გრემის პეტრე-პავლეს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გრემის პეტრე-პავლეს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემის საბავშვო ბაღის ეზოში. დათარიღებულია გვიანი შუასაუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია, გეგმით სწორკუთხა. ნაგებია ნატეხი ქვით და აგურით. ძეგლი შელესილ-შეთეთრებულია. აქვს ორი შესასვლელი ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდაა, რომლის ღერძზე შეისრულთაღიანი სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ჩრდილოეთით ერთი ოთხკუთხა ნიშაა მოწყობილი. ქვემოთ კი, კედელზე, მიდგმულია ტრაპეზი. თითო სარკმელი დასავლეთ კედლის გარდა ყველა დანარჩენ კედელშიცაა. კონქის თაღი შეისრულია. მსგავსი ფორმისაა კამარაც. ეკლესიის ფასადებზე, პალისტრების მეშვეობით, შექმნილია სწორკუთხა არეები. კედლები დასრულებულია აგურის კბილანისებრი წყობით შექმნილი სამსაფეხურიანი ლავგარდნით. შენობა გადახურულია კრამიტით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]