გლაუკომა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

გლაუკომა — თვალის ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც პერიოდულად იზრდება თვალშიგა წნევა, ზიანდება მხედველობის ნერვი და უარესდება თვალის სისხლით მომარაგება. თავდაპირველად ადამიანი უბრალოდ ცუდად ხედავს, შემდეგ ერღვევა პერიფერიული მხედველობა, თანდათან უმცირდება მხედველობის ველი...საბოლოოდ საქმე სრულ და განუკურნებელ სიბრმავემდე მიდის.

მიუხედავად მედიცინის თანამედროვე მიღწევებისა, გლაუკომა ჯანდაცვის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და აქტუალური პრობლემაა.

ყოველწლიურად გლაუკომით ავადდება 40-45 წლის პირთა 1%, 50-60 წლის პირთა 1.5-2%, 60-70 წლის და ამაზე უფრო უფროსი ასაკის პირთა 10%. სადღეისოდ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცამებით, მსოფლიოში გლაუკომით დაავადებული 100 მილიონამდე ადამიანია. საქართველოში, სავარაუდოდ, 30-40 ათასი კაცია დაავადებული.

გლაუკომა თანდაყოლილიც შეიძლება იყოს და შეძენილიც. შეძენილი ფორმა ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითრდეს, თუმცა ყველაზე ხშირად ხანშიშესულ ადამიანებს უდასტურდებათ.

თუ ახალშობილებს შორის თანდაყოლილი გლაუკომა ყოველ 10-20 ათასზე 1-2-ს შეადგენს, 40-45 წლის ასაკში პირველადი გლაუკომა უკვე მოსახლეობის 0.1%-ს აღენიშნება, 50-60 წლის ასაკში - 1.5%-ს, 75 წელს გადაცილებულთაგან კი 3%-ია დაავადებული.

მიზეზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფოტოზე ნაჩვენებია თვალის ლორწოვანი გარსის სისხლძარღვები, რომელებიც გაფართოებულია რქოვანა გარსის კიდესთან, რქოვანა არის გაბერილი, რაც თვალის დახურულკუთხოვანი გლაუკომის ნიშნებია
ნორმალური მხედველობა
ისეთივე ხედვა, მხოლოდ შემცირებული, რომელიც გლაუკომამ გამოიწვია

გლაუკომა მულტიფაქტორული დაავადებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი განვითარებისთვის მრავალი ფაქტორის ერთობლიობაა საჭირო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მემკვიდრეობა, თვალის აღნაგობის ინდივიდუალური თავისებურებანი და ანომალიები, გულ-სისხლძარღვთა, ნერვულ და ენდოკრინულ სისტემათა პათოლოგიები.

ჯანმრთელ თვალში თვალშიგა წნევის მაჩვენებელი სითხის ნორმალური ცირკულაციის წყალობით მუდმივია. როდესაც დაბალანსებულია თვალის კაკალში სითხის მიდინება და გადინება, იგი 18-22 მმ ვწყ. სვ-ს შეადგენს. გლაუკომის დროს სწორედ ეს ბალანსი ირღვევა და თვალის კაკალში ჭარბი სითხე გროვდება. შედეგად იზრდება თვალშიგა წნევა, რის გამოც მხედველობის ნერვი და თვალის სხვა სტრუქტურები დამატებით დატვირთვას განიცდიან. ირღვევა თვალის სისხლმომარაგება. თვალის ქსოვილებში სისხლის მიმოქცევის გართულება მხედველობის ნერვის ირგვლივ მდებარე ქსოვილებში თავდაპირველად ჰიპოქსიას (ჟანგბადის უკმარისობას) და იშემიას იწვევს, მოგვიანებით კი კომპრესიას (თვალის კაკლიდან გამომავალი მხედველობის ნერვის ბოჭკოებზე ზეწოლას), რასაც ნერვის დისტროფია (კვების მოშლა) მოჰყვება. ვითარდება გლაუკომური ოპტიკური ნეიროპათია, რასაც მხედველობის ნერვის თანდათანობით კვდომა და მხედველობის დაკარგვა მოსდევს. ნერვის ბოჭკოები თანდათანობით ზიანდება. ამის შემდეგ თანდათან ბოჭკოთა ნაწილი პარაბიოზის, ერთგვარი ძილის, მდგომარეობაში გადადის. მედიკამენტური და ქირურგიული მკურნალობით შესაძლებელია მათი გააქტიურება, ამიტომ გლაუკომის მკურნალობისას მხედველობის აღდგენის ალბათობა სწორედ მხედველობის ნერვის გადარჩენილ ოპტიკურ ბოჭკოთა რაოდენობაზეა დამოკიდებული.

