მხედრული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მხედრული (დამწერლობა))
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სიტყვას „მხედრული“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ მხედრული (მრავალმნიშვნელოვანი).
მხედრული დამწერლობის ერთ–ერთი ადრეული ნიმუში, ბაგრატ IV–ის სიგელი, XI საუკუნე
ანასეული ქართლის ცხოვრების ხელნაწერი, მხედრული დამწერლობის ნიმუში

მხედრული დამწერლობაქართული დამწერლობის განვითარების ბოლო საფეხური. იგი ნუსხური ასოების გამარტივების გზითაა მიღებული. ადრეული ნიმუშები უკვე X საუკუნიდან გვხვდება, მხედრულის პირველ ნიმუშად ატენის სიონის ერთ–ერთი წარწერა ითვლება, რომელსაც ზაზა ალექსიძე და გ. აბრამიშვილი 982–986 წლებით ათარიღებენ. უძველესია აგრეთვე ბაგრატ IV-ის ორი სიგელი (შიომღვიმისა და ოპიზის) XI საუკუნიდან. მხედრული დამწერლობით შესრულებული ადრეული ძეგლები ძირითადად ისტორიული საბუთების, ხელნაწერთა მინაწერებისა და წარწერების სახითაა წარმოდგენილი.

ტერმინი „მხედრული“ გვიანდელია და იგი პირველად XIV საუკუნეში დასტურდება. სიტყვა „მხედრული“ ამ პერიოდის ძეგლებში გამოიყენება „ხუცურის“ საპირისპირო მნიშვნელობით, როგორც საერო დანიშნულების დამწერლობა. მომდევნო საუკუნეებში მხედრული იმდენად იკიდებს ფეხს, რომ თანდათან ანაცვლებს ნუსხურს; აღსანიშნავია, რომ ზოგჯერ სასულიერო წიგნებიც იწერებოდა მხედრული ანბანით იმ მიზეზით, რომ საერო პირები ვერ კითხულობდნენ ნუსხურს.

ნუსხური დამწერლობა XIX საუკუნის მიწურულამდე გამოიყენებოდა, ამ დროიდან კი მხედრული დამწერლობა ბეჭდური საქმის დამკვიდრებისა და განვითარების შედეგად საყოველთაო ქართულ დამწერლობად იქცა. მხედრული დამწერლობის საფუძველზე შეიქმნა ქართული ბეჭდური მწიგნობრული შრიფტები.

მხედრულის გრაფიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : გარდამავალი მხედრული.
მარიამისეული ქართლის ცხოვრება, XVII საუკუნისათვის დამახასიათებელი მხედრული ხელი

X-XI საუკუნეების ადრეულ ძეგლებზე წარმოდგენილ მხედრულს ახასიათებს ნუსხური კუთხოვანი ფორმების მომრგვალება და ერთიანი კონტური თითქმის ყოველ ასოში. ასოთა განლაგება ოთხხაზოვან ბადეში ნუსხურის ანალოგიურია, თითქმის უცვლელადაა შენარჩუნებული ასოთა ფორმებიც, ძირითადი განსხვავება მომრგვალებულ მოხაზულობებშია. აღსანიშნავია, რომ ამგვარ ადრეულ ნიმუშებში ერთსა და იმავე ასოს განსხვავებული მოხაზულობა აქვს იმის მიხედვით, იგი ცალკემდგომია თუ გადაბმული სხვა ასოსთან; ცალკემდგომი ასოები, როგორც წესი, უფრო მეტად ინარჩუნებენ ძველ, ნუსხურის მსგავს მოხაზულობასა და მდებარეობას. ამის გამო ქართული დამწერლობის განვითარების ამ ეტაპს ალექსანდრე ცაგარელი და ივანე ჯავახიშვილი არ მიიჩნევენ მხედრულად და მას გარდამავალ საფეხურს, „მრგლოვან ნუსხა–ხუცურს უწოდებენ“. მათი მოსაზრებით მხედრული დამწერლობა XIV საუკუნისათვის ყალიბდება. დღეს მკვლევარები ამ თვალსაზრისს არ იზიარებენ და ითვლება, რომ დამწერლობის X-XI საუკუნეებში გავრცელებული ეს სახე უკვე შეიძლება მხედრულად ჩაითვალოს.

