გამტარი
ელექტრული გამტარი — მაღალი ელექტროგამტარობის მქონე სხეული, რომელშიც დიდი რაოდენობითაა თავისუფალი ელექტრული მუხტები (ელექტრონები, იონები). ეს მუხტები გადაინაცვლებს ელექტრული ველის გავლენით. გამტარის კუთრი გამტარობა ათეულ და ასეულ ათასობით ომ-1·სმ-1-ის ტოლია. საუკეთესო გამტარებია ვერცხლი, სპილენძი, ოქრო და სხვა ლითონები. ერთმანეთისაგან განასხვავებენ I და II სახეობის გამტარებს. I სახეობის გამტარებს (წმინდა ლითონები და ლითონთა შენადნობები) ახასიათებს ელექტრონული გამტარობა. ასეთ გამტარებში დენის გავლისას არ წარმოიქმნება ქიმიური პროცესები. II სახეობის გამტარებში (მარილები, მჟავები, ტუტეები) კი დენის გავლა ქიმიურ პროცესებს იწვევს ხოლო დენი წარმოიქმნება არა ელექტრონების არამედ დადებითი და უარყოფითი იონების გადანაცვლებით.
ყველა გამტარში არის მუხტი, რომელიც მოძრაობას იწყებს, როდესაც გამტარის ბოლოებზე არის ელექტრული პოტენციალების სხვაობის მოდული მეტი ნოლზე. დამუხტული ნაწილაკების ამ მოწესრიგებულ მოძრაობას ელექტრული დენი ეწოდება (ერთეული ამპერი). გამტარების უმეტესობაში გამავალი დენი მოდებული ელექტრული პოტენციალის პროპორციულია (ომის კანონი).
ტიპური გამტარები მეტალები არიან. ელექტრული სადენების დასამზადებლად ძირითადად სპილენძი გამოიყენება. ვერცხლი საუკეთესო გამტარია, მაგრამ გაცილებით ძვირია. ოქრო გამოიყენება ზედაპირებს შორის მაღალი ხარისხის გამტარებლობის მისაღწევად. არსებობს აგრეთვე არამეტალი გამტარები, მაგალითად გრაფიტი და მარილების ხსნარები. როგორც წესი კარგი გამტარია ასევე პლაზმა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 667.