გორანის ღვთისმშობლის ეკლესია (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გორანის ღვთისმშობლის ეკლესია.

გორანის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გორანის სასაფლაოზე. სავარაუდოდ განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია, რომელსაც გვერდებიდან, მთელ სიგრძეზე ძველი მინაშენები ეკვრის. ეკლესიის კედლები ამოყვანილია სხვადასხვა ზომის, ნატეხი ქვითა და კირის დუღაბით. კედლების წყობაში გამოყენებულია მოზრდილი, დაუმუშავებელი, თხელი ქვები, რომლებიც ისეა დაწყობილი, რომ ბრტყელი მხარე ფასადისკენ აქვს მოქცეული.

ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: ჩამოშლილია ეკლესიის საბურავი, ლავდარდანი და გარეთა პერანგის დიდი ნაწილი. მინაშენებიდან კედლების ფრაგმენტებიღაა დარჩენილი.

ერთადერთი შესასვლელი ეკლესიას სამხრეთიდან აქვს. კარი გადახურულია თხელი, მოგრძო, ნატეხი ქვებით ნაწყობი, შესრული თაღით.

ეკლესიის შიდა სივრცე დადაბლებული პროპორციებისაა. აღმოსავლეთით მცირე სიღრმის აფსიდია, რომელშიც განიერი სარკმელია გაჭრილი. სარკმლის კედლებზე, აფსიდის ბოლოებთან, მოწყობილია თითო პატარა, ოთხკუთხა ნიშა. სარკმელი შიგნით თაღითაა გადახურული, გარედან კი თხელი ქვით - თარაზულად. აფსიდში დგას ნატეხი ქვით ნაგები, ოთხწახნაგა ტრაპეზი, რომელიც სარკმლის ქვემოთაა და კედლებზეა მიბჯენილი. აფსიდის სამხრეთ მხართან შემორჩენილია კანკელის ნაშთი. აფსიდი კონქითაა გადახურული. დარბაზი - კამარით. კონქიც და კამარაც ძირითადად თხელი, ნატეხი ქვითაა ნაწყობი; გამოყენებულია რიყის ქვაც. შიგნით ეკლესია შელესილი ყოფილა.

ჩრდილოეთ მინაშენიდან დასავლეთ კედელი და ჩრდილოეთ კედლის შუა ნაწილია დარჩენილი. დასავლეთ კედელში ბრტყელი თაღით გადახურული, განიერი ღიობია.

სამხრეთ მინაშენიდან აღმოსავლეთ კედლის მცირე ნაწილი და სამხრეთ-დასავლეთ კუთხეა შემორჩენილი. ორივე მინაშენის კედლების მაქსიმალური სიმაღლეა 2,5 მეტრი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]