სიმპტომები და მიმდინარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარმოშობის კვალობაზე განასხვავებენ გლაუკომის რამდენიმე ფორმას: თანდაყოლილს, იუვენილურს ანუ ახალგაზრდულს, მოზრდილთა პირველადს და მოზრდილთა მეორეულს.

თანდაყოლილი გლაუკომა გენეტიკურად არის დეტერმინებული და გამოწვეულია ნაყოფის დაზიანებით ემბრიონული განვითარების პერიოდში ან მშობიარობის დროს. დაავადება თავს იჩენს სიცოცხლის პირველსავე კვირებში, თუმცა გამორიცხული არ არის, რამდენიმე წლის შემდეგაც გამოვლინდეს. ეს საკმაოდ იშვიათი ფორმაა. მისი გამოწვევა შეუძლია დედის მიერ ორსულობისას გადატანილ ინფექციურ დაავადებებს: წითელას, ყბაყურას, პოლიომიელიტს, ტიფს, ათაშანგს, ასევე - თირეოტოქსიკოზს, მექანიკურ ტრავმას, მოწამვლას, მაიონიზებულ გამოსხივებას და ავიტამინოზს. თანდაყოლილ გლაუკომას სამედიცინო ლიტერატურაში ჰიდროფთალმს - თვალის წყალმანკსაც უწოდებენ. ამ დროს ახალშობილს თვალშიგა წნევის მატების პარალელურად აღენიშნება რქოვანას ორმხრივი გადიდება და ზოგჯერ თვალის კაკლის ჰიპერტროფიაც.

იუვენილური ფორმა 3 წლის შემდეგ ვითარდება. მისი ასაკობრივი ზღვარი 35 წელია.

მოზრდილთა პირველადი გლაუკომა გლაუკომის ყველაზე გავრცელებული ტიპია, რომელიც თვალში მიმდინარე ასაკობრივი ცვლილებებით არის განპირობებული.

მოზრდილთა მეორეული გლაუკომა თვალის ან რომელიმე ისეთი ორგანოს, ორგანოთა სისტემის, დაავადებით არის განპირობებული, რომელიც თვალშიგა წნევის ნორმალიზებაში მონაწილეობს.

გლაუკომის განვითარებაში განარჩევენ 3 ფაზას:

  • წინარეს - პრეგლაუკომას;
  • მწვავეს - გლაუკომის მწვავე შეტევას;
  • ქრონიკულს.

პრეგლაუკომის დროს ადამიანს დაავადებისთვის დამახასიათებელი ნიშნები არ აქვს, მაგრამ თვალის გამოკვლევისას უვლინდება საწყისი პათოლოგიური პროცესები, უჩივის მცირე მხედველობით დისკომფორტს ემოციური აგზნებისას ან გადაღლისას.

