გეჰენდრა შამშერი
გეჰენდრა შამშერი | |
---|---|
ნეპ. गेहेन्द्र शमशेर | |
დაბ. თარიღი | 1871 |
გარდ. თარიღი | 1905 |
გარდ. ადგილი | სავარ. Seto Durbar |
მოქალაქეობა | Kingdom of Nepal |
საქმიანობა | მეცნიერი და პოლიტიკოსი |
მამა | Bir Shumsher Jung Bahadur Rana |
გეჰენდრა შამშერ ჯანგ ბაჰადურ რანა (ნეპ. गेहेन्द्र शमशेर; 1871–1906) — ნეპალელი ინჟინერი, ნოვატორი, ცეცხლსასროლი იარაღის დიზაინერი და არმიის გენერალი. რანას დინასტიის მესამე პრემიერ-მინისტრ ბირ შამშერის უფროსი ვაჟი. [1] ითვლება პირველ ნეპალელ გამომგონებლად და მეცნიერად.
ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვინაიდან გეჰენდრა შამშერი იყო ბრიტანეთის ინდოეთში ნეპალის წარმომადგენლის და მომავალი პრემიერ მინისტრის შვილი რანას ცნობილი ოჯახიდან, იმდროინდელი ნეპალელებისგან განსხვავებით, განათლების მიღების იშვიათი პრივილეგიით სარგებლობდა. სასახლეში ინგლისური ენის კერძო გაკვეთილების გარდა, მმართველი კლანის ოჯახის წევრები ასევე დადიოდნენ დურბარის საშუალო სკოლაში, რომელიც ნეპალის უძველეს თანამედროვე სკოლას წარმოადგენდა. ბავშვობაში გეჰენდრა გატაცებული იყო მექანიკითა და საბრძოლო მასალებით. მან ძალები სპორტსა და მუსიკაშიც მოსინჯა. [2] ზოგიერთი წყარო ვარაუდობს, რომ ის ხუთკაციანი დელეგაციის შემადგენლობაში გაგზავნეს იაპონიაში ინჟინერიის შესასწავლად, თუმცა გეჰენდრა შამშერის ზუსტი აკადემიური კვალიფიკაცია უცნობი რჩება [3] [4]
1885 წელს რანოდიპ სინგ კუნვარის მკვლელობის შემდეგ, მისი მამა, რანა ბირ შამშერ ჯანგ ბაჰადური ახალი პრემიერ მინისტრი გახდა და 14 წლის ბიჭს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა გაუჩნდა. ის მაშინვე დაინიშნა საბრძოლო მასალის განყოფილების უფროსად ნეპალის სამეფო არმიაში. ადრეულ ასაკში ასეთმა თანამდებობამ განამტკიცა მისი გატაცება იარაღით და საბრძოლო მასალებით მთელი სიცოცხლის მანძილზე.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გარკვეული პერიოდით გეჰენდრა შამშერი დაინიშნა დაზვერვის და პოლიციის უფროსად, მაგრამ მისი ინტერესები ძირითადად შემოიფარგლებოდა ცეცხლსასროლი იარაღის შემუშავებითა და წარმოებით. სხვა ქვეყნებიდან იარაღისა და საბრძოლო მასალის იმპორტის საპირისპიროდ, ის ცდილობდა მათ წარმოებას ნეპალში, განსაკუთრებით ისეთი ადგილობრივი ნედლეულის გამოყენებით, როგორიცაა რკინა და ქვანახშირი. ამიტომ, ამ მიზნით, ბრიტანული კატალოგების ფრთხილად შესწავლის შემდეგ, მან გახსნა საწარმოო ქარხნები ჯამალში (სეტო დურბარი), სუნდარიჯალში, ბალაჯუსა და მეგჩანში (ბოჯპური). მათი წყალობით, 1890-იანი წლებიდან მან შეძლო დაეკმაყოფილებინა ნეპალის არმიის მოთხოვნილებები იარაღზე. თუმცა ამ მანუფაქტურებში შრომა არ იყო მანქანურ-ქარხნული, არამედ წარმოება ხელით ხდებოდა. ნეპალელებმა მოახერხეს დაახლოებით ათიათასობით თოფის წარმოება.
გეჰენდრა შამშერი ასევე დაინტერესებული იყო დასავლური გამოგონებების ფართო პექტრით — მე-20 საუკუნის გარიჟრაჟზე მან აშშ-დან ახლახან გამოჩენილი Ford Motor Company-ის მანქანაც კი შეუკვეთა. ცდილობდა შეესწავლა ყოველი დეტალი: დაშლა, აწყობა, ვინაიდან თავად სურდა შეექმნა ახალი მანქანა. ის ასევე გახდა პირველი ადამიანი, ვინც ელექტროენერგია გამოიმუშავა ნეპალში — მან დაამონტაჟა ბრინჯის წისქვილი შვიდი ქვაბით და ქარის ტურბინით მიწისქვეშა წყლები მიეწოდებოდა სეტო დურბარის საცხოვრებელ სასახლეს, რომელიც მამისგან მემკვიდრეობით მიიღო. ბოლოს მან ბალაჯუში ტყავის სათრიმლავი ქარხანა გახსნა.
გეჰენდრა შამშერს მიაწერენ ნეპალის არმიის მოდერნიზაციას. მან საკუთარი მექანიკური ტყვიამფრქვევის შექმნაც კი შეძლო, რომელიც ამერიკული გარდნერის ავტომატის ხელნაკეთ ვერსიას წარმოადგენდა. იარაღს მან მამის, ნეპალის მთავრობის მეთაურის საპატივსაცემოდ დაარქვა ტყვიამფრქვევი "ბირი." მას ასევე მიაწერენ მარტინ-ჰენრის შაშხანის ახალ გაჰენდრა-მარტინის მოდელად და ორლულიან ტყვიამფრქვევად გადაკეთებას. გარდა ამისა, მან შეიმუშავა დჰირ-ღუნის ქვემეხის ახალი მოდელი, რომელსაც სახელი მისი ბაბუის, დჰირ შამშერ რანას საპატივსაცემოდ უწოდა. [5]
ბირ შამშერის დაღუპვის შემდეგ ტახტზე დევ შამშერ ჯანგ ბაჰადურ რანა ავიდა. გეჰენდრა შამშერი ბიძასთან მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებდა და ამიტომ მნიშვნელოვანი თანამდებობა დაიკავა სასახლეში (დაზვერვისა და პოლიციის უფროსის თანამდებობების ჩათვლით). ზოგიერთი ცნობით, სწორედ დევ შამშერის თხოვნით გაემგზავრა იაპონიაში იაპონური ტექნოლოგიების შესასწავლად, განსაკუთრებით ცეცხლსასროლი იარაღის წარმოების. თუმცა, თანამდებობის დაკავებიდან ექვს თვეში, დევ შამშერი, რომელმაც გამოაცხადა პროგრესული რეფორმების ფართო პროგრამა, დაამხეს მისმა ძმებმა, რამაც გავლენა მოახდინა გეჰენდრა შამშერის ბედზე.
გეჰენდრა შამშერი იდუმალებით გარდაიცვალა 35 წლის ასაკში. ვარაუდობენ, რომ ის შესაძლოა მოკლეს თავის რეზიდენცია სეტო დურბარში ჩანდრა შამშერის პრემიერობის პირველ წლებში, ვინაიდან ახალი პრემიერი უფრთხოდა გეჰენდრას პოლიტიკურ და სამხედრო გავლენას.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ JBR, PurushottamShamsher (1990). Shree Teen Haruko Tathya Britanta (ne). Bhotahity, Kathmandu: Vidarthi Pustak Bhandar. ISBN 99933-39-91-1.
- ↑ नेपालकै पहिलो वैज्ञानिक यस्ता थिए- रोचक तथ्य. ციტირების თარიღი: 2016-08-17
- ↑ Koselee's Social Studies and Population Studies, Grade 7.
- ↑ History of IOE. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-27. ციტირების თარიღი: 2016-08-17
- ↑ Walters, John (2005). Guns of the Gurkhas (en). Tharston Press. ISBN 978-0946696451.