განათლება ბოსნია და ჰერცეგოვინაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

განათლებას ბოსნია და ჰერცეგოვინაში დიდი ისტორია აქვს. პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება აქ ღაზი ხოსრო-ბეგმა დააარსა 1531 წელს, სადაც სუფი ფილოსოფიას ასწავლიდნენ. 1887 წელს, ავსტროუნგრული ოკუპაციის დროს, დაარსდა ხუთწლიანი შარი'ათის სკოლა.[1] 1940-იან წლებში გაჩნდა სარაევოს უნივერსიტეტი, როგორც სეკულარული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. 1950-იანებიდან უკვე ხელმისაწვდომი გახდა მაგისტრატურა და დოქტორანტურაც.[2] ბოსნიის ომის დროს საგანმანათლებლო ცხოვრებას მძიმე ზიანი მიადგა, მაგრამ დღესდღეობით ქვეყანაში რამდენიმე უნივერსიტეტია – სარაევოში, მოსტარში, ბიჰაჩში, ტუზლაში, ზენიცაში და სხვ. ცენტრალური სამეცნიერო დაწესებულებაა ბოსნია და ჰერცეგოვინის მეცნიერებათა და ხელოვნებათა აკადემია.

საგანმანათლებლო სისტემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყანაში საგანმანათლებლო სისტემა სამსაფეხუროვანია:

  • დაწყებითი განათლება
  • საშუალო განათლება
  • უმაღლესი განათლება

დაწყებითი განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაწყებითი განათლება ქვეყანაში სავალდებულო და უფასოა ყველა ბავშვისთვის 6-დან 15 წლამდე. იგი სამსაფეხუროვანი ცხრაწლიანი პერიოდისგან შედგება. ეს სისტემა 2004 წლიდან იქნა დანერგილი, რომელმაც ძველი ორსაფეხუროვანი რვაწლიანი დაწყებითი განათლების სისტემა შეცვალა.

საშუალო განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საშუალო განათლებაც ასევე უფასოა. ის ზოგადი და ტექნიკური საშუალო სკოლების მიერ არის წარმოდგენილი, სადაც სწავლება 14 ან 15 წლიდან იწყება და სამ ან ოთხ წელს გრძელდება. მოსწავლეებს, ვინც ზოგადი საშუალო სკოლები დაამთავრეს, ეძლევათ საშუალება გააგრძელონ სწავლა უნივერსიტეტში მისაღები გამოცდების ჩაბარების შემდეგ, ტექნიკუმის მოსწავლეები კი პროფესიულ დიპლომს იღებენ.

უმაღლესი განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოსნია და ჰერცეგოვინაში არის რვა სახელმწიფო (90 ფაკულტეტი) და 22 კერძო უმაღლესი სასწავლებელი. 2007 წლის განათლების კანონით სახელმწიფო და კერძო დაწესებულებების დიპლომები გათანაბრებულია. სწავლება აქაც სამსაფეხუროვანია

  • ბაკალავრიატი – სამი ან ოთხი წლის სწავლების შემდეგ 180-დან 240 ECTS ქულამდე მფლობელს ეძლევა ბაკალავრის სტატუსი.
  • მაგისტრატურა – ორწლიანი კურსი, რომლის 120 ქულით დასრულების შემთხვევაში ბაკალავრი იღებს მაგისტრის სტატუსს.
  • დოქტორანტურა – სამწლიანი კურსია, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში მაგისტრი ხდება დოქტორი.

ორი სკოლა ერთ შენობაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოსნია და ჰერცეგოვინაში არსებობენ სკოლები, რომლებიც ერთ შენობაში ორ დამოუკიდებელ სასწავლო პროცესს ატარებენ. ასეთ სკოლებს ორი სკოლა ერთ შენობაში (სერბ.-ხორვ. Dvije škole pod jednim krovom; ორი სკოლა ერთი სახურავის ქვეშ) ეწოდებათ. ამ სკოლებში მოსწავლეები ეთნიკური ნიშნით არიან გაყოფილი – ხორვატი მოსწავლეები სარგებლობენ სკოლის ერთი შესასვლელით და ცალკე სასწავლო პროგრამით, ხოლო ბოსნიელი მოსწავლეები – მეორე შესასვლელითა და ცალკე სასწავლო პროგრამით. მოსწავლეების სამყოფელი გადატიხრულია. ამჟამად ქვეყანაში 57 სკოლაში მიმდინარეობს ამგვარი საგანმანათლებლო პროცესი. ეს ბოსნიის ომისა და თვითგამოცხადებული ჰერცეგ-ბოსნიის რესპუბლიკის მემკვიდრეობაა.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. University of Sarajevo on Sarajevo official web site
  2. History of University of Sarajevo
  3. Lowen, Mark. “Balkan divisions survive in Bosnian schools“, 1 April 2010.