მწვავე შეტევა თვალშიგა წნევის მკვეთრი და უეცარი მატების შედეგია, რომელიც არღვევს თვალის სისხლმომარაგებას და იწვევს მხედველობის შეუქცევად დარღვევას. იგი იწყება ისეთ მაპროვიცირებელ ფაქტორთა გავლენით, როგორებიც არის ნერვული გადაღლა, გადაქანცვა, სიბნელეში დიდხანს ყოფნა, გუგის მედიკამენტით გაფართოება, თავდახრილი ხანგრძლივი შრომა, დიდი რაოდენობით სითხის მიღება. ზოგჯერ შეტევა ერთი შეხედვით უმიზეზოდაც იწყება. შეტევისას თვალი წითლდება, წარბები და ქუთუთოები შუპდება, რქოვანა იმღვრევა, გუგა ფართოვდება, არანორმალურ ფორმას ირებს და წითელ ან მოცისფრო ფერს დაიკრავს. ამ დროს იგი სინათლეზე არ რეაგირებს. თვალშიგა წნევის მაჩვენებელი 60-80 მმ ვწყ.სვ-ს აღწევს. მხედველობა მკვეთრად ქვეითდება. ხელით შეხებისას თვალი ქვასავით მაგარია, რადგან თვალშიგა წნევის გადინება აბსოლუტურად შეწყვეტილია. პაციენტები უჩივიან თვალისა და თავის შესაბამისი ნახევრის ტკივილს (განსაკუთრებით - კეფის არეში), ზოგადად სისუსტეს, მხედველობის დაბინდვას, სინათლის წყაროს შეხედვისას მხედველობის არეში ცისარტყელას რგოლების გაჩენას. ძლიერი შეტევისას მოსალოდნელია გულისრევის შეგრძნება და ღებინება, გულსა და მუცლის არეში გადამცემი ტკივილი, რაც გულ-სისხლძარღვოვანი პათოლოგიის იმიტაციას იძლევა. გლაუკომის შეტევა ხშირად ერევათ შაკიკში, ჰიპერტონიულ კრიზსა და ინტოქსიკაციაში. შეტევისას აუცილებელია ოფთალმოლოგის დაუყოვნებელი ჩარევა - თვალშიგა წნევა რამდენიმე საათშითუ არ დაუბრუნდა ნორმას, შესაძლოა, ეს პაციენტს მხედველობის შეუქცევად დაკარგვად დაუჯდეს.

დიაგნოსტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გლაუკომის ადრეული დიაგნოსტიკის მიზანია გლაუკომის გამოვლენა მანამდე, ვიდრე მხედველობის ნერვის დისკოში, ბადურაზე და ბადურის განგლიურ უჯრედებში ატროფიული პროცესები განვითარდა. შეიძლება გამოიყოს დიაგნოსტიკური გამოკვლევევბის მინიმალური და ვრცელი ნუსხა: მინიმალური - პოლიკილინიკის ექიმებისთვის და ვრცელი მინილამურთან ერთად სტაციონარისთვის, გლაუკომის კაბინეტებისა და ცენტრებისთვის. მინიმალური დიაგნოსტიკური ნუსხა მოიცავს დღე-ღამის ტონომეტრიას (თვალის წნევის გამოკვლევას), ბიომიკროსკოპიას, გონიოსკოპიას (თვალის წინა საკნის კუთხის სიფართის დადგენას), პერიმეტრიას (მხედველობის ველის გამოკვლევას), ბიომკროოფთალმოსკოპიას, ვრცელ დიაგნოსტიკურ ნუსხაში კი შედის ტონოგრაფია, პაქიმეტრია (რქოვანას სისქის გაზომვა), ულტრაბგერითი გამოკვლევები, კომპიუტერული პერიმეტრია, რეტინოტომოგრაფია (HRT), ოკულოკოჰერენტული ტომოგრაფია (OCT) ანუ ბადურა გარსის შრეობრივი გამოკვლევა.

გლაუკომის ადრეული გამოვლენის თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა აქვს პროფილაქტიკურ გასინჯვას. სასურველია, 40 წელს გადაცილებულმა ყველა პირმა გაისინჯოს თვალშიგა წნევა, საეჭვო შემთხვევაში ჩაიტაროს დეტალური გამოკვლევა. ეს ყოველივე დაავადებას ადრეულ სტადიაშივე გამოავლენს, როდესაც მკურნალობა განსაკუთრებით ეფექტურია.

მკურნალობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლატანოპროსტი

გლაუკომის მკურნალობის პოტენციური მეთოდებიდან გამოირჩევა თვალშიგა წნევის შემცირება, თვალშიგა სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება და პირდაპირი ნეიროპროტექცია. ამჟამად ერთადერთი დამტკიცებული ეფექტური მიდგომა მხედველობის შესანარჩუნებლად არის თვალშიგა წნევის შემცირება. დამტკიცებულია, რომ სისხლის მიმოქცევის დარღვევა შესაძლებელია თვალშგა წნევისგან დამოუკიდებლადაც არსებობდეს ღიაკუთხიანი გლაუკომით დაავადებულ პაციენტებში. თვლაშიგა სისხლის მიმოქცევა არის მნიშვნელოვანი პარამეტრი, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ გლაუკომის მკურნალობის ისეთი პირდაპირი და არაპირდაპირი ეფექტების შესაფასებლად, როგორიც არის ნეიროპროტექცია. ნეიროპროტექცია გულისხმობს განგლიური უჯრედების დაცვას ადრეული, ენდო და ეგზოტოქსინებით და იშემიით გამოწვეული სიკვდილისაგან. გლაუკომის მკურნალობის მეთოდის არჩევისას მხოლოდ მკურნალობის მიზნების გაგება კი არის მნიშვნელოვანი, ასევე გასათვალისწინებელია მოქმედების წესები, გვერდითი ეფექტები და თითოეული პაციენტისთვის უკუჩვენებები. გლაუკომის სამკურნალო პრეპარატების არჩევანი დიდია. მკურნალობის შერჩევისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ცხოვრების ხარისხი და პაციენტის თანხმობა. იმ შემთხვევაში, თუ თვალშიგა წნევის კონტროლისთვის საჭიროა ორზე მეტი ადგილობრივი მედიკამენტი, უმჯობესია მკურნალობის სხვა მეთოდი - ლაზერული ტრაბეკულოპლასტიკა ან ქირურგიული ჩარევა გამოვიყენოთ.

ფართოდ იყენებენ გლაუკომის მკურნალობის ლაზერულ მეთოდს - სელექციურ ლაზერულ ტრაბეკულოპლასტიკას (SLT). ლაზერული მეთოდი ეფუძნება სელექციურ ფოტოთერმოლიზსს, რაც იმას ნიშნავს, რომ LST-ისთვის არჩევით სამიზნეს წარმოადგენს ტრაბეკულურ ზონაში მდებარე მელანინის შემცველი პიგმენტური უჯრედები. თერმული ენერგია არ ვრცელდება მიმდებარე ქსოვილებზე - არაპიგმენტურ უჯრედებზე, რაც მინიმუმამდე ამცირებს მათ დაზიანებას. თუ მედიკამენტური მკურნალობა და ლაზერული ტრაბეკულოპლასტიკა უეფექტო აღმოჩნდა, მიმართავენ ქირურგიულ ჩარევას, რაც სინუსტრაბეკულექტომიას - ტრაბეკულური ქსოვილის ამოკვეთას გულისხმობს.

გლაუკომიანი პაციენტისთვის მეტად მნიშვნელოვანია ყოფა-ცხოვრების რეჟიმის დაცვა. ავადმყოფი უნდა ერიდოს უსიამოვნო განცდებს, გაციებას. აკრძალულია ძლიერი ფიზიკური დატვირთვა. ტელევიზორის ყურება დასაშვებია მხოლოდ განათებულ ოთახში, ისიც - შეზღუდულად. გარდა ამისა, უნდა შეიზღუდოს მარილიანი, ცხარე საკვები, მოწესრიგდეს კუჭ-ნაწლავის ფუნქციები. აკრძალულია თამბაქო, ალკოჰოლი, მაგარი ჩაი, ყავა. სასარგებლოა სუფთა ჰაერზე ყოფნა, მსუბუქი ფიზიკური შრომა. სასურველია, პაციენტმა მზეზე მწვანემინებიანი სათვალე ატაროს.

პროფილაქტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გლაუკომის პროფილაქტიკა მის პრევენციას გულისხმობს. 40 წელს გადაცილებული ყველა ადამიანი წელიწადში ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა იზომავდეს თვალშიგა წნევას ოფთალმოლოგიურ კაბინეტში. წნევის მომატების დროულად აღმოჩენისას მკურნალობის შედეგი უფრო ეფექტურია, ვიდრე დაგვიანებულ შემთხვევებში. დაავადების დროულად აღმოჩენა მხედველობის შენარჩუნების საწინდარია.

გლაუკომის გართულების თავიდან ასაცილებლად და მხედველობის შესანარჩუნებლად აუცილებელია ექიმის მიერ დადგენილი რეჟიმის მკაცრი და განუხრელი დაცვა. გლაუკომიანი თვალი ძალზე მგრძნობიარეა გარემოს ტემპერატურის ცვლილებების, განსაკუთრებით - დაბალი ტემპერატურის მიმართ, ამიტომ ზამთარში ავადმყოფი უნდა ერიდოს გაციებას. ასეთ დროს კარგია ოთახის ტემპერატურაზე ჩატარებული მსუბუქი ფიზიკური და სუნთქვითი ვარჯიშები. გაზაფხულზე და ზაფხულში კაშკაშა მზისგან თვალები სპეციალური შუქფილტრის მქონე სათვალით უნდა დაიცვათ. მუქი სათვალე რეკომენდებული არ არის. დაავადებულმა თავი უნდა მოარიდოს ისეთ მოძრაობებს, რომლებიც თავის დახრას მოითხოვს და თავში სისხლის ჭარბ მიდინებას უწყობს ხელს. თუ ავტომობილს მართავთ, აუცილებლად ატარეთ სათავლე და ეცადეთ, არ მიუჯდეთ საჭეს ღამით ან გამთენიისას.

