ლედა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლედა და გედი, მიქელანჯელოს ნახატი

ლედა (ბერძ. Lēda) — ბერძნულ მითოლოგიაში: სპარტის მეფე ტინდარეს მეუღლე; კლიტემნესტრასა და კასტორის დედა. მისმა სილამაზემ მოხიბლა ზევსი, რომელიც გედად გადაიქცა და შეეუღლა მას; ამ კავშირის შედეგად ლედამ დადო ორო კვერცხი, რომლიდანაც დაიბადნენ ელენე და დიოსკურები.

მას შემდეგ, რაც სახელგანთქმული გმირი ტინდარეოსი თავისი სამეფოდან, სპარტადან, გააძევა საკუთარმა ძმამ, იგი შეიფარა ეტოლიის მეფე ფესტიოსმა. და არა მარტო შეიფარა, არამედ თავისი უმშვენიერესი ასული ლედა შერთო ცოლად. ერთხელ ზევსმა თვალი ჰკიდა ლედას, რომელიც მდინარე ევროტასის სანაპიროზე სეირნობდა. მოიხიბლა მისი მშვენებით, თეთრ გედად გარდაისახა და თანაეყო. გავიდა დრო და ლედამ კვერცხი დადო, საიდანაც გამოიჩეკნენ ზევსის შვილები: ელენე და პოლიდევკესი, ხოლო ტინდარეოსისგან ლედას ეყოლა კიდევ ორი შვილი – კლიტემნესტრა და კასტორი.

გვიანი მითოსის თანახმად, გედადქცეული ზევსის გამოცხადების შემდეგ ლედამ ორი კვერცხი დადო: ერთი კვერცხიდან გამოიჩეკა ელენე, მეორე კვერცხიდან კი – დიოსკურები — კასტორი და პოლიდევკესი.

არსებობს მითოსის სხვა ვერსიაც, რომელიც გვამცნობს, რომ გედადქცეულ ზევსს არწივი დაედევნა. ზევსმა ქალღმერთი ნემესისი დაინახა და მის მკერდს ამოეფარა, თან თანაეყო. მალე ნემესისმა კვერცხი დადო, ხოლო ეს კვერცხი ჰერმესმა ლედას შეუგორა კალთაში. ამ კვერცხიდან კი მშვენიერი ელენე იშვა.

ეს მითოსი ანტიკური თუ გვიანი ხანის ხელოვანთა უსაყვარლეს სიუჟეტად იქცა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • March, J. (1999). Cassell's Dictionary Of Classical Mythology. London. ISBN 0-304-35161-X. 
  • Peck, H. (1898). Harper's Dictionary of Classical Antiquities. 

რესურსები ინტერენტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ლედა&oldid=4325445“-დან