დიდი ხინგანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიდი ხინგანი
კოორდინატები: 49°22′57″ ჩ. გ. 123°09′24″ ა. გ. / 49.38250° ჩ. გ. 123.15667° ა. გ. / 49.38250; 123.15667
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
მონღოლეთის დროშა მონღოლეთი
ტერიტორიული ერთეული ხეილუნძიანი
შიდა მონღოლეთი
უმაღლესი წერტილი ხუანგანშანი
სიმაღლე 2035 
სიგრძე 1200 კმ
სიგანე 400 კმ
დიდი ხინგანი — ჩინეთი
დიდი ხინგანი
სურათები ვიკისაწყობში

დიდი ხინგანი (ჩინ.: 大兴安岭; მონღ. Их Хянган) — მთათა სისტემა ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთსა და აღმოსავლეთ მონღოლეთში. ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია დაახლოებით 1200 კმ-ზე, სიგანე 400 კმ-მდე. მოქცეულია აღმოსავლეთით მანჯურიის ვაკესა და დასავლეთით მონღოლეთის პლატოს შორის. სამხრეთიდან შემოსაზღვრულია მდინარე შარა-მურენის ხეობით, ხოლო ჩრდილოეთით მდინარე ამურით. უფრო განიერია ქედის ჩრდილოეთი ნაწილი.[1]

დიდი ხინგანი აღმოსავლეთით მანჯურიის ვაკეზე ლიაოხეს, სუნგარისა და ნენძიანის მდინარეთა სისტემების და ჩრდილო-დასავლეთით ამურის სათავეებისა და მისი შენაკადების მნიშვნელოვანი წყალგამყოფია. სამხრეთი ნაწილის დასავლეთი კალთები გადადის მონღოლეთის პლატოში.[2]

გაბატონებული სიმაღლეები 800–1200 მ, მაქსიმალური სიმაღლე 2035 მ (მთა ხუანგანშანი). ჩრდილოეთ ნაწილში ფართო ბრტყელფსკერიანი ხეობებით დანაწევრებული მრავალრიცხოვანი ტოტებია. დამახასიათებელია ციცაბო კალთები და ბრტყელი მწვერვალები, სამხრეთ ნაწილში ცალკეული ჯაჭვები და ჭიუხებია. განვითარებულია წყალგამყოფთა მოსწორებული რელიეფი. აგებულია უმთავრესად გრანიტებით, ლიპარიტებითა და ანდეზიტებით. ჩრდილოეთ ნაწილში განვითარებულია მრავალწლოვანი მზრალობა და მასთან დაკავშირებული ჭაობიანობა.[1]

დიდი ხინგანი უნიკალურია ტექტონიკური, პალეოგეოგრაფიული და გეომორფოლოგიური თვალსაზრისით. წარმოადგენს ვეებერთელა ტექტონიკურ ფლექსურას, რომლის დასავლეთი კალთები გრძელია და დამრეცი, აღმოსავლეთი — უფრო მოკლე და ციცაბო. თანადროული რელიეფი სავსებით რთული და მოუწესრიგებელია. ცენტრალური ნაწილი ძირითადად აგებულია მაგმური ქანებით, დიდწილად გრანიტებითა და გრანიტოიდებით, ეფუზივებით, რომლებიც ბაზალტებითაა წარმოდგენილი. განაპირა აზევებული ადგილები გადაფარებულია მეზოზოური ასაკის მეტამორფული, დანალექ-მეტამორფული და დანალექი ქანებით.[3]

მნიშვნელოვანი კლიმატგამყოფია. მასზე გადის პირობითი საზღვარი არიდულ ცენტრალურ აზიასა და მუსონურ აღმოსავლეთ აზიას შორის. ატმოსფერული ნალექების რაოდენობა წელიწადში 500 მმ-ზე მეტია. დასავლეთიდან, ცენტრალური აზიიდან მუდმივი ძლიერი ქარი ქრის.[2]

დიდი ხინგანის ჩრდილოეთი დიდი ნაწილი უკავია ნათელწიწვოვან ტაიგას, რომელიც სამხრეთით თანდათან გადადის შერეულ წიწვოვან-ფართოფოთლოვან ტყეებში, მათ კი ტყესტეპი და სტეპი ცვლის. მდინარეთა ხეობებში შორს ჩრდილოეთისაკენ გავრცელებულია გასტეპებული მდელო.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Большой Хинган | Большая российская энциклопедия
  2. 2.0 2.1 Da Hinggan Range | Encyclopedia Britannica
  3. География. Современная иллюстрированная энциклопедия. М.: Росмэн. 2006.