გერმანიის კავკასიური ექსპედიცია
გერმანიის კავკასიური ექსპედიცია — სამხედრო ექსპედიცია, რომელიც გაგზავნა გერმანიის იმპერიამ სამხრეთ კავკასიაში, კავკასიის ფრონტის დროს (პირველი მსოფლიო ომი). 1918 წელს, მსოფლიო ომის მიმდინარეობის ბოლო წელს კავკასიაში მოვლენები ძალიან სწრაფად იცვლებოდა. ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ კავკასია, ფაქტობრივად, გამოეყო რუსეთს, ამასთანავე, კავკასიის ფრონტი დატოვა რუსულმა არმიამ, რომლის ჩანაცვლება მცირერიცხოვანმა კავკასიურმა ეროვნულმა შენაერთებმა დაიწყეს.
1918 წლის მარტში ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულებით ზურგგამაგრებულმა ოსმალებმა კავკასიის ფრონტზე წარმატებული შეტევა დაიწყეს. ამავე პერიოდში კავკასიური პოლიტიკა გაააქტიურეს გერმანელებმაც, მათი დაინტერესება კავკასიით განპირობებული იყო ომისთვის საჭირო ნედლეულის მიღებით; გეოგრაფიული პლაცდარმის შექმნით მომავალში თურქესტანსა და ინდოეთში ინგლისის წინააღმდეგ საბრძოლველად; ქართული სამოკავშირეო არმიის ჩამოყალიბებით. გერმანია გამოვიდა შუამავლად საქართველოსა და ოსმალეთს შორის და გერმანიის პროტექტორატით საქართველომ 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
გერმანიის კავკასიური ექსპედიცია 1918 წლის ივნისიდან დაიწყო, საქართველოში ჩავიდა რამდენიმე ათასი გერმანელი ჯარისკაცი,
მაისში ჩასული ორი გერმანული ბატალიონი შეივსო მძიმე არტილერიით, ნაღმმტყორცნებით, ჯავშანტექნიკით, თვითმფრინავით, კავშირგაბმულობის ოფიცრებითა და ორი მძლავრი რადიოსადგურით. შევსება უკრაინიდან ფოთში გემით რუმინეთის – ბრაილასა და კონსტანცას – გავლით ჩავიდა.
20 აგვისტოსთვის ჩასულთა რაოდენობა 5250 ოფიცერსა და ჯარისკაცს უტოლდებოდა. 1918 წლის ზაფხულში ოსმალურმა გერმანულმა და ბრიტანულმა სამხედრო ძალებმა ბაქოს დასაპყრობად ბრძოლა დაიწყეს. ამის გამო კავკასიას კიდევ უფრო მეტმა გერმანელმა სამხედრომ მიაშურა და 15 სექტემბრისათვის მათი რაოდენობა 19 000 იყო
მისიას ხელმძღვანელობდა გერმანელი გენერალ-მაიორი ფრიდრიხ კრეს ფონ კრესენშტაინი. მისიის შტაბი თბილისში იყო განთავსებული, მისიის ლეგაციის მდივანი იყო ფრიდრიხ შულენბურგი. გერმანული სამხედრო მისია არ ერეოდა საქართველოს შიდა საქმეებში, პირიქით, გერმანელი სამხედრო მრჩევლები ხელს უწყობდნენ ქართველებს შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების საქმეში, ასევე, ზოგიერთ სამხედრო ოპერაციაში ქართული ჯარის გვერდით გერმანელი ჯარისკაცებიც იბრძოდნენ.
გერმანული სამხედრო მისია კავკასიიდან გერმანელთა მიერ მსოფლიო ომის წაგების შემდეგ გავიდა. 23 დეკემბერს თბილისი უკანასკნელმა გერმანელმა ჯარისკაცმა დატოვა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სილაქაძე დ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 90-91.
- ბაუმგარტი ვ., ბარონი ფრიდრიხ კრეს ფონ კრესენშტაინი და გერმანული ინტერვენცია საქართველოში 1918 წელს // საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება ასი წლის შემდეგ, თბილისი: თსუ, 2018. — გვ. 184-204, ISBN 978-9941-13-771-6.
- ჯანელიძე ო., გენერალ ფონ-კრესის მემუარები და 1918-1921 წლების ქართული სინამდვილე // საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის ნარკვევები, თბილისი: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, 2018. — გვ. 86-107, ISBN 978-9941-8-0034-4.
- ასტამაძე გ., ქართულ-გერმანული ურთიერთობები 1918-1921 წლებში. დაარქივებული 2019-04-03 საიტზე Wayback Machine.