შინაარსზე გადასვლა

დავით ამაღლობელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ამაღლობელი.
დავით ამაღლობელი
დაბადების თარიღი 8 აგვისტო, 1976 (1976-08-08) (48 წლის)
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველო
განათლება ეკონომისტი
პროფესია ეკონომიკა

დავით ამაღლობელი (დ. 8 აგვისტო, 1976, თბილისი) — ქართველი ეკონომისტი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი 2007 წლის ოქტომბრიდან 2009 წლის თებერვლის ჩათვლით.

დაიბადა 1976 წელს. 1998 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობის სპეციალობით, 2001 წელს კი - ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აშშ) ეკონომიკის ფაკულტეტი. არის ეკონომიკურ მეცნიერებათა მაგისტრი.

1998 წელს დავით ამაღლობელი დაინიშნა საქართველოს პარლამენტში ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტში უფროს სპეციალისტად, 1999-2001 წლებში, აშშ-ში სწავლის პარალელურად, იგი ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორის ასისტენტად მუშაობდა.

2001 წლიდან ამაღლობელმა სამსახურებრივი კარიერა საქართველოში გააგრძელა და მუშაობა დაიწყო საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროში, სამმართველოს უფროსად. 2002-2003 წლებში იგი საქმიანობას განაგრძობს სიღარიბის შემცირებისა და ეკონომიკური ზრდის პროგრამის მონეტარული და ფისკალური საკითხების ქვეკომისიაში, ეროვნულ ექსპერტად.

2001-2002 წლებში დავით ამაღლობელი მუშაობდა საგადასახადო შემოსავლების სამინისტროში სამმართველოს უფროსად, ხოლო 2002-2003 წლებში სიღარიბის შემცირებისა და ეკონომიკური ზრდის პროგრამის ფარგლებში საქართველოს მთავრობის კონსულტანტად მონეტარულ და ფისკალურ საკითხებში.

2004 წლის იანვრიდან დავით ამაღლობელი მუშაობას განაგრძობს საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს წარმომადგენლობაში, ფისკალურ ექსპერტად, იმავე წელს კი ინიშნება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილედ.

2005 წლის მარტიდან 2009 წლის ნოემბრამდე დავით ამაღლობელს ეკავა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, 2007 წლის ოქტომბრიდან 2009 წლის თებერვლამდე იგი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა.

დავით ამაღლობელის ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის პერიოდში განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური ცვლილებები. კერძოდ, მონეტარული პოლიტიკა გადავიდა ინფლაციის თარგეთირების რეჟიმზე, შემოღებულ იქნა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი და პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთი, ჩამოყალიბდა სავალუტო აუქციონები როგორც სავალუტო ბაზარზე ინტერვენციის ძირითადი ინსტრუმენტი. 2007-08 წლებში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა თანამშრომელთა რაოდენობა, და დაიწყო საგადახდო (ნაღდი და უნაღდო) სისტემის და რეზერვების მართვის რეფორმირების პროექტები.

დავით ამაღლობელის ეროვნულ ბანკში მოღვაწეობის პერიოდში ქვეყანა მნიშვნელოვანი გარე შოკების ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდა. კერძოდ, მიუხედავად 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის და შემდგომ სექტემბერში გლობალური საფინანსო კრიზისის გაღრმავებისა, ქვეყანაში შენარჩუნებულ იქნა მაკროეკონომიკური და საბანკო სისტემის სტაბილურობა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]