დუშეთის მეორე საცხოვრებელი სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დუშეთის მეორე საცხოვრებელი სახლი, მოზდოკიანთ სახლი — არქიტექტურული ძეგლი. მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ქალაქ დუშეთში, ობსერვატორიის ქუჩაზე, ექვს ნომერში. აგებულია XIX საუკუნის I ნახევარში. სახლი ქუჩის მხარეს ერთსართულიანია, ეზოს მხარეს - ორსართულიანი. ნაგებია აგურით.

პირველი სართული სამეურნეო დანიშნულებისაა, სართულზე გრძივი კედლების ორივე მხარეს სამ-სამი ოთახია, რომელთაგანაც შესასვლელები მხოლოდ ეზოს მხარეს მდებარე განაპირა ოთახებს აქვთ.

მეორე სართული საცხოვრებელია. სართული ანფილადურად განლაგებული ორი პატარა და ერთი დიდი ოთახისგან შედგება. ოთახები კაპიტალური კედლებითაა გამიჯნული და თითო კარით უკავშირდება ერთმანეთს. შესასვლელი ქუჩიდანაა, ხის სვეტებიან აივანზე. აივანი, გრძივი ფასადის მთელ სიგრძეზე მოწყობილ განიერ აივანს უერთდება, რომლის გადახურვა აგურით ნაშენ ექვს მასიურ კოლონას ეყრდნობა. ოთახებში შესასვლელები აივნის მხოლოდ ამ ნაწილიდანაა. დიდ ოთახს ორი შესასვლელი აქვს, პატარა ოთახებს - თითო-თითო. დიდ ოთახში ექვსი ფანჯარაა. მათგან ერთი შესასვლელებს შორისაა, სამი ქუჩის მხარეს, ხოლო ორი - ხის სვეტებიან აივანზე გადის. პატარა ოთახებში, ქუჩის მხარეს, ორ-ორი ფანჯარაა გაჭრილი. ერთი ფანჯარა ერთ-ერთ ოთახს აივნის მხარესაც აქვს. ორივე ოთახში ორ-ორი თახჩაა. აივნის მეორე ბოლო მეზობლის ნაკვეთისკენ მიმართული ყრუ კედლითაა შემოზღუდული, რომელშიც სხვენზე ასასვლელი კიბეა დატანებული. აივნის ხის მოაჯირი, რომელიც კოლომებშია ჩამაგრებული, შევსებულია წვრილი მავთულების დიაგონალური ბადით.

სახლის ფასადები რუსული კლასიცისტური არქიტექტურული მიბაძვითაა გაფორმებული. ქუჩის მხარეს მოქცეული შვიდივე ფანჯარა დასრულებულია ფრონტონის მაგვარი თავსართით. მსგავსი თავსართები ეზოს მხარეს, მხოლოდ შესასვლელებს აქვს. ფანჯრების თავსართები კი ჰორიზონტალურია. ქუჩის ფასადს, სარკმლებს ზემოთ, ერთსაფეხურიანი თარო გასდევს. ფასადი დასრულებულია აგურის სამსაფეხურიანი ლავგარდნით. სახლის პირველი სართულის კარ-ფანჯრები მოურთველია. შენობა გადახურულია თუნუქის პირამიდული სახურავით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]