შინაარსზე გადასვლა

გიორგი კორადინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარიამ ერისთავი ყარდაშვერდის როლში და ანასტასია ორბელიანი ნინო დიდებულიძის როლში. მხატვარი გ. კორადინი. 1850 წ.

გიორგი ვილჰელმის ძე კორადინი, ჯორჯო კორადინი (იტალ. Giorgio Corradini, რუს. Георгий Вильгельмович Коррадини; დ. 1810 — გ. 1891) — იტალიელი გრაფიკოსი და ფერმწერი (აკვარელისტი). 1853-1871 წლებში მსახურობდა რუსეთის იმპერიის არმიაში. ხანგრძლივად ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საქართველოში.

ჯორჯო კორადინი დაიბადა იტალიაში. დაამთავრა ქ. ლუკის სამეფო ლიცეუმი ფიზიკა-მათემატიკის განხრით. 1840-იან წლებში ჩამოვიდა თბილისში (ცნობილი იყო, როგორც გიორგი ვილჰელმის ძე კორადინი), მუშაობდა ხატვის მასწავლებლად თბილისის ვაჟთა გიმნაზიაში. ყირიმის ომის (1853-1856) დასაწყისში სამსახური დაიწყო დაღესტნის ქვეითთა პოლკში, 1854 წელს კი პრაპორშჩიკად გადავიდა ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში, რომლის შემადგენლობაშიც მონაწილეობდა ოსმალეთის კამპანიაში, მ. შ., ყარსის წარუმატებელ იერიშში (1855). 1871 წელს მაიორის წოდებით თადარიგში გავიდა და სამშობლოში, იტალიაში დაბრუნდა, სადაც ძირითადად ქანდაკებით იყო დაკავებული.[1][2][3] სიცოცხლის ბოლო წლებში სანქტ-პეტერბურგში ცხოვრობდა; გარდაიცვალა იქვე, 1891 წელს.

საქართველოში ყოფნისას შესრულებული აქვს ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკის ცხოვრების ამსახველი ნახატები; რუსეთის არმიის ოფიცრების, კავკასიელ მთიელთა ლიდერების, ქართველი არისტოკრატების (მ. შ., თეკლე ბატონიშვილის, ვახტანგ ორბელიანის, მარიამ მელიქ-აღამალიანის) პორტრეტები. მას ეკუთვნის ასევე ქართული პროფესიული თეატრის პირველი დადგმის — გიორგი ერისთავის პიესა „გაყრის“ სცენების ილუსტრაციები, რომელიც ნაწარმოების ხელნაწერს ახლავს.[4][5]

  1. Потто, Василий Александрович. История 44-го Драгунского Нижегородского полка / сост. В. Потто. - СПб. : типо-лит. Р. Голике, 1892-1908. Т. 7. - 1895, стр. 77, 92, 109.
  2. Потто, Василий Александрович. История 44-го Драгунского Нижегородского полка / сост. В. Потто. - СПб. : типо-лит. Р. Голике, 1892-1908. Т. 10. - 1895, стр. 54.
  3. «Акты Кавказской археографической комиссии», т. 12, ч. 4, Тифлис, 1904, стр. XXI.
  4. ონლაინ-გამოფენა „ფრაგმენტები ქართული თეატრის ისტორიიდან“, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი. 14 იანვარი, 2023.
  5. კორადინი გიორგი // ქართული მხატვრობა - განვითარების ისტორია : XVIII-XX საუკუნეები / მაია ციციშვილი, ნინო ჭოღოშვილი. - თბილისი, 2013. - ISBN 978-9941-0-6010-6. - გვ. 269.