დემეტრიადას ბრძოლა
დემეტრიადას ბრძოლა | |||
---|---|---|---|
ნიკეა-ლათინების ომების ნაწილი | |||
საბერძნეთი 1178 | |||
თარიღი | 1272/1273 ან 1274/1275 | ||
მდებარეობა | დემეტრიადა | ||
შედეგი | ბიზანტიის გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
|
დემეტრიადას ბრძოლა — საზღვაო ბრძოლა დემეტრიადას მახლობლად საბერძნეთში 1270-იანი წლების დასაწყისში ბიზანტიის ფლოტსა და ევბეას (ნეგროპონტე) და კრეტას ლათინი ბარონების გაერთიანებულ ძალებს შორის. ბრძოლა იყო სასტიკი და თავდაპირველად ლათინების სასარგებლოდ წარიმართა, მაგრამ ბიზანტიის დამხმარე ძალის დროულმა ჩამოსვლამ წონასწორობა დაარღვია, რის შედეგადაც ბიზანტიამ გამანადგურებელი გამარჯვება მოიპოვა.
წინაისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობისა და ბიზანტიის იმპერიის დაშლის შემდეგ, ეგეოსის ზღვა შედგებოდა ლათინური სამთავროებისგან, რომლებსაც ვენეციის რესპუბლიკის საზღვაო ძალები იცავდნენ.
1261 წელს კონსტანტინოპოლის მეორე დაპყრობისა და ბიზანტიის იმპერიის აღდგენის შემდეგ, იმპერატორ მიხეილ VIII პალეოლოგოსის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო დედაქალაქის დაცვა ვენეციელთა თავდასხმისგან. იგი ესწრაფოდა მოკავშირეობას მის მთავარ კონკურენტ გენუის რესპუბლიკასთან, ამავე დროს დაიწყო მუშაობა საკუთარი ფლოტის შექმნაზე.
ახალი ფლოტის დახმარებით პალეოლოგოსმა 1263 წელს ექსპედიცია გააგზვნა მორეაში აქაიის სამთავროს წინააღმდეგ. გამარჯვების ზღვარზე, ბიზანტიის სახმელეთო ძალები დამარცხდნენ, ხოლო ბიზანტიელ-გენუელთა გაერთიანებულმა ფლოტს მძიმე დარტყმა მიაყენა ვენეციელთა მცირერიცხოვანმა ფლოტმა სეტეპოცის ბრძოლაში. მიხეილმა უარი განაცხადა გენუასთან კავშირზე, შედეგად, 1268 წელს დაიდო ხუთწლიანი სამშვიდობო ხელშეკრულება ვენეციასთან.
ვენეციის რესპუბლიკის განეიტრალების შემდეგ ეგეოსის ზღვაში იმპერიული ინტერესების მთავარ საფრთხედ იქცნენ ნეგროპონტეში მოკალათებული ლომბარდიელი კორსარები. კუნძულს არაერთხელ შეუტია ბიზანტიის ფლოტმა ალექსი დუკა ფილანტროპენოსის მეთაურობით, მაგრამ მას ხანგრძლივი წარმატებისთვის არ მიუღწვია. მხოლოდ 1273 წლიდან, რაინდ ლიკარიოს დახმარებით, ბიზანტიის ჯარებმა წინ წაიწიეს და კუნძულზე რამდენიმე ციხე აიღეს.
1270-იანი წლების დასაწყისში (ზუსტი თარიღი უცნობია, სავარაუდოდ 1272/3 ან 1274/5), მიხეილ VIII პალეოლოგოსმა წამოიწყო დიდი ლაშქრობა თესალიის მმართველ იოანე I დუკას წინააღმდეგ. ლაშქრობას სათავეში ჩაუდგა მისი ძმა დესპოტი იოანე პალეოლოგოსი. ლათინების დახმარების თავიდან ასაცილებლად, 73 გემისგან შემდგარი ფლოტი, ფილანტროპენოსის მეთაურობით, გაგზავნეს სანაპიროს დასარბევად. თუმცა ბიზანტიის არმია ნეოპატრასთან ბრძოლაში დამარცხდა, რის შემდეგაც ლათინებმა გადაწყვიტეს თავდასხმა დემეტრიადას პორტში განთავსებულ იმპერიულ ფლოტზე.