მნიშვნელოვანია კვების მითითებული რეჟიმის და რაციონის დაცვა. რეკომენდებულია ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მდიდარი საკვები: რძის ნაწარმი, მჭლე ხორცი და თევზი, სოია, წიწიბურა, შავი და თეთრი პური - დღეში არა უმეტეს 200 გრამისა, ბოსტნეული (კომბოსტო, კიტრი, გოგრა, ყაბაყი ზომიერად, ხილი, პარკოსნები), კენკრა (განსაკუთრებით კარგია შავი მოცხარი, მარწყვი, შავი და წილეთი ყურძენი). სასურველია შეზღუდოთ: შაქარი, მურაბა, შოკოლადი, თაფლი, ნაღების კარაქი, არაჟანი. სითხეს, თუ საამისოდ განსაკუთრებული ჩვენება არ არსებობს, შეზღუდვა არ სჭირდება, მაგრამ ეცადეთ ერთ ჯერზე ერთ ჭიქაზე მეტი არ დალიოთ. უნდა გამოირიცხოს: მაგარი ჩაი და ყავა, სუნელები, ხორცისა და თევზის კონცენტრირებული ბულიონები, მწნილი და მარინადი, ხორცის სუბპროდუქტები - თირკმელი, ღვიძლი, ფილტვი.

რეკომენდაციები:

  • იმუშავეთ იმდენი, რამდენის საშუალებასაც ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა გაძლევთ. თავი არიდეთ ნერვულ და ფიზიკურ გადატვირთვას. ნუ ასწევთ ნებადართულზე (10 კგ-ზე) მეტ ტვირთს. გადატვირთვა შესაძლოა მძიმედ დაგიჯდეთ, მით უმეტეს, თუ დახრას მოითხოვს;
  • კითხვის, ხაზვის, ქსოვის დროს ნუ დაჯდებით თავდახრილი, მით უმეტეს, არასათანადო განათების პირობებში;
  • ტელევიზორს უყურეთ მხოლოდ და მხოლოდ კარგი განათებისას, სწორ პოზაში მჯდომმა - თავი არც დახრილი უნდა გქონდეთ და არც უკან გადაწეული;
  • კითხვის ან სხვა ისეთი საქმიანობის დროს, რომელიც მხედველობის დაძაბვას მოითხოვს, საათში ერთხელ 10-15 წუთით შეისვენეთ;
  • თუ მწეველი ბრძანდებით, თავი დაანებეთ თამბაქოს - ნიკოტინი მხედველობას ძლიერ აზიანებს;
  • ნუ ატარებთ მოჭერილ ჰალსტუხებს, მჭიდროდ ნუ შეიკრავთ საყელოს - ეს აფერხებს თავსა და კისერში სისხლის მიმოქცევას;
  • უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჯანსაღ ძილს;
  • რეგულარულად ესტუმრეთ მკურნალ ექიმს და ყოველ 3 თვეში ერთხელ ჩაიტარეთ საკონტროლო გამოკვლევები;
  • 40 წელს გადაცილებულმა პირებმა, როგორც კი მხედველობის თუნდაც უმნიშვნელო დისკომფორტს ან თავლის ადვილად დაღლას იგრძნობთ, არ გადადოთ ოფთალმოლოგთან ვიზიტი. განსაკუთრებით მაშინ, თუ ოჯახის წევრს ან სისხლით ნათესავს გლაუკომის დიაგნოზი უკვე დაუსვეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მედიცინის დიდი ცნობარი ტომი I, სამედიცინო ტერმინოლოგიისა და დაავადებათა ენციკლოპედია, გამომცემლობა პალიტრა L, თბ 2016 წელი, გვ.201-205

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]