დარბევა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დარბევა — შუა საუკუნეების საქართველოში აღნიშნავდა:

1. სამხედრო მოქმედების სახეობას საგარეო თუ შინაომებში, ხშირად რეპრესიის მიზნით;

2. დანაშაულის სახეს — ფეოდალების მიხდომა-თავდასხმასა და ძარცვას; უფლების თვითნებურად განხორციელებასა და მტერთან ანგარიშის გასწორებას;

3. ეგზეკუციური ხასიათის ქონებრივ სასჯელს, რომელიც იყო ერთგვარი ჯარიმა, იძულებითი გადახდევინება (აკლება). დარბევა თავდაპირველად თემის პასუხი იყო მისი წესების დარღვევისათვის, შემდგომში მას მებატონეები მიმართავდნენ ყმებთან ურთიერთობაში. ზოგი ქმედებისათვის დარბევას სანქციად სახელმწიფო და ეკლესიაც კი აწესებდა. მიუხედავად ამისა, ხალხურობის ელემენტი მასში XIX საუკუნემდე არ წაშლილა. მაგ., დარბევით ისჯებოდა ის, ვინც წყლით სარგებლობის რიგს დაარღვევდა, გზას გადახნავდა და მიისაკუთრებდა, მდევარსა და ლაშქარს დააკლდებოდა. თავდაპირველად ჯარიმის სახით პირუტყვს ან სხვა საოჯახო ქონებას ართმევდნენ, შემდეგ კი თანდათან „თეთრით“ (ფულადი) დარბევაც შემოვიდა. ხელისუფლების მიერ სანქცირებული დარბევის აღმასრულებელი, ჩვეულებრივ, იასაული და „მეჯურუმე“ (მეჯარიმე) იყო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული სამართლის ისტორიის საკითხები, [ტ.] 1, თბ., 1973: