გიორგი გუნია (მხატვარი)
გიორგი კონსტანტინეს ძე გუნია (დ. 19 ოქტომბერი, 1938, თბილისი, — გ. 30 მარტი, 2001, იქვე) — ქართველი სცენოგრაფი, საქართველოს სახალხო მხატვარი (1989).
დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1966 წელს, იქვე ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას (1970–1982). 1980–1992 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის მთავარ მხატვრად, ხოლო 1987–1996 წლებში — საქართველოს მხატვართა კავშირის გამგეობის პირველ მდივნად. 1990 წლიდან გარდაცვალებამდე იყო საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე. ამავდროულად, 1991 წლიდან მოღვაწეობდა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, სადაც დააარსა თეატრალურ-დეკორაციული ფაკულტეტი.
გუნიას გაფორმებული აქვს 70-ზე მეტი სპექტაკლი საქართველოსა და საზღვარგარეთის თეატრებში: ჟან ანუი „ანტიგონე“ (1968), ჟან-პოლ სარტრი „ეშმაკი და უფალი ღმერთი“ (1995, შოთა რუსთაველის სახ. აკადემიური თეატრი); ჟ. ანუის „ტოროლა“ (1965), მიხეილ მრევლიშვილის „წმ. შუშანიკის წამება“ (1968), ვ. რასპუტინის „იცოცხლე და გახსოვდეს“ (1983, კ. მარჯანიშვილის სახ. აკადემიური თეატრი); ვადიმ კოროსტილიოვის „კომანდორის ნაბიჯები“ (1971), ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი“ (1983, ა. გრიბოედოვის სახ. რუსული დრამატული თეატრი); უილიამ შექსპირის „მეფე ლირი“ (1972, რუსთავის დრამატული თეატრი); რევაზ ლაღიძის „ლელა“ (1975), პეტრე ჩაიკოვსკის „პიკის ქალი“ (1977, ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრი); კოტე მახარაძის „ბაგრატიონები“ (1994) და „სტალინი“ (1998, ერთი მსახიობის თეატრი — „ვერიკო“); ბერტოლტ ბრეხტის „სამგროშიანი ოპერა“ (1964, პერმის პ. ჩაიკოვსკის სახ. ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი); გრიგოლ რობაქიძის „ლამარა“ (1996, ბათუმის ი. ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრი) და სხვ. გუნიას შემოქმედებამ დიდი როლი ითამაშა 60-იანი წლების ქართული სცენოგრაფიის განახლებაში. გამოქვეყნებული აქვს ქართული სცენოგრაფიის სკოლისადმი მიძღვნილ სტატიები, აფორმებდა გამოფენებს, სადღესასწაულო კონცერტებს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 205.