დანკალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დანკალი — ნასოფლარი ისტორიულ ზემო ჯავახეთში. მდებარეობდა ჯავახეთის პლატოზე, კუმურდოსა და გოგაშენს შორის, მტკვრის კანიონის ნაპირას.

დასახლება წინაისტორიულ ხანაში გაჩენილა, რასაც მოწმობს გამაგრებული გორანამოსახლარი და კერამიკული ნაწარმის ფრაგმენტები გვიანდელი ბრინჯაოს – ადრინდელი რკინის ხანისა. ნასოფლარის ტერიტორიაზე დგას X–XI საუკუნეების დარბაზული ეკლესია. იგი ნაგებია გათლილი ქვებით და კირხსნარით. შესასვლელები ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან ჰქონია, სამხრეთიდან მინაშენია, რომელშიც გასვლა შეიძლება მთავარი ნავიდან. სახურავი ჩაქცეულია. ეკლესიის ირგვლივ სასაფლაოა. ეკლესიაში აღმოჩნდა ადრინდელი ფეოდალური ხანის სტელათა ფრაგმენტები, აგრეთვე სტელის კუბური ბაზისი, რომელზედაც წრეში ჩასმული ტოლმკლავა ჯვარია ამოკვეთილი. ერთ სტელაზე ადამიანის ფიგურა, ტოლმკლავა ჯვარი და ყვავილის რელიეფური გამოსახულებანი ყოფილა, რომელიც V–VI საუკუნეების მიჯნით თარიღდება. „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის“ მიხედვით (XVI საუკუნის ბოლო), ახალქალაქის ლივის აქშეჰირის ნაჰიეში შემავალი სოფელი დანკალი მოსახლეობისაგან დაცლილია. 1972 წელს იქ ჯერ კიდევ იყო შერჩენილი სამი კომლი.

დანკალთან არის დაკავშირებული ჯავახეთში გავრცელებული ლეგენდა, რომლის მიხედვითაც თმოგვის ციხე ღალატით დაეცა. მოღალატე იყო თმოგველის ცოლი, რომელიც უმკაცრესად დასაჯა თვით მომხმდურმავე. ეს სასჯელი იმდენად მძიმე იყო, რომ – „დამკალითო“ – იძახდა ქალი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ელიზბარაშვილი ი. დანკალის ორნავიანი ეკლესია //ძეგლის მეგობარი.-1993.-გვ.17-21;
  • მ. ბერიძე, ჯავახეთის ძეგლთა მდგომარეობა (სამეცნიერო ექსპედიციის ანგარიში, 1979 წ.). ჯავახეთი. ისტორია და თანამედროვეობა. ახალციხე. 2002. გვ. 335-404;