გერმანე მღვდელმონაზონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გერმანე.

გერმანე მღვდელმონაზონი (გ. 1739 წელი) — საეკლესიო მწერალი, თბილისის სიონის ეკლესიის მსახური, ვახტანგ VI-ის თანამშრომელი კულტურულ-მწიგნობრულ საქმიანობაში. 1710 წელს მისი რედაქტორობით დაიბეჭდა „კონდაკი“ (საეკლესიო საგალობლები). 1711 წელს მხედრული შრიფტით დაიბეჭდა მისივე წიგნი „სწავლა“ — ღვთისმეტყველების პირველი ქართული სახელმძღვანელო, რომელსაც XIX საუკუნემდე იყენებდნენ და ხელნაწერებითაც ამრავლებდნენ. გერმანე მღვდელმონაზონმა დიდი შრომა გასწია ქართული წერილობითი ძეგლების შეკრებისა და დაცვისათვის. მან მოიპოვა და განაახლა ვარძიის ხელნაწერი (მათეს თავის თარგმანება იოანე ოქროპირისა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტი, A-365). 1724 წელს გერმანე მღვდელმონაზონი ვახტანგ VI-ს გაჰყვა რუსეთში, სადაც განაგრძობდა სასტამბო მწიგნობრულ მოღვაწეობას. 1738 წელს მოსკოვში მისი რედაქტორიბით დაიბეჭდა „ზატიკი“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შარაშიძე ქ., პირველი სტამბა საქართველოში (1709-1722), თბ., 1955;
  • ლომინაძე ბ., ქსე, ტ. 3, გვ. 101, თბ., 1978