გაგრის საუბრები
„გაგრის საუბრები“ — ქართველი აკადემიკოსის ივანე ბერიტაშვილის ინიციატივით დაარსებული ფიზიოლოგიური (ნეიროფიზიოლოგიური) კონფერენციები საქართველოს ქალაქ გაგრაში.
კონფერენცია დაარსდა 1948 წელს, რომელიც მიიზიდავდა სპეციალისტთა ვიწრო წრეს ნეიროფიზიოლოგიის ყველაზე მეტად აქტუალურ საკითხებზე მსჯელობისათვის. საბოლოოდ ამ კონფერენციებმა „გაგრის საუბრების“ სახელწოდება მიიღო. სპეციალისტების წრე მოიცავდა იმ დროისთვის მსოფლიოში ცნობილ ნეიროფიზიოლოგებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ყოფილი საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა წამყვანი სამეცნიერო დაწესებულებიდან.
1958 წლის იანვარში მოეწყო III „გაგრის საუბრები“, საერთაშორისო მონაწილეობით.
1969 წელს ივანე ბერიტაშვილის თავჯდომარეობით ჩატარდა VI გაგრის საუბრები, რომელიც მეხსიერების პრობლემას მიეძღვნა. გაგრის საუბრებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საბჭოთა ფიზიოლოგიის განვითარებაში, და მისი ეს სასიკეთო გავლენა, უთუოდ, როგორც აღნიშნა უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა დანიელ ვორონცოვმა, ივანე ბერიტაშვილის მეცნიერული და ორგანიზატორული მოღვაწეობის შედეგია.[1]
1948–1972 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეგიდით გაგრაში სულ 6 ასეთი კონფერენცია ჩატარდა. ივანე ბერიტაშვილის გარდაცვალების შემდეგ კონფერენცია მხოლოდ ორჯერ ჩატარდა. 1990-იანი წლებში აფხაზეთში განვითარებული მოვლენების შედეგად კონფერენცია აღარ ჩატარებულა.
გაგრის საუბრების აღორძინება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საყურადღებოა, რომ 2010 წელს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია IX „გაგრის საუბრები“, რომელიც უცვლელად მიეძღვნა ნეიროფიზიოლოგიის კარდინალურ საკითხებს. განახლებულ კონფერენციას ესწრებოდნენ აკადემიკოსი ვაჟა ოკუჯავა, პროფესორი ნარგიზ ნაჭყებია, აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა და სხვა. კონფერენციას ესწრებოდნენ ასევე უცხოელი მკვლევრებიც.[2]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Медицинская газета - Страницы истории დაარქივებული 2011-07-07 საიტზე Wayback Machine.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Д. С. Воронцов., Гагрские беседы, „Наука“, М., 1968;
- ივანე ბერიტაშვილი, ბიობიბლიოგრაფია, „მეცნიერება“, თბ., 1977.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Воронцов Даниил Семенович, Гагрские беседы, „Наука“, М., 1968, გვ. 10
- ↑ გაგრის საუბრების განახლება. www.rustaveli.org.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-12-08. ციტირების თარიღი: ოქტომბერი 19, 2010.