ფრაგმენტი ბაგრატის სიგელიდან.png

გარდამავალი მხედრულის მაგალითი, ფრაგმენტი ბაგრატ IV-ის სიგელიდან, XI საუკუნე.

„გურგენ : მეფეთა : მეფისაი : პაპისა : ჩემისა : ბ~გტ კურაპალა ...“

მომდევნო პერიოდში მხედრულის გრაფიკამ განვითარების რთული გზა გამოიარა, რის შედეგადაც მან შეიძინა ძირითადი განმასხვავებელი თავისებურებები, ასოთა მოხაზულობები მკვეთრად დაშორდა ნუსხურს. შეიცვალა რამდენიმე ასოს განლაგება ოთხხაზოვან სისტემაში; მაგალითად, ანმა ზემოთ აიწია და პირველ–მესამე ხაზებს შორის მოთავსდა, ონმა პირიქით — ქვემოთ ჩამოიწია და მესამე–მეოთხე ხაზებში მოექცა, ინის სამი კბილი გაერთიანდა, ანს ზედა კიდური თანდათანობით დაუმოკლდა, ასს პირველი კბილი ქვემოთ ჩამოუგრძელდა, ნი კი 180°–ით ამოტრიალდა და სხვა.

მხედრულის ჩამოყალიბების ერთ–ერთი მთავარი მიზეზი სწრაფი და გადაბმული წერისკენ მიდრეკილებაა. მხედრულით ნაწერ ძეგლებში ხშირად გვხვდება ასოთა კანონზომიერი გადაბმები (მაგალითად Mkhedruli-es.jpg — „ეს“, Mkhedruli-el.jpg — „ელ“, Mkhedruli-q'o.jpg — „ყო“, Mkhedruli-da.jpg — „და“, Mkhedruli-ve.jpg — „ვე“, Mkhedruli-ga.jpg — „გა“). ამგვარი გადაბმების ნაწილი შენარჩუნებულია პირველ ქართულ საბეჭდ შრიფტებში, თუმცა უმრავლესობა ბეჭდური წიგნის განვითარებასთან ერთად დაიკარგა და დღეს ხელწერაშიც იშვიათად გამოიყენება.

აღსანიშნავია, რომ ხუცურისაგან განსხვავებით, მხედრულში არ არსებობს მთავრული (დიდი) ასოები. XVIII საუკუნის ოციან წლებში ნიკოლოზ ორბელიანს, სულხან-საბა ორბელიანის ძმას ჰქონდა მცდელობა, რომ მხედრულში შემოეღო დიდი ასოები, თუმცა ისინი საყოველთაო ხმარებაში ვერ დამკვიდრდა.

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : დედაბრული ხელი.
დედაბრული ხელის ნიმუში

ქართული მხედრული დამწერლობის ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენს — დედაბრული ხელი, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, გურიასა და აჭარაში ჩამოყალიბდა.

დედაბრული ხელის სახელწოდება უკავშირდება იმ ფაქტს, რომ იგი ძირითადად ქალებს შორის იყო გავრცელებული. დედაბრული ხელით შესრულებულია როგორც პირადი წერილები (მაგალითად ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელნაწერი H-1258), აგრეთვე ისტორიული საბუთები (Qd-3351, Qd-3366, Qd-3578, Qd-3580) და ხელნაწერი — კარაბადინი (H-1258). არსებობს აგრეთვე დედაბრული ხელით შესრულებული წერილი თურქულ ენაზე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თ. გამყრელიძე, წერის ანბანური სისტემა და ძველი ქართული დამწერლობა, თბილისი, 1990
  • რ. პატარიძე, ქართული ასომთავრული, თბილისი, 1980
  • ივ. ჯავახიშვილი, ქართული დამწერლობათა-მცოდნეობა ანუ პალეოგრაფია, თბილისი, 1949
  • ე. მაჭავარიანი, ქართული ანბანი, თბილისი, 1977
  • ენციკლოპედია „ქართული ენა“, თბილისი, 2008