ბრძოლა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოწინააღმდეგეთა ფლოტების რაოდენობა გაურკვეველია. ნიკიფორე გრიგორას მიხედვით ბიზანტიელებს ჰყავდათ "50-ზე მეტი" ხომალდი, ვენეციელი მარინო სანუდო უფროსის მიხედვით — 80. გაერთიანებული ლათინურს ფლოტს, რომელიც შედგებოდა ლომბარდიის და ვენეციის გემებისგან ნეგროპონტესა და კრეტადან, ჰყავდა 30 (ნიკიფორე გრიგორა) — 62 (მარინო სანუდო) გემი. ყველა წყარო ადასტურებს, რომ ლათინური ფლოტი რიცხობრივად ჩამორჩებოდა ბიზანტიურს დაახლოებით მესამედით. ზავის თანახმად, ნეგროპონტეს ვენეციელებმა ნეიტრალიტეტი შეინარჩუნეს, თუმცა ზოგიერთი მათგანი პირადად მონაწილეობდა ბრძოლაში ერთმორწმუნეთა მხარეზე.
ლათინების ფლოტმა ბიზანტიელებში დაბნეულობა გამოიწვია, პირველი შეტევა საკმაოდ სასტიკად წარიმართა და მათ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს. ბევრი ბიზანტიელი მეზღვაური და ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიხრჩო. გამარჯვება თითქოს უკვე ახლოს იყო. ამ დროს მოვიდა დამხმარე ძალა დესპოტი იოანე პალეოლოგოსის ხელმძღვანელობით. როგორც კი ბრძოლის შესახებ მიიღო ინფორმაცია, მან იმ დროისთვის შეკრებილ ჯარებთან ერთად ერთ ღამეში 40 მილი გაცურა და მიაღწია დემეტრიადას სწორედ იმ მომენტში, როდესაც ბიზანტიის ფლოტმა ორჭოფობა დაიწყო.
მისმა ჩამოსვლამ ბიზანტიელთა საბრძოლო სულისკვეთება აამაღლა. გემებზე პატარა ნავებით გადაყვანილმა მეომრებმა მიყენებული ზარალი აანაზღაურეს და საგრძნობლად შეცვალეს ვითარება. ბრძოლა მთელი დღე გაგრძელდა, დაღამებამდე ყველა ლათინური ხომალდი, გარდა ორისა, ტყვედ აიყვანეს. ლათინელთა დანაკარგები მძიმე იყო. ბევრი დიდებული ტყვედ ჩავარდა, მათ შორის ვენეციელი ფილიპო სანუდა, რომელიც სავარაუდოდ ფლოტის მთავარსარდალი გახლდათ.
შედეგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დემეტრიადასთან გამარჯვების შემდეგ დაიწყო ხანგრძლივი შეტევა ეგეოსის ზღვაზე: 1278 წლისთვის ლიკარიომ დაიმორჩილა მთელი ევბეა, მისი დედაქალაქის ჰალკიდის გამოკლებით, ხოლო 1280 წლისთვის, როგორც ბიზანტიის ფლოტის დიდმა ადმირალმა, დაიბრუნა ადგილობრივი კუნძულების უმეტესობა. მისი მიღწევები დიდხანს არ გაგრძელებულა: 1296 წლისთვის ლათინებმა დაიბრუნეს მთელი კუნძული.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Fine John van A., Jr. The Late Medieval Balkans : A Critical Survey from the Late Twelfth Century to the Ottoman Conquest (англ.). — Ann Arbor: University of Michigan Press, 1994. — XVI, 683 [4] p. — ISBN 04-720-8260-4. — ISBN 978-0-472-08260-5. — ISBN 04-721-0079-3. — ISBN 978-0-472-10079-8.
- Geanakoplos, Deno John. Emperor Michael Palaeologus and the West, 1258–1282: A Study in Byzantine-Latin Relations. — Cambridge, Massachusetts : Harvard University Press, 1959
- Kazhdan, Alexander, ed. (1991), The Oxford Dictionary of Byzantium. Oxford University Press: Oxford and New York, ISBN 0-19-504652-8.
- Nicol, Donald M. The Last Centuries of Byzantium, 1261–1453. — Second. — Cambridge : Cambridge University Press, 1993. — ISBN 978-0-521-43991-6.
- Setton, Kenneth M. The Papacy and the Levant (1204–1571), Volume I: The Thirteenth and Fourteenth Centuries. — Philadelphia : The American Philosophical Society, 1976. — ISBN 0-87169-114-0.