დიდრუვის ნამოსახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დიდრუვის ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, ყოფილი სოფლის ჟინვალის ჩრდილოეთით, 1 კილომეტრზე, დიდრუვის ხევის მარცხენა ნაპირზე. ამჟამად დაფარულია წყლით. განეკუთვნებოდა XII-XIII საუკუნეებს. 1974-1976 წლებში გათხარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ.

ნამოსახლარი განლაგებული იყო ფართო ხელოვნურ ტერასაზე. შედგებოდა ოთხი საცხოვრებელი კომპლექსისგან, რომლებსაც ირგვლივ ქვითკირის ზღუდე ჰქონდა შემოვლებული. შენობები ნაგები იყო ნატეხი ქვით. თითოეულ კომპლექსში შედიოდა სამი ძირითადი სათავსი: საცხოვრებელი ოთახი, მარანი და ფილაქვისიატაკიანი გომური. საცხოვრებელი ოთახი და მარანი გამოდიოდა ქვედა სართულის ბანზე, რომელიც ეზოს მოვალეობას ასრულებდა. მოპოვებული არქეოლოგიური მასალა - მოჭიქული ჯამები, ჩალისფრად გამომწვარი სასმისები, წითელი და შავი საღებავით მოხატული თხელკეციანი სურები, წითელკეციანი სუფრის ჭურჭელი, ცხენის ნალები, რკინის ისრისპირები, მინის სამაჯურისა და სასმისების ნატეხები, XIII საუკუნის პირველი ნახევრის ვერცხლის ორი სელჯუკური მონეტა და სხვა დაცულია არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]