi Gorgasalii.
  3. Toumanoff, Cyril (1963). Studies in Christian Caucasian history. P. 480. Washington, DC: Georgetown University Press
  4. ანდრონიკაშვილი, მზია. ნარკვევები ირანულ-ქართული ენობრივი ურთიერთობიდან. [წ.] 1./[რედ.: გ. ახვლედიანი] - : თბილ. სახელმწ. უნ-ტის გამ-ბა და სტ., თბ., 1966: გვ. 493-494