დიანა ვაშაყმაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დიანა ვაშაყმაძე (დ. 1966, 4 ნოემბერი, თბილისი — გ. 14 მაისი, 2011, თბილისი) — ქართველი მომღერალი და ფიზიკოსი. იგი აღიზარდა მათემატიკოსისა პედაგოგის, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორ თამაზ ვაშაყმაძის ოჯახში. მათი ოჯახი წარმოშობით ვანის მუნიციპალიტეტიდან იყო. დიანას ბაბუა, სერგო ვაშაყმაძე გახლდათ პედაგოგი-ნოვატორი, რესპუბლიკის დამსახურებული მასწავლებელი, მათემატიკაში რესპუბლიკური ოლიმპიადების ჩატარების ინიციატორი. დიანას დედა – ნონა ვასილიევა, პროფესიით ბიო–ფიზიკოსია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

ტექნიკური საგნების ნიჭი გამოჰყვა სერგო ვაშაყმაძის შვილებსა და შვილიშვილებსაც. მათი დიდი ოჯახის ყველა წევრი გამორჩეულად წარმატებულია თავის პროფესიაში. დიანამ მათემატიკური საგნებისადმი მიდრეკილება ადრეულ ასაკში გამოამჟღავნა, პარალელურად, გატაცებული იყო მუსიკით. ფორტეპიანოს განხრით ჯერ მე-8 მუსიკალურ სასწავლებელში სწავლობდა, შემდეგ „ნიჭიერთა ათწლედში“, სადაც პედაგოგმა სვეტლანა კორსანტიამ აღმოაჩინა მისი ვოკალური მონაცემები.

დიანა ვაშაყმაძემ 1987 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი და ასპირანტურაში ჩააბარა. პარალელურად სწავლა დაიწყო თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში. მესამე კურსამდე მისი პედაგოგი იყო თენგიზ ჩაჩავა, შემდეგ გულიკო კარიაული. კონსერვატორია 1991 წელს დაამთავრა და აქაც ასპირანტურაში ჩააბარა. ვოკალურ ხელოვნებას პროფესორ ნოდარ ანდღულაძის ხელმძღვანელობით ხვეწდა. კონსერვატორია ახალდამთავრებული ჰქონდა, როცა ფულბრაიტის სამაგისტრო სტიპენდია მოიპოვა და ორი წელი ნიუ-იორკის კონსერვატორიაში სწავლობდა, შემდეგ ოზიმოს ვოკალურ აკადემიაში. 1994-1996 წლებში პროფესიული სწავლების პროგრამა გაიარა ნიუ-იორკის მანჰეტენის სამუსიკო სკოლაში. სტუდენტობის პერიოდში დიანა წარმატებით გამოდიოდა, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ისე ევროპის სხვადასხვა საოპერო სცენებზე. მისი დებიუტი შედგა ნიუ–იორკში, ულამაზეს ოპერაში „ზღვის მხედრები“.

1996–1997 წლებში მომღერალმა ტოსკანინის ასოციაციის მიერ გამართულ კონკურსში გაიმარჯვა, რამაც შესაძლებლობა მისცა, პროფესიული სრულყოფის მიზნით, მაესტრო კარლო ბერგონცის ჯუზეპე ვერდის აკადემიაში გაეგრძელებინა სწავლა. ამავე წელს გამართა კონცერტები პარმასა დაბუსეტოში. მომდევნო წლებში მომზადების კურსი გაიარა ტურინის აკადემიაში, რასაც მოჰყვა მუშაობა მილანის კონსერვატორიაში პროფესორ ანველტის ხელმძღვანელობით.

დიანა ვაშაყმაძეს ჰქონდა ძლიერი, ყველა რეგისტრში თანაბრად მჟღერი, სავსე ბგერის დრამატული სოპრანო. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ლედი მაკბეთი, აიდა, აზუჩენა, ტურანდოტი ,იზოლდა და სხვ. ნამღერი აქვს სოლო-პარტიები ოპერებში: ვაგნერის „ზიგფრიდი“, როსინის „კონკია“, მასკანის „სოფლის პატიოსნება“; წარმატებით გამოდიოდა მსოფლიოს მრავალ ცნობილ საოპერო სცენაზე. მათ შორის: მილანი, ბარსელონა, სანტიაგო, ციურიხი, ვენა, თბილისი, ვაშინგტონი, ნიუ-იორკი...

2003 წელს მომღერალი სანტიაგოს მსმენელთა წინაშე წარსდა. ამავე წელს ირლანდიაში მონაწილეობა მიიღო ენრიკეს გრანდორის ოპერის „მარია დელ კარმენის“ პირველ შესრულებასა და ჩაწერაში. აქვე გამართა კონცერტებიც, რომლებზეც უმთავრესად ვაგნერის მუსიკა შეასრულა. გერმანული კამერული მუსიკა და განსაკუთრებით რიხარდ ვაგნერი გამორჩეულად უყვარდა.

სამშობლოში დიანას შემოქმედებას ნაკლებად იცნობენ. იგი ერთადერთხელ, 2005 წელს, წარსდგა ქართველი მაყურებლის წინაშე აიდას პარტიით ჯუზეპე ვერდისოპერაში "აიდა". დიანა ვაშაყმაძე განათლებული, ნიჭიერი, მაღალი კულტურისა და ინტელექტის პიროვნება იყო. მის არსებაში განუყოფლად ერწყმოდა ერთმანეთს ფიზიკა, მათემატიკა, კოსმოლოგია, მუსიკა, სიმღერა, პოეზია თუ მხატვრობა... იგი შვიდ ენაზე საუბრობდა და წერდა, თარგმნიდა იტალიური ოპერების ტექსტებს და თავადაც წერდა ლექსებს.

დიანა ვაშაყმაძე 1997 წელს გათხოვდა იტალიელ ვიოლონჩელისტსა და დირიჟორზე ავგუსტო ვერონეზეზე. ძირითადად მილანში ცხოვრობდნენ. მათ ჰყავთ ვაჟი–ლეონარდო. ის ქართულადაც მეტყველებს. დიანას და, ეკატერინე ვაშაყმაძე, მსოფლიო ბანკის მაღალი რანგის მუშაკია, რამდენიმე წლის მანძილზე მას მთელი შუა აზიის სახელმწიფოები ებარა, ახლა კი სათავო ოფისში, ვაშინგტონში, წამყვანი ეკონომისტია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]