დახატულა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დახატულაკლდის მხატვრობა, მდებარე ოპიზასა და ხანძთას შორის. XVI საუკუნეში საქართველოში გამოიყენებოდა, როგორც საზღვრის აღმნიშვნელი ტბეთისა და ანჩის საეპისკოპოსოებს შორის.

XVI საუკუნის დოკუმენტის, სამცხე-საათაბაგოს მღვდელმთავართა ნუსხის[1], ცნობით, დახატულა მდებარეობდა ანჩისა და ტბეთის საეპისკოპოსოების გასაყარზე.

Ⴃ. ანჩელის სამწყსო სამწყალს აქეთი, სანცხას და ოპიზას შუა — დახატულა, ამის ქვემოთი ნიგალის-ჴევი დაღმა და გამოღმართი გონიის სამძღურამდინ.

Ⴄ. მტბევარის სამწყსო დახატულას ზედათი ანაკერთს აქეთი, სულა შავშეთი მიჭიხიანთ ბატონის კათალიკოზის ყოფილა, იმ ქვეყნის ეპისკოპოსის იასაულიც ის ყოფილა; აჭარა დანდალოს ზევითი მას ჰქონებია და დანდალოს ქვემოთი აჭარა ქუთათელის სამწყსო ყოფილა.

—ანდრძი წმინდისა მეფისა დავით აღმაშენებლისა

ამ ტოპონიმს ახსენებს ნიკო მარი თავის „შავშეთსა და კლარჯეთში მოგზაურობის დღიურებში“ თუმცა მხოლოდ ახსენებს და ფაქტია, რომ როცა 1904 წელს იმოგზაურა კლარჯეთში, „დახატულად“ სახელდებულ ადგილას არ მისულა.

2010 წელს მოეწყო ექსპედიცია (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები: მალხაზ ჩოხარაძე, მამია ფაღავა, ზაზა შაშიკაძე; ოპერატორი: ნიკა ტუღუში), რომლის მიზანიც დახატულას მოძიება და მისი იდენტიფიცირება იყო. მალხაზ ჩოხარაძე წერს: „დახატულა ოპიზა-ფორთის გადასახვევიდან 3,5 კილომეტრზეა. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ფორთისკენ მიმავალი საავტომობილო გზის პირას დაყუდებულ კლდეზე მართლაც არის გამოსახულება (უფრო ზუსტად, აქ დღეს მხოლოდ გამოსახულებათა ნაშთებია დარჩენილი), გამოსახულებები ადამიანის ხელით ჩანს შექმნილი (და არა, ვთქვათ, ატმოსფერული ნალექების ზემოქმედების შედეგი), ადგილის სახელწოდებაც მათ უნდა უკავშირდებოდეს. ამასთან, ეს ცნობილი და რაღაცით გამორჩეული ადგილი იქნებოდა, რახან ორიენტირადაა დასახული. შესაძლოა, წინათ აქ გამოქვაბულიც ყოფილიყო (მაგალითად, ბერების სადგომი), რომელიც დროთა განმავლობაში ჩამოიშალა. ყოველ შემთხვევაში, დღეს გამოქვაბულის კვალი არ ჩანს. გამოსახულებათა დათარიღება ძნელია: ფაქტია,რომ XV-XVI საუკუნეების დოკუმენტში ტოპონიმი „დახატულა“ ნახსენებია; თუმცა,შესაძლებელია, ნახატები გაცილებით ადრე იყოს შესრულებული...მკაფიოდ იქ არაფერი ჩანს, თუმცა, ადგილობრივები უფრო ქალსა და ბავშვს წარმოიდგენენ, ზოგჯერ გველის თუ თაგვის გამოსახულებასაც...“

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მალხაზ ჩოხარაძე, ,,დახატულა” და რამდენიმე კითხვა ანჩისა და ტბეთის ეპარქიათა საზღვრებისა გამო - ,,ჩვენი სულიერების ბალავარი”, ბსუ-ს ქრისტიანული კვლევის ცენტრის სამეცნიერო კონფერენციის მასალები, ტ.VI, 2014 წ., ბათუმი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ჟორდანია თ. „ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა“, თბ. 1897, გვ. 53

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]