დიღმის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დიღმის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თბილისის სოფელ დიღმის განაპირას, აღმოსავლეთით, აგებულია X-XI საუკუნეებში.

ეკლესია დარბაზულია, ნაგებია თლილი ქვით. XVI-XVII და XIX საუკუნეებში ეკლესია შეუკეთებიათ, საშენ მასალად გამოიყენეს აგური. დგას სწორკუთხა სწორკუთხა სამსაფეხურიან ცოლოკზე, შესასვლელი სამხრეთიდანაა. აღმოსავლეთის ნახევარწრიული აფსიდა შეისრული კონქით მთავრდება. აფსიდის ცენტრში სარკმელია, რომლის გვერდებზე ორი პატარა და ორი დიდი ნიშია. საკურთხეველში სწორკუთხა სატრაპეზო ქვა დგას. დარბაზის გრძივ კელდებზე წყვილი პილასტრია. შესასვლელის მარჯვნივ, დასავლეთ კედლის კუთეებთან მდებარე პილასტრები ორსაფეხურიანია, ხოლო მარჯვნივ ერთსაფეხურიანი. გვიანდელი შეისრული კამარის საბჯენი თაღი ამ პილასტრებს ეყრდნობა, სამხრეთის კედელში ერთი სარკმელია. ინტერიერში კედელები შელესილია და დაფარულია XIX-XX საუკუნის მდარე მხატვრობით.

აღმოსავლეთის და სამხრეთის ფასადების მორთულობის ძირითადი ელემენტებია სარკმელი და რელიეფური გამოსახილებები. აღმოსავლეთ სარკმლის დეკორს მხოლოდ თავსართი წარმოადგენს. სამხრეთის სარკმელი სიგანით ორჯერ უფრო დიდია აღმოსავლეთისაზე. ამ სარკმლის ორივე მხარეს ბაზისიანი და კაპიტელიანი ნახევარწრიული შეწყვილებული ნახევარსვეტებია, რომლებსაც ზემოთ ორმაგი გრეხილი აერთიანებს.

სამხრეთ ფასადზე სამი წარწერაა, აღმოსავლეთისაზე ოთხი. ამ წარწერებით ირკვევა, რომ ეკლესიის აგებაში მონაწილეობა მიუღია რამდენიმე პირს, რომლებიც ისტორიულ წყაროებში არ არიან ცნობილი. დამწერლობა ნარევია, ასოების უმრავლესობა ასომთავრულია, ბევრია ნუსხურიც.

ეკლესიაზე დასავლეთით მიშნებულია გეგმით კვადრატული ნაგებობა, რომელიც XVIII საუკუნეს მიეკუთვნება. კარი სამხრეთითაა. მის პირდაპირ ერთი სარკმელია. დასავლეთ კედელში ჩაშენებულია ნახევარწრიული ბუხარი, რომლის წეულ არეს ზემოდან საზღვრავს ოვალური თაღი, რომელიც ტრომპების საშუალებით გადადის სფერულ გუმბათზე. ფასადი მოპირკეთებულია თლილი კვადრებით. ნაგებობას მარტივი ფორმის ლავგარდანი აქვს. სახურავი სამფერდაა. მასზე დაშენებულია სამრეკლო, ოთხ სვეტზე მდგარი ფანჩატური. სვეტებს აქვთ კაპიტელი და ორსაფეხურიანი ბაზისი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]