გრიგოლი აკრაგანტელი
გრიგოლი აკრაგანტელი — მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 23 ნოემბერი, ახალი სტილით - 6 დეკემბერი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წმინდა გრიგოლი, აკრაგანტელი ეპისკოპოსი კუნძულ სიცილიაზე, ქალაქ აკრაგანტის მახლობლად მდებარე სოფელ პრეტორიაში დაიბადა, კეთილმსახური ქრისტიანების, ხარიტონისა და თეოდოტიას ოჯახში. ნათლისღებისას მისი მიმრქმელი იყო აკრაგანტელი ეპისკოპოსი პატამონი. მშობლებმა გულისხმიერი ყრმა სასწავლებლად მიაბარეს, იგი ისე სწრაფად დაეუფლა წერა-კითხვას და გალობას, რომ თორმეტი წლის ასაკში წმიდანი ღვთისმსახურთა დასს შერთეს. ნეტარმა გრიგოლმა ათი წელი იმსახურა აკრაგანტის ეკლესიაში. ერთხელ წმინდა ჭაბუკს, რომელსაც ძლიერ სურდა იერუსალიმის მოლოცვა, ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა, რომ უფალმა აკურთხა მისი განზრახვა.
იერუსალიმში წმინდა გრიგოლი წარუდგინეს პატრიარქ მაკარის (563-574), რომელმაც მას დიაკვნად დაასხა ხელი და თავის საკათედრო ტაძარში დატოვა მსახურებისთვის. აქ ნეტარი მამა სიმშვიდეს ვერ პოულობდა - იგი უფრო მძიმე, ბერულ ღვაწლს ესწრაფოდა. პატრიარქმა მაკარიმაც აკურთხა ღვთისმოყვარე ყმაწვილი, რის შემდეგაც იგი ელეონის მთაზე მდებარე მონასტერში დამკვიდრდა. ერთი წლის თავზე უფლის რჩეულმა სავანე დატოვა და ერთ მეუდაბნოე ბერს მიაშურა, რომელიც ოთხი წლის მანძილზე გულმოდგინედ ასწავლიდა მოსაგრე ცხოვრების წესებს. განდეგილმა წინასწარ განჭვრიტა ჭაბუკის მომავალი და აკურთხა იგი, დაყუდებიდან გასულიყო.
გრიგოლმა რამდენიმე ხანი იერუსალიმში დაჰყო, შემდეგ კი კონსტანტინოპოლში გაემგზავრა სერგისა და ბაქოსის სახელობის მონასტერში. წმინდა მამის ასკეტურმა ცხოვრებამ, სულიერმა გამოცდილებამ და ღვთისმეტყველურმა ცოდნამ კონსტანტინოპოლის პატრიარქის, ევტიქის (552-565) ყურადღება მიიპყრო. მისი მოთხოვნით გრიგოლმა მონაწილეობა მიიღო მეხუთე მსოფლიო კრების (553) მუშაობაში. კრების დამთავრების შემდეგ წმინდანი რომში გაემგზავრა მოციქულების, წმინდა პეტრესა და პავლეს საფლავთა თაყვანსაცემად.
როდესაც აკრაგანტის ეპისკოპოსი გარდაიცვალა, ქალაქის უხუცესმა ღვთისმსახურებმა და წარჩინებულმა მოქალაქეებმა რომის პაპს მიმართეს თხოვნით, დაქვრივებულ კათედრაზე გაემწესებინა ერთ-ერთი მათ მიერ წარდგენილი კანდიდატთაგანი, მაგრამ პაპმა ყველა მოწოდებული წინადადება უარყო და მღვდელმთავრად წმინდა გრიგოლი დაადგინა.
