გიორგი მაისურაძე (მხატვარი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

გიორგი ივანეს ძე მაისურაძე (დ. 6 ივლისი, 1818, წინანდალი, — გ. 18 ივლისი, 1885, ქუთაისი) — ქართველი მხატვარი და ფერმწერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიორგი მაისურაძე დაიბადა 1818 წლის 6 ივლისს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის ყმის ოჯახში.

გიორგიმ  სიყრმიდანვე  გამომჟღავნა მხატვრობის ნიჭი, რითაც ალექსანდრე ჭავჭავაძის ყურადღება მიიპყრო. მისივე დახმარებით გაემგზავრა რუსეთში, ორი წელი იცხოვრა მოსკოვში (1835-1837) ალექსანდრე ჭავჭავაძის ბიძასთან, ქართველ საზოგადო მოღვაწესთან, გიორგი ავალიშვილთან, რომელიც დიდი გავლენით სარგებლობდა არა მარტო რუსეთში მცხოვრებ ქართველთა წრეში, თვით მეფისწულთა შორისაც კი. სწორედ მან გააცნო გიორგი მოსკოველ ქართველებს.

1837 წელს სანქტ-პეტერბურგის სამოქალაქო სასამართლოს პალატის მეორე დეპარტამენტში გენერალ-მაიორისა და კავალერის თავად ალექსანდრე ჭავჭავაძის თხოვნით შედგენილ განთავისუფლების სიგელში პირდაპირაა მითითებული, რომ მხოლოდ იმ უჩვეულო წარმატებათა წაქეზებისათვის, რაც მაისურაძემ გამოიჩინა უკანასკნელ ორი წლის განმავლობაში ფერწერასა და ხატვაში ვათავისუფლებო (ყმობიდან). 1837 წლის 15 ოქტომბერს მისცეს ბილეთი №577, რომლის თანახმადაც შეეძლო პეტერბურგში მეცადინეობა და ცხოვრება ექვსი წელი. რუსეთში გატარებულმა წლებმა (1837-1844 წწ.) დიდი გავლენა მოახდინა გიორგის მხატვარდ ჩამოყალიბებაზე. იგი იყო პირველი ქართველი ფერმწერი, რომელმაც განათლება პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში, დიდი რუსი მხატვრის კ. ბრიულოვის სახელოსნოში მიიღო. 1844 წელს წარშინებით დაამთავრა საიმპერატორო სამხატვრო აკადემია და მიენიჭა „კლასგარეშე“ მხატვრის წოდება, მხატვრისათვის დაწესებული პრივილეგიებით და უფლებებით. 1850 წლის ოქტომბერში გ. მაისურაძე საქართველოში დაბრუნდა და ქუთაისში დასახლდა. 1851 წლის 31 იანვარს მუშაობა დაიწყო კლასიკურ გიმნაზიაში (ახლანდელი №1 საჯარო სკოლა) კალიგრაფიისა და ხაზვა-ხატვის მასწავლებლად.

ისტორიკოსი სიმონ ქვარიანის გადმოცემით (გიორგი მაისურაძის მოწაფე იყო) გიორგი ყოფილა „წყნარი და პატიოსანი ადამიანი. გამოირჩეოდა თავისი ხასიათია და თავისებურებებით სხვა მასწავლებლისაგან. არტისული ბუნების ადამიანი, საოცარი მეოცნებე, გულღათხრობილი და თავის თავში ჩაკეტილი. გულის მოსვლა უცებ იცოდა. ტანით საშუალო, მხარბეჭიანი და წარმოსადეგი. ზაფხულობით ტანზე იცვამდა ლურჯ სერთუკს და თეთრ შარვალს. ჟილეტის ერთ ჯიბეში ჩადებული საათი მეორე ჯიბეზე ჰქონდა ძეწვით მიმაგრებული. მუდამ თავის საქმით იო დაკავებული“. პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად დადიოდა ახლო-მახლო სოფლებში და ცდილობდა  ტილოზე აღებეჭდა თანამედროვე ადამიათა პორტრეტები. პორტრეტის ჟანრის საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს „წუთისოფლისადმი სამდურავი“ დავით გურამიშვილის პორტრეტი), „ალექსანდრე ბაგრატიონი“ (1825), ექიმების: ვორონცოვისა და ნახარიშვილის პორტრეტები, აგრეთვე ალექსანდრე ჭავჭავაძის პორტრეტი (1845). გიორგი მაისურაძემ შთამომავლობას დაიტოვა მხატვრული პორტრეტების გალერეა. საზოგადოებისათვის ცნობილია აგრეთვე გიორგი მაისურაძის მიერ შესრულებული სამი ხატი, ორი მაცხოვრის სახე და ერთი წმინდა იოანესი. გიორგი მაისურაძემ მთელი სიცოცხლე ქართული სახვითი კულტურის აყვავების საქმეს შესწირა.

1856 წლის 26 აგვისტოს გიორგი მაისურაძე დაჯილდოებული იქნა მანიფესტით: მუქი ბრინჯაოს მედლით, წმინდა ანდრია პირველი მოციქულის ლენტზე სახსოვრად ოსმალეთთან წარმოებული ომისა 1853-1856 (ყირიმის ომი) წლებში.

გიორგი მაისურაძის მიერ შესრულებული პორტრეტთა დიდი უმრავლესობა, მიკვლეული არ არის.

გიორგი მაისურაძე გარდაიცვალა ქუთაისში, 1885 წლის 18 ივლისს. დაკრძალულია მწვანეყვავილას პანთეონში.

გაბრიელ ქიქოძემ მის დასაფლავებაზე თქვა: „გიორგი მაისურაძის სიკვდილით საქართველომ ერთ-ერთი უწყინაი, ალალი და ქართული კულტურის მესვეური, დიდად ნიჭიერი ოსტატი დაკარგაო“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]