შინაარსზე გადასვლა

დავით ფურცელაძე

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დავით ფურცელაძე
დაბ. თარიღი 25 ნოემბერი, 1902(1902-11-25)
დაბ. ადგილი თბილისი
გარდ. თარიღი 3 ნოემბერი, 1996(1996-11-03) (93 წლის)
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 სსრკ
 საქართველო
საქმიანობა mountain guide, მეცნიერი, იურისტი, პროფესორი და ალპინისტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

დავით ფურცელაძე (დ. 25 ნოემბერი, 1902, თბილისი — გ. 3 ნოემბერი, 1996) — ქართველი მთამსვლელი, მეცნიერი, სპორტსმენი, იურისტი, იურდიული მეცნიერებათა დოქტორი (1969), პროფესორი.

1927 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტის იურდიული განყოფილება.

1926-1938 წლებში საქართველოს კომუნალურ ბანკში მსახურობდა. 1938-1940 წლებში რეპრესირებულ იქნა. 1941 წელს მიიწვიეს საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტში მთამსვლელობის კურსის წასაკითხად. ომის პერიოდში არმიის რიგებშია, სადაც ეწეოდა მუშაობას სამთო მომზადების დარგში. დემობილიზაციის შემდეგ მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში პრეზიდენტის თანაშემწედ, ცენტრალური სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორად, მეცნიერებათა აკადემიის სწავლულ მდივნად, ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1963 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1969 წელს სადოქტორო დისერტაცია. მიენიჭა იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. ძირითად პროფესიას მიუძღვნა არაერთი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის, მონოგრაფიები, განსაკუთრებით ისტორიული სამართლებრივი ძეგლების კვლევას. გამოიკვლია და გამოსცა XVIII-XIX საუკუნეების მიჯნის სამართლის ძეგლები „სამოქალაქოს ჰსჯულვილება“ და „სამართალი ბატონისშვილის დავითისა“. აღსანიშნავია ქართული სამართლის წიგნების ახალი რუსული თარგმანები, განსაკუთრებით აკადემიის გამოცემა „ვახტანგ VI-ის კანონები“ (1980, რუსულ ენაზე), „იურდიული ტერმინოლოგიის“ ერთ-ერთი შემდგენელი (1963). აღსანიშნავია მისი საქმიანობა მთამსვლელობისა და ტურიზმის დარგში. ჯერ კიდევ 1929 წელს ლევან მარუაშვილთან ერთად 5 დღეში გაიარეს თრიალეთის ქედი თბილისიდან ბორჯომამდე. მას შემდეგ არაერთ მოგზაურობაში მიიღო მონაწილეობა. ამ საკითხებზე მან გამოაქვეყნა რიგი სამეცნიერო ნაშრომები, რომლებიც ქართული ალპინიზმის და ტურიზმის საკითხებს შეეხება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „მთამსვლელობა საქართველოში 1923-1950“, რომელიც თანაავტორობით არის შედგენილი. მის სპორტულ თემებზე შექმნილ ნაწერებს მიმზიდველობას მატებს მთის ტურიზმით თვით ავტორის გატაცება და მთამსვლელობის შემეცნებითი მხარით დაინტერესება. შეადგინა რიგი წერილები მთამსვლელობაზე, რომლებიც გამოსცა კრებულ „კავკასიონზე“. იგი ქართული ალპინიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელიცაა.

  • 1983 — საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1982 — ნიკო ბერძენიშვილის სახელობის პრემია
  • 1952 — სსრკ სპორტის ოსტატი
  • სამართლისა და პოლიტიკური აზროვნების ისტორიის ნარკვევები, თბ., მერიდიანი, 2012, გვ. 728 ISBN 9789941106781
  • ძეგლის დადება გიორგი V-ის ბრწყინვალისა, თბ., მეცნიერება, 1988, გვ. 183
  • იურიდიული ტერმინოლოგია: რუს. ქართ. ნაწ., თბ., საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა, 1963, გვ. 331
  • კავკასიონზე: კრებული, თბ., საბჭ. საქართველო, 1959, გვ. 374
  • მთამსვლელობა საქართველოში, 1923-1950 წლები: მოკლე მიმოხილვა, თბ., სახელგამი, 1954, გვ. 135
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10, თბ., 1986, გვ. 431
  • ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი, თბ., 2003, გვ. 252-253

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]