სერგი და ბაქოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წმინდა სერგი და ბაქოსი

სერგი და ბაქოსი - მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 7 ოქტომბერი, ახალი სტილით - 20 ოქტომბერი. წმინდა მოწამენი სერგი და ბაქოსი რომაელები იყვნენ და იმპერატორ მაქსიმიანეს (286-310) კარზე მაღალი თანამდებობები ეკავათ. მაქსიმიანეს გამორჩევით უყვარდა ერთგული კარისკაცები, მაგრამ არ იცოდა, რომ ისინი ქრისტიანები იყვნენ. ბოლოს მოშურნეებმა წმიდანები თვითმპყრობელთან დაასმინეს - წარმართულ ღვთაებებს თაყვანს არ სცემენო. იმპერატორმა ცრუღმერთების პატივსაცემად დიდი დღესასწაული გამართა. მაქსიმიანემ შენიშნა, რომ წმიდანები არსად ჩანდნენ, ძალით მოაყვანინა ისინი და კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვა. უფლის რჩეულებმა მის წინაშე ახოვნად აღიარეს თავიანთი სარწმუნოება. განრისხებულმა მაქსიმიანემ მხედრული ხარისხები აჰყარა მარტვილებს, დედათა სამოსით შეამოსვინა და, ყელზე რკინის სალტეებშემოჭდობილნი, ბრბოს დასაცინად ატარებინა ქალაქის ქუჩებში. იმპერატორმა, რომელსაც არ სურდა, თვითონ ეწამებინა საყვარელი კარისკაცები, სირიის აღმოსავლეთ ნაწილის მმართველს, ქრისტესმოძულეობით განთქმულ ანტიოქოსს გაუგზავნა ისინი. ანტიოქოსს თანამდებობა სერგისა და ბაქოსის წყალობით ჰქონდა მოპოვებული. „მამანო და მწყალობელნო ჩემნო! - მიმართა მან მარტვილებს, - მარტო თქვენი თავი კი არა, მეც შემიწყალეთ: არ მსურს გაწამოთ!“ მაცხოვრის მსასოებლებმა კი მიუგეს: „ჩვენთვის სიცოცხლე - ქრისტეა, მისთვის სიკვდილი კი - შესაძინელი“. მაშინ უღმრთო მმართველმა ბრძანა, დაუნდობლად ეგვემათ ბაქოსი, ხოლო სერგი საპყრობილეში გამოემწყვდიათ.

ბაქოსი წამების დროს აღესრულა ქალაქ ბარბალისში, მდინარე ევფრატის სანაპიროზე. მხეცებისა და ფრინველების საჯიჯგნად მიგდებული მისი ნეშტი ქრისტიანებმა ფარულად წაასვენეს და ერთ გამოქვაბულში დაფლეს. იმავე ღამეს ბაქოსი ღამეული ჩვენებით გამოეცხადა სერგის და განამტკიცა. მეორე დღეს სერგის გრძელი და მახვილი ლურსმნებით მოსხმული რკინის ჩექმები ჩააცვეს და აიძულეს, სხვადასხვა ქალაქებში მიმომავალი ანტიოქოსის ეტლს ხლებოდა თან. სირიის ქალაქ როზათში მარტვილს ახალი მძიმე სატანჯველები დაატეხეს თავს. წმიდანი მხნედ იტანდა წამებას და ფსალმუნებსა და ლოცვებს აღავლენდა ზეცათა მეუფის წინაშე. ბოლოს მას თავი მოჰკვეთეს (290-303 წლებს შორის).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წელი.