წმინდანი მღვდელმთავრის ხარისხშიც მოსაგრე ბერის ცხოვრებით ცხოვრობდა. სამწყსოს უყვარდა თავისი მღვდელმთავარი, ენდობოდა მას, მაგრამ ნეტარს გამოუჩნდნენ მტრებიც, რომლებმაც გადაწყვიტეს, ცილისწამებით შეებღალათ მისი სახელი. როცა წმიდა გრიგოლი ტაძარში იმყოფებოდა, მოშურნეებმა მის სენაკში ფარულად შეიყვანეს მოსყიდული ქალი, შემდეგ კი ხალხის წინაშე, რომელიც ღვთისმსახურების შემდეგ სახლამდე მიაცილებდა მწყემსმთავარს, გამოიყვანეს იგი და გრიგოლს მეძაობის ცოდვაში დასდეს ბრალი. წმინდა ეპისკოპოსი დააპატიმრეს. ხალხი ცდილობდა, დაეცვა მეუფე, მაგრამ ამაოდ. სამსჯავროზე მეძავი ცრუმოწმედ გამოვიდა გრიგოლის წინააღმდეგ, მაგრამ როგორც კი ცილისმწამებლური სიტყვები წარმოთქვა, ეშმაკეულ-იქმნა. მაშინ მსაჯულებმა წმინდანს ჯადოქრობაში დასდეს ბრალი, თავის „დანაშაულთა“ ცილისმწამებლური ნუსხა გააყოლეს და რომის პაპთან გაგზავნეს განსასჯელად. რომის ეკლესიის მესაჭემ ცრუბრალდებები რომ წაიკითხა, „დამნაშავის“ ნახვა არც ისურვა - ბრძანა, პირდაპირ საპყრობილეში ჩაეგდოთ უფლის რჩეული. ნეტარი უდრტვინველად იტანდა დამცირებას და გამუდმებით ლოცულობდა. ხმა მისი ლოცვითი ღვაწლისა და სასწაულთქმედების ნიჭის შესახებ სწრაფად გავრცელდა მთელს ქალაქსა და ოლქში. უფლის რჩეულთან მრავლად მოდიოდნენ კეთილმსახური რომაელები, რომელთაც პყრობილი წმინდანი მართალ ცხოვრებას ასწავლიდა.
ორი წლის შემდეგ პაპთან მივიდა განჭვრეტის ნიჭმიმადლებული ბერი მარკოზი, რომელიც გრიგოლს სიყმაწვილიდანვე იცნობდა. მან არ ირწმუნა ცილისწამებისა და პაპს მოსთხოვა, წმინდანის საქმის გასარჩევად საგანგებო კრება მოეწვია. პაპის მოწვევით კრებაზე ქალაქ აკრაგანტის მრავალი ღვთისმსახური ჩავიდა, მივიდნენ წმიდა მღვდელმთავრის ცილისმწამებლებიც, მათ შორის - ეშმაკეულქმნილი მეძავიც. კონსტანტინოპოლიდან რომს მიაშურა სამმა ეპისკოპოსმა და იმპერატორის კარისკაცმა მარკიანემ. გზად მარკიანე მძიმედ დასნეულდა. მღვდელმთავარ გრიგოლის ლოცვით განკურნებული ადამიანების რჩევით სულთმობრძავი წმიდა გრიგოლის საკანში მიიყვანეს და სნეული მაშინვე განიკურნა.
კრებაზე ცილისმწამებლები ცდილობდნენ, თავიანთი ბრალდების დამტკიცებას. მათ, როგორც მთავარი საბუთი, მსაჯულთა წინაშე წარადგინეს გონდაკარგული მეძავი - თითქოსდა გრიგოლის ჯადოსნობის მსხვერპლი. მღვდელმთავარმა ილოცა და მეძავისგან ეშმაკი განდევნა, რის შემდეგაც განკურნებულმა ქალმა კრების მონაწილეებს მთელი სიმართლე განუცხადა. ცილისმწამებლები დამარცხდნენ. მარკიანეს ცილისმწამებლების სიკვდილით დასჯა სურდა, მაგრამ წმინდა გრიგოლმა მათთვის წყალობა გამოითხოვა.
უფლის რჩეული კათედრას დაუბრუნდა და, საყოველთაო სიყვარულით გარემოცული, აღსასრულამდე ბრძნულად განაგებდა სამწყსოს (VI-VII).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.